ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველებს მარსზე ვაზის საკუთარი ჯიშის გახარება სურთ - "ვაშინგტონ პოსტი"


"თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? მეცნიერები საქართველოში მარსისთვის სრულყოფილ ყურძენზე ნადირობენ" - ამ სათაურით 7 იანვარს, ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" ემი ფარის-როტმანის სტატიას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ქართველი მეცნიერები უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ ვაზის რომელი ჯიში უნდა გაიგზავნოს მარსზე.

"თუ ერთხელაც მარსზე ცხოვრებას დავაპირებთ, საქართველომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწას ღვინო მისცეს, იგივე შეგვიძლია მარსზეც გავაკეთოთ" - ეუბნება "ვაშინგტონ პოსტს" ნიკოლოზ დობორჯგინიძე, საქართველოს კოსმოსის კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი, რომელიც ამავე დროს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველია.

პროექტის "მეცხრე მილენიუმი", რომელიც ამ საქმეს თაოსნობს, შთაგონების წყარო გახდა ელონ მასკი, კომპანია "სპეის-ექსის" მფლობელი, რომელმაც წელს კოსმოსში 19 რაკეტა გაუშვა. ექსცენტრიულმა მილიარდერმა და გამომგონებელმა 2016 წელს დაიტრაბახა, რომ 2024 წელს მარსზე ასტრონავტთა პირველ ეკიპაჟს გააგზავნიდა. ეს თარიღი მართალია, ნასას ყველაზე ოპტიმისტურ გათვლასაც კი 10 წლით უსწრებს წინ, მაგრამ საქართველოში შესაფერისი ვაზის ჯიშის ძებნა მაშინვე დაიწყო.

კომპანიას სახელად "კოსმოსური ფერმები" სხვა ხილ-ბოსტნეულთან და მარცვლეულთან ერთად, კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, გამძლე ვაზის ჯიშის შერჩევაც სურს. მცენარეთა ეს ჯიშები ვერტიკალური ფერმის ზრდის პრინციპით უნდა ხარობდეს და ისხამდეს ნაყოფს.

საქართველოში, თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი საკუთრ ბაზაზე ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს. მკვლევარები ვაზის ნერგების სხვადასხვა სახის ნიადაგზე გახარებას შეეცდებიან, ვიდრე მარსის ლაბორატორიულ პირობებში ნერგების ზრდის სიმულაცია და ჯიშების ადაპტაციის უნარზე დაკვირვება მოხდება.

ქართველი მეცნიერები თვლიან, რომ თეთრი ყურძნის ჯიშები მეტი გამძლეობით გამოირჩევა. თუმცა, ჯერ დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევია, რადგან პროექტის ქართველი მონაწილეები კვლევის დასრულებას, ყველაზე ადრე, 2022 წლისთვის ვარაუდობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG