ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უვიზო რეჟიმის გამოწვევა იუბილეზე: თავშესაფრის მაძიებლები და კრიმინალი


ერთი წლის მანძილზე შენგენის ზონაში საქართველოს 192 453 მოქალაქე 258 663-ჯერ შევიდა
ერთი წლის მანძილზე შენგენის ზონაში საქართველოს 192 453 მოქალაქე 258 663-ჯერ შევიდა

28 მარტს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე, შენგენის ზონის საზღვარი 192 453-მა საქართველოს მოქალაქემ 258 663-ჯერ გადაკვეთა, სხვადასხვა მიზეზით უარი საზღვრის კვეთაზე საქართველოს 1101 მოქალაქეს უთხრეს, რაც საერთო რაოდენობის 0,6%-ია.

ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირში ვიზის გარეშე მოხვედრა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეუძლიათ, რაც გულისხმობს უვიზო 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში; 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება როგორც გადაბმულად, ისე დღეების გადანაწილებით.

უვიზო 90 დღის ამოწურვამდე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შენგენის ზონა დატოვოს, ზედმეტად ერთი დღით დარჩენაც კი იწვევს უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას, რასაც ფულადი ჯარიმა, დეპორტაცია და ევროკავშირის ტერიტორიაზე შემდეგი მოგზაურობის შეზღუდვა მოჰყვება.

დღეისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დაარღვია უვიზო რეჟიმი და უკანონოდ დარჩა ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, ისლანდიაში) თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია:

2017 წელს, შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკის მატება გვქონდა 35%-ით, წინა წელთან შედარებით, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელსაც, იანვარ-თებერვალში, მთელ რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები ისევ მაღალია“
ვახტანგ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს, ამას ევროკომისიის 20 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმის საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორი ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წუხილი იყო გამოხატული.

სტატისტიკა და ციფრები არის მოკრძალებული ჩვენი თანამემამულეების მიერ ჩადენილ კრიმინალთან მიმართებით, უფრო მაღალია ციფრები საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით.

2017 წელს, თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკის მატება გვქონდა 35%-ით, წინა წელთან შედარებით, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელსაც, იანვარ-თებერვალში, მთელ რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები ისევ მაღალია.“

ის, რომ 2017 წელს შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა გაიზარდა, ამაზე ევროპის დევნილთა მხარდაჭერის ოფისისა (EASO) და ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის სტატისტიკაც მოწმობს. 2017 წელს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით ევროპის ქვეყნებში 11 569 განაცხადია შესული, თუმცა მათი უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა., რადგან ევროკავშირის 12 ქვეყანას საქართველო „უსაფრთხო ქვეყნის“ სიაში ჰყავს შეყვანილი.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ავსტრიიდან
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ავსტრიიდან

შენგენის ზონის მთელი რიგი ქვეყნების უკმაყოფილების გამო, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შეჩერებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრებით ცდილობს.

შსს-ში მზადდება კანონპროექტი რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ხელის შეწყობა დასჯადი გახდება. პასუხისგებაში მიეცემიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებს, უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი.

იუსტიციის სამინისტრო კი საქართველოში გვარის შეცვლის პროცედურას ართულებს, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში, იქ საიდანაც გამოაძევეს, ან სადაც შესვლა აკრძალული აქვთ. 2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა, აქედან 59-მა გვარი ორჯერ გამოიცვალა, ხოლო ერთმა მოქალაქემ კი 4-ჯერ.

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება ესპანეთში
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება ესპანეთში

პარალელურად, საქართველოს შსს ზრდის პოლიციის ატაშეების რაოდენობას შენგენის ქვეყნებში. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის შემდეგ პოლიციის ატაშეები ჩეხეთსა და ბელგიაშიც გვეყოლება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ამბობს, რომ ამ კონტრზომებმა 2018 წლის შემოდგომისთვის ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა და ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი უნდა შეამციროს:

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებებით, რომლებსაც ვატარებთ, შემოდგომისთვის თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის ტენდენცია კლებისკენ შეიცვლება“
ნინო ჯავახაძე, შსს მინისტრის მოადგილე

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებებით, რომლებსაც ვატარებთ, შემოდგომისთვის ეს ტენდენცია კლებისკენ შეიცვლება. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ საქართველოდან არავინ აღარ გავა, თავშესაფარს არ მოითხოვს ან დანაშაულს აღარ ჩაიდენს, მაგრამ ნელ-ნელა თვიდან თვემდე ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს.“

ოპოზიცია საქართველოს მთავრობის კონტრზომების მიმართ, რომლის მთავარი ამოცანა უვიზო რეჟიმის შენარჩუნებაა სკეპტიკურად არის განწყობილი. მათი აზრით, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა იქამდე არ შემცირდება, სანამ საქართველოში ეკონომიკური ვითარება არ გამოსწორდება, ხალხი არ დასაქმდება და ხელფასი-პენსია არ მოიმატებს.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილების შემდეგ გადაინაცვლა, მას შემდეგ, რაც ეს ცვლილება 2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ევროპის ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ
ევროპის ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ

XS
SM
MD
LG