ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. გადაწყვეტილების შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - თქვა პრეზიდენტმა.

"მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

19 ივნისის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამ ნაბიჯს თბილისში ამერიკის საელჩოს გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება“, - განაცხადა საელჩომ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG