ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დამალული ფიგურები“ ქართულად


ანი თეთრაშვილი, ნინი ხუნძიყაშვილი და თამარ მიქელაძე 2016 წლის პოპულარულ ფილმს „დამალულ ფიგურებს“ (Hidden Figures) გაგახსენებთ. ფილმი შთაგონებულია შავკანიანი ამერიკელი ქალი მათემატიკოსების ნამდვილი ისტორიით, რომლებიც 1962 წელს ჯონ გლენს ორბიტაზე გამგზავრებაში დაეხმარნენ. გლენი პირველი კოსმონავტია, რომელმაც დედამიწას შემოუარა.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ სახლში ვართ, დავალებას ვაკეთებთ და გვინდა ცდის ჩატარება, ეს რობოტი ლაბორანტი მოგვცემს ამის საშუალებას
ანი თეთრაშვილი

მოქმედება 1961 წელს ხდება - NASA-ში (შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია). ქალები ხომალდის ტრაექტორიას ითვლიან და ორბიტაზე პირველი კოსმონავტის გასაგზავნ მისიაზე მუშაობენ. იმის მიუხედავად, რომ სამი შავკანიანი ქალი ამ მისიის მთავარ „ტვინებად“ მოიხსენიება, თავის დროზე, ნასაში მათ ხან ყავის დასხმას სთხოვდნენ, ხანაც შავკანიანებისთვის განკუთვნილ საპირფარეშომდე დღეში რამდენიმეჯერ 10-15 წუთი სავალის გზის გავლა უწევდათ. ქეთრინ ჯონსონის, დოროთი ვონის და მერი ჯექსონის ისტორია ამერიკელი ქალების თაობებისთვის შთაგონებად და მაგალითად იქცა.

ანი თეთრაშვილი, ნინი ხუნძიყაშვილი და თამარ მიქელაძე ნასაში ჯერ არ მუშაობენ. ანი 15 წლისაა და თბილისის "მწვანე სკოლაში" სწავლობს, ნინი და თამარი კი სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მეთორმეტე კლასელები არიან. „დამალული ფიგურების“ პერსონაჟების მსგავსად, მათემატიკა უყვართ, ნასაში ფართოდ-გახელილი თვალებით დადიან და სჯერათ, რომ STEM (ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო) სპეციალობებში არ მოიწყენენ, რადგან „სამყაროს შეიცნობენ“.

ანი, ნინი და თამარი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებულები არიან და ჯილდოდ ტეხასის შტატში, ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს. მსგავსი კონკურსი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ საქართველოში მეოთხედ ჩაატარა, გამარჯვებული გუნდები ორჯერ ფლორიდაში კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ორჯერ კი ჯონსონის სახელობის ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში ჩავიდნენ.

ანი ყვება, რომ ამერიკაში მოხვედრაზე ყოველთვის ოცნებობდა, „ოცნება უფრო დიდი და უფრო რეალური მაშინ გახდა, როდესაც ამ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და ნასაში წასვლა არა მხოლოდ ოცნება იყო, არამედ დასახული მიზანი სამი ჩვეულებრივი გოგონასთვის“, ამბობს ის.

ასეთ სფეროში პირველობა, შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვს
თამარ მიქელაძე

ნინისთვის ამერიკა ყოველთვის საინტერესო და ამოუცნობი ადგილი იყო. „მამა რომ იტყოდა ამერიკაში გაგაფრენსო, სულ მაინტერესებდა რა იყო ამერიკა, სად იყო ის. მერე გავიგე, რომ ძალიან დიდი ქვეყანა იყო, რომ ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. ეს ფილმებიდან ვიცოდი. ახლა ვიცი, რომ აქ ბევრი კარგი უნივერსიტეტი და კვლევითი ლაბორატორიაა, ვიცი რომ ეს ქვეყანა გაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას და განვითარების საშუალებას“.

გამოგონება, რომელმაც გოგოები ნასაში ჩამოიყვანა მათ მიერ შექმნილი „რობოტი ლაბორანტია“. STEM-ის წრეზე, მენტორ დავით სონღულაშვილთან მუშაობის შედეგად გოგონებმა ოთხი რობოტი გამოიგონეს.

„ერთი რობოტი ჰიდროსტატიკაზე მუშაობს და ადგენს სხეულის სიმკვრივეს, მეორე რობოტი ბგერითი სიჩქარის დადგენაში გვეხმარება, მესამე - ხაზავს ელექტრულ სქემებს და მეოთხე საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ეს დაზახული სქემები“, გვიხსნის ანი და გვეუბნება, რომ ამ რობოტების მეშვეობით, ადამიანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ცდების და ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარება.

„საქართველოს ბევრ სკოლაში საერთოდ არ არის ლაბორატორია. სადაც არის, ჩვენ არ გვაქვს საშუალება ჩავატაროთ ცდები, ამას ძირითადად აკეთებს მასწავლებელი. განვიცდიდით ამ დანაკლისს, გვინდოდა ჩვენით ჩაგვეტარებინა ცდები. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ სახლში ვართ, დავალებას ვაკეთებთ და გვინდა რამე ცდის ჩატარება, რობოტი ლაბორანტი მოგვცემს ამის საშუალებას და საქმეს გაგვიადვილებს“ ამბობს ანი.

ანის ნაამბობი ფილმის კიდევ ერთ მონაკვეთს გვახსენებს, სადაც ქეთრინ ჯონსონს ავალებენ დაადაასტუროს იმ მონაცემების სისწორე, რომელზეც მას წვდომა არ აქვს. „მე ვერ ვიმუშავებ იმაზე, რასაც ვერ ვხედავ“ - უცხადებს უფროსს ჯონსონი და ასე მოიპოვებს მანამდე მისთვის აკრძალულ დოკუმენტებს.

ანი, ნინი და თამარი 60-იანი წლების ამერიკაში არ ცხოვრობენ და კანის ფერის გამო, ცალკე ოთახში ან შენობაში მუშაობა არ უწევთ. მაგრამ, როგორც თამარი ამბობს, ტექნიკურ სფეროებში გოგოებს აღიარების მოსაპოვებლად ხშირად ორმაგი შრომა სჭირდებათ.

„არის რაღაც სტერეოტიპები, რაც ხელს გვიშლის. მაგალითად, ბიჭებისთვის უფრო ადვილია აღიარების მოპოვება, ჩვენ უფრო ბევრის დამტკიცება გვიწევს და ორმაგად გვიწევს მუშაობა. ჯერ იმის დასამტკიცებლად, რომ გოგოებსაც შეუძლიათ და მერე იმის, რომ უშუალოდ ჩვენ შეგვიძლია. ასეთ სფეროში პირველობა, შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვს“.

მათ შეუძლიათ გაბედონ და მიაღწიონ ყველაფერს, რასაც ისურვებენ
ქეისი ჰანსი, განათლების პროგრამის მენეჯერი

ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრი, სადაც ქართველმა მოსწავლეებმა ამერიკელ და დანიელ თანატოლებთან ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს, წელიწადში მილიონამდე დამთვალიერებელს მასპინძლობს. აქვე გადიან საბოლოო წვრთნებს ასტრონავტები. ნასას ამ ცენტრიდან იმართებოდა 1969 წლის ისტორიული, მთვარეზე ადამიანის დაშვების მისია. „ჰიუსტონ, არწივი დაეშვა“ - ამ სიტყვებით მიმართა საკონტროლო ოთახს მაშინ ნილ ამსტრონგმა და მთვარეზე ფეხი პირველად დადგა.

„ჩვენი მისიაა მსოფლიოში უმაღლესი დონის კოსმოსის და მეცნიერების შემსწავლელი ცენტრი ვიყოთ, ჩვენი მიზანია ყველა თაობის წარმომადგენლები წავახალისოთ მონაწილეობა მიიღონ გამოკვლევებსა და ექსპერიმენტებში. ამ საზაფხულო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან STEM აქტივობებში და ეცნობიან STEM სპეციალობებს. სწავლობენ გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციას, მენეჯმენტს, ბიუჯეტის მართვას - ეს უნარები კოსმოსის სფეროში მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ ამბობს კოსმოსური უნივერსიტეტის განათლების პროგრამების მენეჯერი ქეისი ჰანსი.

ჰანსი კოსმოსური ცენტრის საგამოფენო დარბაზში პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალის - სალი რაიდის ფოტოს გვერდით დგას და ამბობს, რომ ქართველი მოსწავლეები „არაჩვეულებრივები იყვნენ“ და რომ მსგავს პროგრამაში მონაწილეობით „გოგოები იგებენ, რომ ამ ყველაფრის მიღწევა მათაც შეუძლიათ, მათაც შეუძლიათ გახდნენ ასტრონავტები, იყვნენ მეცნიერები, ინჟნრები.. მათ შეუძლიათ გაბედონ და მიაღწიონ ყველაფერს, რასაც ისურვებენ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG