ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიმინალი პატრიოტიზმის წინააღმდეგ


სტატისტიკა, იმის მაჩვენებლად, თუ რამდენად კანონმორჩილები არიან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოხვედრის შემდგომ, უკვე არსებობს. მაგალითად, თუ 2017 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი 204 ქართველი დაფიქსირდა, 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით ამგვარი 745 მოქალაქეა.

სახელმწიფოს მიერ გატარებული სპეციალური ზომების შემდგომ ტენდენცია კლებისკენ მიდის და უკანასკნელი თვეების მაჩვენებლები ამას მოწმობს. ოპტიმისტური პოზიციის თანახმად, საგანგაშო არაფერია და საქართველოს არ ემუქრება ვიზალიბერალიზაციის გარეშე დარჩენა, თუმცა არსებობს გარკვეული საფრთხეები, რამაც შესაძლოა ვითარება არასასურველი მიმართულებით შეცვალოს.

ამ საფრთხეებს შორის რუსეთი მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ქვეყნებში ჩადენილი კრიმინალური ქმედებების სტატისტიკა ნამდვილად მეტყველია, თუმცა ის არაა მოწინავე ამ თვალსაზრისით. ამის მიუხედავად თვალში საცემია კრიმინალის ხასიათი, რაც გამოხატულია ორგანიზებული დაჯგუფებების მხრივ და ასევე იმ ზარალიდან გამომდინარე, რასაც ეს ორგანიზებული ჯგუფები აყენებენ ცალკეული ქვეყნების მოქალაქეებს. ამ ყველაფერს თან ერთვის რუსული ინტერესი, რაც საკითხის კიდევ უფრო მეტად მუქ ფერებში წარმოდგენას და ამით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საფრთხის გაზრდას გულისხმობს.

„კვლევაში გვაქვს ნახსენები რუსული შესაძლო გავლენები ევროპულ დღის წესრიგზე... შევეცადეთ ხასი გაგვესვა რუსულ ფაქტორებზე, რაც აშკარად ჩანს ულტრა მემარჯვენე ფრთის გაძლიერებაში, რაც გამოირჩევა ნარატივით დააყენონ დღის წესრიგში ვიზა–ლიბერალიზაციის თემა. გერმანიის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ არის მთელი რიგი პარტიები, რომლებიც გამოირჩევნიან რუსეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით. მინისტრების დონეზეც კი ისინი აფიქსირებენ ხოლმე ამას. მაგალითად, სოციალ–დემოკრატიული პარტია გამოირჩევა რუსეთთან კარგი ურთიერთობით, ასევე თავისუფალი დემოკრატიული პარტია, რომელმაც გასულ თვეს დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ გერმანიამ უნდა გადახედოს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თემას. ამავე პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს დიდ რვიანში და სხვა,“– გვეუბნება მარიამ გრიგალაშვილი და გერმანიის მაგალითზე დაყრდობით დასძენს, რომ პარტიების შიგნით, მისი წარმომადგენლების დამოკიდებულებაგანსხვავებულია, რუსეთის მიმართ.

პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა არ ეფუძნება გადაჭარბებულ ან არაზუსტ შეფასებებს რაოდენობრივი თვალსაზრისით. „უნდა გავაცნობიეროთ, რაში გვაქვს ჩვენ პრობლემები, რასაკვირველია, რუსეთის ფაქტორის გამორიცხვა იქნებოდა ზედაპირული შეფასება, თუმცა რუსეთის ფაქტორი ესაა დამატებითი ინსტრუმენტი და არა მთავარი ინსტრუმენტი. მთავარი ამ შემთხვევაში გახლავთ ის რიცხვები, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ უკანონო მიგრაციასა და კრიმინალის თვალსაზრისით,“–ამბობს მარიამ გრიგალაშვილი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა ვიზალიბერალიზაციის გამოწვევების პოლიტიკური კონტექსტისა და სტატისტიკის ერთგვარ შეჯამებას ახდენს. საქართველო არ არის კრიტიკული ქვეყნების რიგში, სხვა ქვეყნების ფონზე კრიმინალის თვალსაზრისით, მაგრამ თუ შევადარებთ ამ მხრივ გასული წლების ჩვენსავე მონაცემებს, დავინახავთ, რომ სტატისტიკა მზარდია. შეშფოთების საფუძველს სწორედ ეს იძლევა და არა ის, რომ ვთქვათ, ალბანელები უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვიდრე ქართველები.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები 25–ე ადგილზე არიან დანაშაულის ჩამდენთა შკალაზე ევროკავშირის ქვეყნებში, მაინც ახერხებენ უფრო მეტი ზარალის მიყენებას ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ვიდრე სხვა ეთნიკური დანაშაულებრივი დაჯგუფებები. „სახლების, მაღაზიების გაქურდვა რიგით მოქალაქეებს უშუალოდ ეხება დასავლეთის ქვეყნებში და მათ უქმნის პრობლემებს“,– გვეუბნება მარიამ გრიგალაშვილი.

გოგიტა ღვედაშვილი, ევროკავშირის პროგრამების დირექტორი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრში ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსული ნარატივი განსხვავებული იყო ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე და მისი მიღების შემდგომ. „ვიზის ლიბერალიზაციის მიღების პროცესში, ასევე მის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლებისა და პრორუსული მედიის მხრიდან ვრცელდებოდა აგრესიული დისკუსია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ. თითქოს ილახებოდა საქართველოს მოქალაქეების რელიგიური, ეთნიკური უფლებები და ვიღაცმათ თავს ახვევდადასავლურ ღირებულებებს. ამბობდნენ, რომ საქართველო დაიცლებოდა, გადაიქცეოდა მომსახურე პერსონალად და სხვა, რაც იყო მომგებიანი ევროკავშირისთვის და არა საქართველოსთვის.

რუსული პროპაგანდა საუბრობდა, რომ საქართველო ვერ მიიღებდა უვიზო მიმოსვლას ევროპასთან და თუ მიიღებდა, ეს იქნებოდა მხოლოდ პროვილეგირებული პოლიტიკური ჯგუფებისთვის და არა რიგითი მოქალქეებისთვის,“– გვეუბნება გოგიტა ღვედაშვილი და აგრძელებს საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა რუსული რიტორიკა მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან. მესიჯები საპირისპიროა: „რუსულ მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს არალეგალი მიგრანტების შესახებ, რაც მიზნად ისახავს სკეპტიცისმის გაზრდას (რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ). ისინი ცდილობენ ემოციური მესიჯებით გავლენა მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების განწყობაზე, რადგან თუ შეექმნება პრობლემები ვიზალიბერალიზაციას, ეს ნიშნავს, ზოგადად ევროინტეგრაციის შეფერხებასაც“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მარტიდან–დეკემბრამდე პერიოდში შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90 დღიანი ვადა საქართველოს 10 330 მოქალაქემ დაარღვია, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, თუმცა ეს მონაცემი ზუსტი მაინც არ გახლავთ, რადგან ამ ეტაპისთვის სახელმწიფო ვერ ახერხებს გააკონტროლოს ამ ადამინებიდან რამდენი გადავიდა ეგრეთ წოდებულ მესამე ქვეყანაში, მაგალითად უკრაინაში, შენგენის ზონაში 90 დღის დაყოვნების შემდგომ.

კვლევის თანახმად, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და იტალია ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ქართული კრიმინალი ყველაზე მეტად აშფოთებთ. პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ–ერთი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ ამ ქვეყნებთან ინტენსიტურ, რეგიონების დონეზე კომუნიკაციასა და მუშაობას გულისხმობს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG