ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესი რუსეთის აგრესიაზე საუბარი?


უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, თბილისი, საქართველო. AP
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, თბილისი, საქართველო. AP

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამ დოკუმენტით პარლამენტი გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული". პარტნიორი სახელმწიფოს მხარდამჭერ რეზოლუციაში ნახსენები არ არის ის, თუ ვინ ემუქრება უკრაინის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან რა იწვევს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას.

„მხდალი და თავის დაძვრენის ტექსტი“, "სისაწყლისა და სიბეჩავის გამოვლინება"... - რეზოლუციაში რუსული აგრესიისა და ოკუპაციის საკითხის ხსენებისგან თავის შეკავება არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ გააპროტესტა და გააკრიტიკა. თუმცა, მათმა ნაწილმა რეზოლუციას მხარი იმ მოტივით დაუჭირა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულებისთვის გაესვა ხაზი, თუნდაც რუსეთის უხსენებლად.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რეზოლუციის ჯერ კიდევ პროექტის ტექსტზე საუბრისას თქვა, რომ მმართველ გუნდს „მცდელობა არ დაუკლია“ და შეიმუშავა ტექსტი, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად, „საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან“ გამომდინარეობს და „დაცლილია პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკისგან“.

„ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ამ ტექსტთან დაკავშირებით, ვერ მოგვედავება", - განმარტა მდინარაძემ.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, „დემოკრატიების დაცვის ალიანსის“ დირექტორის მოადგილე და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ სალვო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან „გონივრული და შესაბამისი“ პოზიცია, სწორედ კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმაა, რომ საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებელი და პროდასავლური კურსი სურს.

„საქართველოს მთავრობას ნამდვილად სჭირდება, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი სტრატეგიული ორიენტაცია და ის, რომ მას არ სურს იყოს რუსეთის ვასალი სახელმწიფო; რომ მას სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის გაგრძელება; რომ ის სრულად უჭერს მხარს უკრაინის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთ მწვავე სიტუაციაში, როდესაც ის განგრძობითი რუსული აგრესიის პირისპირაა. ვფიქრობ, ესაა ძალიან გონივრული პოზიცია საქართველოს მთავრობისთვის. ასევე, მისი დასავლური ორიენტაციის ნებისმიერი სახით კიდევ ერთი დადასტურება იქნება კიდევ ერთი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ საქართველოს არ უნდა უკარნახონ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგას. მაშინაც კი, როცა მისი ტერიტორია ოკუპირებულია. ვფიქრობ, ამის გაგება ქართველებისთვის მნიშვნელოვანია“, - განმარტავს სალვო.

საქართველოს მთავრობას ნამდვილად სჭირდება, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი სტრატეგიული ორიენტაცია და ის, რომ მას არ სურს იყოს რუსეთის ვასალი სახელმწიფო; რომ მას სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის გაგრძელება და სრულად უჭერს მხარს უკრაინის ახლანდელ ხელისუფლებას",
- დევიდ სალვო, GMF

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ევროპისადმი ამერიკის პოლიტიკის შესახებ მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, სალვო ამბობს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მავნე ქმედებების მხილებისგან თავის შეკავება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს „რუსეთის აგრესიის“ რეზოლუციის ტექსტში და უკრაინაზე საუბრისას პოლიტიკური ლექსიკონიდან გამოტოვება მაშინ, როდესაც საქართველოც უკრაინის მსგავსი გამოწვევების პირისპირაა. მისი აზრით, პირიქით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთსაც და თავის მოქალაქეებსაც კიდევ ერთხელ უნდა ეუბნებოდეს, ვინ არის ამ ისტორიაში „უარყოფითი გმირი“.

„ყველა შანსი, როცა რომელიმე ქვეყანას შეუძლია ნათელი მოჰფინოს სხვა ქვეყნის ცუდ საქციელს, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ ვიცით, ვინაა უარყოფითი მოქმედი პირი აქ. არავინ სხვა, თუ არა - რუსეთის ფედერაცია, რომელიც აგროვებს ჯარებს მეზობელი ქვეყნის საზღვართან პოტენციურად ახალი ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად. ვფიქრობ, თავის მოკატუნება, თითქოს ეს არ არის რუსეთი, არავისთვისაა სასიკეთო ამ კონკრეტულ მომენტში. ასევე მნიშვნელოვანია ამის მითითება, თქმა მოსახლეობისთვისაც: ნახეთ, რუსეთი ამ ვითარებაში არ არის მეგობრული მოთამაშე, და ის არც საქართველოსთვის იქნება. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული რას იგებს საქართველო ამ შემთხვევაში იმით, რომ ეს ქმედებები რუსეთს არ დაუკავშიროს“, - ამბობს დევიდ სალვო.

მაშინ, როდესაც დასავლეთი გამორჩეულად ერთიანია რუსული აგრესიის დაგმობის კუთხით, ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხმა მეტად უნდა ისმოდეს და ეს სწორედ ის დროა, როდესაც მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთი მხრივ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, მეორე მხრივ კი იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის მსგავსად საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული აქვს და ჰიბრიდული ომი საქართველოს მიმართაც გრძელდება.

„ჰერიტიჯის“ ფონდის საგარეო პოლიტიკის ელისონის ცენტრის დირექტორი და მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ ეს „ძალიან საშიში დროა საქართველოსთვის“.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ საქართველოშიც ვნახეთ „ბორდერიზაციის“ გააქტიურების მაგალითი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ასახოს ის განწყობა, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ხალხს, რომელიც მხარს უჭერს თავის უკრაინელ ძმებს და დებს, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინელებსა და ქართველებს ბევრი რამ აქვთ საერთო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია რუსულ აგრესიაზე. არ მგონია, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს იმის მითითების, რომ ამ აგრესიის წყარო რუსეთია. რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და არა - პირიქით. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და არა - პირიქით. რუსეთი აგრესორია, საქართველო და უკრაინა კი არიან მსხვერპლნი, და ამაზე მითითებას არ უნდა მოვერიდოთ“, - ამბობს კოფი.

ამერიკა და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ქვეყანაში ალიანსის ძალების გაგზავნას არ აპირებენ, რადგან უკრაინა არ არის ნატოს წევრი და მასზე ალიანსის ვალდებულება კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ არ ვრცელდება. თუმცა დასავლელი მოკავშირეები უკრაინას დიპლომატიურ, უკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, თანამედროვე სამხედრო ტექნიკითაც ეხმარებიან. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინასთან უსაფრთხოების საკითხებზე ახალი ალიანსის შექმნასაც კი გეგმავენ.

სალვო: "საქართველომ არ უნდა დაუშვას დემოკრატიული უკუსვლა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:08 0:00

ანალიტიკოსების აზრით, მაშინ, როდესაც რუსეთი ამა თუ იმ ქვეყანაში ტერიტორიული კონფლიქტების შექმნა-წაქეზებით მათ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას აფერხებს, სწორედ დასავლეთმა უნდა სცადოს ამ ქვეყნებთან პარტნიორობის ახალი, უფრო მჭიდრო და „შემოქმედებითი“ გზების მონახვა. თუმცა ამ პროცესში საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ წითელი ხაზი არა საოკუპაციო მავთულხლართზე, არამედ დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიაზე გადის:

არ მგონია, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს იმის მითითების, რომ ამ აგრესიის წყარო რუსეთია. რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და არა - პირიქით. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს და არა - პირიქით. რუსეთი აგრესორია, საქართველო და უკრაინა კი არიან მსხვერპლნი, და ამაზე მითითებას არ უნდა მოვერიდოთ",
- ლუკ კოფი, "ჰერიტიჯის" ფონდი

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს დასავლეთის პასუხისმგებლობაა, იყოს უფრო „შემოქმედებითი“ იმისთვის, რომ მონახოს საქართველო-უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი გზები“, - ამბობს დევიდ სალვო და განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად წლების განმავლობაში ბევრი გაკეთდა, ნატოს მხრიდანაც მეტი აქტიურობის გამოჩენაა საჭირო. თუმცა საქართველომ დასავლეთს არადემოკრატიული ნაბიჯებით დაეჭვების საბაბი არ უნდა მისცეს და არც მისი მოტივაცია უნდა შეამციროს:

„თუკი საქართველოსთვის შეზღუდულია იმის გზები, რომ გაუმკლავდეს ოკუპაციის პრობლემას, მაშინ ახლა ჩვენზეა მოვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ჩვენამდე უფრო ახლოს მოსვლაში მიუხედავად ოკუპაციისა. დასავლეთმა პარტნიორობის განსხვავებული გზები უნდა მოძებნოს, თუმცა ამასთან, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების გზა და არ დაუშვას დემოკრატიული უკუსვლა, რადგან დასავლეთი ყველა მიზეზს გამოიყენებს იმისთვის, რომ ოკუპაციის რეალობაში უფრო მჭიდრო კავშირის პირობები არ შექმნას. ასე რომ, დემოკრატიული უკუსვლა და კანონის უზენაესობის პრინციპების უპატივცემულობა არის ის საკითხები, რომლებსაც მართებულად წამოვწევთ ხოლმე წინ იმის გამო, რომ თუკი ეს გაგრძელდება, ეს მხოლოდ მეტ სირთულეს შექმნის ამ ტიპის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - განმარტავს დევიდ სალვო.

უკრაინელ პარლამენტართა ნაწილმა სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაამოვიდა სიტყვით, იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებმაც უკრაინას პოლიტიკური თუ სამხედრო მხარდაჭერა შესთავაზეს. მათ შორის საქართველოს დროშა არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG