ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შანსები ევროკავშირის წევრობაზე და პრეზიდენტის კონტრიბუცია


პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოლოდინში.
ევროპარლამენტი, ბრიუსელი
პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოლოდინში. ევროპარლამენტი, ბრიუსელი

პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვისა და საქმისადმი საზოგადოების ინტერესი, ბოლო პერიოდში მაღალია. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რითაც მმართველი გუნდი კმაყოფილი დარჩა, ოპოზიცია კი უკმაყოფილო, ზურაბიშვილმა რამდენიმე უცხოურ მედიას ინტერვიუ მისცა. ინტერვიუებში გაჟღერებულმა აქცენტებმა პრეზიდენტისადმი გარკვეული მოლოდინი კვლავ დაბადა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი საზოგადოებას ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს და ორივე პრეზიდენტის დისკრეციული უფლების - შეწყალების გამოყენებასთანაა მიბმული. ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ის ორი ადამიანია, რომელთა მიმართ შეწყალების აქტის ხელმოწერას ითხოვენ.

2 ივნისს FRANCE 24-ში სტუმრობისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების გამო, საქართველომ ზიანი უკვე განიცადა და ამაში ბრალი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიუძღვის.“შევიწყალებ თუ არა ახლა მას, ეს ამ ზიანს არ შეამცირებს,“- დაამატა ზურაბიშვილმა. მან პირველად გააჟღერა იმის შესახებაც, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების თაობაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. „არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რაც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც მან წინა დღით LCI-ს მისცა, ზურაბიშვილმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რამდენად მოქმედებს მასზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - „შემაშფოთებელია, რომ მან წონაში ასე დაიკლო. მე პირველი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს“.

პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან კიდევ ერთხელ ახსნა, რომ დისკრეციული უფლება არის დისკრეციული უფლება და არ აპირებს ამ საკითხზე განხილვაში შესვლას, რადგან ისედაც ძალიან ბევრი მოქალაქისგან იღებს შეწყალების თაობაზე წერილებს.

ბრიუსელში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 მაისს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და ამგვარი ფორმით მოითხოვეს პრეზიდენტისგან შეწყალების უფლების გამოყენება.

ბრიუსელში ჩასულ ზურაბიშვილს კი მოქალაქეები ევროპარლამენტში დახვდნენ ტრანსპარანტებით და ანალოგიური მოთხოვნით. ემიგრანტების სხვადასხვა ჯგუფები საგანგებოდ მობილიზდნენ, მათთან ერთად უცხოელი დიპლომატები და ევროპარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ. გაერთიანებული ძალისხმევით მათ სურდათ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყურადღების მიქცევა იმ საკითხისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პოზიტიურ განწყობას შექმნიდა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან უფრო ახლოს მიიყვანდა ქვეყანას.

ანალოგიური მოთხოვნა 2 ივნისსაც გაჟღერდა, ამჯერად ბულგარეთის უკრაინული დიასპორის მხრიდან. მათ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით საქართველოს საელჩოს მიმართეს ბულგარეთში.

უკრაინელი და ქართველი ემიგრანტები ურთიერთთანამშრომლობას ახერხებენ და ცდილობენ საერთო ძალებით, საერთო საქმე გააკეთონ. ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ბრიუსელიდან კრისტინა პიტალსკაიამ ისაუბრა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ტრანსპარანტით დახვდა. „აქ ბევრი ემიგრანტია. ყველასთვის მძიმეა იმ სურათის დანახვა, რაც საქართველოში ხდება. ბოლო დროს, გადავწყვიტეთ, გარკვეულწილად, ორგანიზებული ხასიათი მიგვეცა ჩვენი აქტივიზმისთვის და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც „Promote Georgia” დავარქვით. ეს სახელწოდება ტყუილ-უბრალოდ არ შეგვირჩევია. უკრაინელები მოიქცნენ ასე 2014 წელს, მათ შექმნეს “Promote Ukraine”. ახლა ჩვენ, ორივე, უკრაინელების და ქართველების ჯგუფები ვეხმარებით ერთმანეთს იმისთვის, რომ რამენაირად წინ წავწიოთ საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი,“- გვეუბნება კრისტინა პიტალსკაია.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია, ამბობს, რომ ევროკავშირი, საქართველოსთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესშია და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. „ასეთი საგარეო პოლიტიკის ფონზე, როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ვიწყებთ რუსეთთან თანამშრომლობას (სახეზეა, პირდაპირი ფრენების აღდგენა), ბუნებრივია, შეკითხვა იბადება, თუ საით მიდის საქართველო. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება ცდილობს და ელოდება, რომ ევროკავშირმა უთხრას უარი საქართველოს. ქვეყანას აქვს რეპუტაციული ზიანი. მე მაინც ვიტყოდი, რომ შანსები 50-/50-ზეა. წლის ბოლომდე კიდევ არის დრო და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეძლებს ამ 12 პუნქტის შესრულებას საქართველო. ფაქტია, რომ მათგან, მინიმუმ ორი, ალბათ, ვერ შესრულდება - დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. რადგან ეს თითქმის შეუძლებელია, დღევანდელი მოცემულობით. შუალედური შეფასება რომ გამოვა, იქ უფრო გამოჩნდება ევროკავშირის ხედვა, ამ მიმართულებით. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მომდინარე რიტორიკის გამო, საქართველოს შესახებ დადებითი იმიჯის კონსოლიდაციას დასავლეთში ხელი ეშლება,“- მიიჩნევს კორნელი კაკაჩია, რომელიც პირადად დაესწრო ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში.

კორნელი კაკაჩია, პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00

ევროინტეგრაცია და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, რომელიც საქართველოსთვის ერთგვარი ბილეთია ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, გვეუბნება კრისტინა პიტალსკაია. ის და მისი თანამოაზრეები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელში ხედავენ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულების გასაღებს, რაც დეპოლარიზაციას ეხება.

„11 მაისს მივმართეთ საელჩოს ბრიუსელში, რათა ეშუამდგომლათ პრეზიდენტთან, რომ მას დიასპორის წარმომადგენლები შევხვედროდით, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ დავორგანიზდით ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე მოხვედრისთვის. ველოდეთ პეზიდენტს, დაახლოებით 2 საათი, მაგრამ პრეზიდენტი ჩვენთან არ გაჩერდა. ჩვენი მიზანი იყო, ევროპელებისთვის და პრეზიდენტისთვის გვეთქვა რომ მას შეუძლია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პოლიტიკური პატიმრების შეწყალების გზით. ესაა ის, რაც ბრიუსელში, ყოველ დღე, გვესმის მათ, ვინც ვმუშაობთ ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან და სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან. შეწყალების აქტი ძალიან დაგვეხმარება, რეკომენდაციების შესრულების მხრივ. საქართველოს პრეზიდენტს აქვს რეალური ბერკეტი ხელში, რომლის გამოყენება შეუძლია,“- გვეუბნება კრისტინა პიტალსკაია.

კრისტინა პიტალსკაია, „Promote Georgia”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00

„ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ლაპარაკს და არა საქმეს, პრეზიდენტის მხრიდან. ესაა ერთგვარი ბუნდოვანების შეტანა დასავლეთში, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლებაში არის ჯგუფი, რომელიც ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება, მაგრამ არის მეორე ჯგუფიც, რომელიც ევროინტეგრაციას ემხრობა,“ - გვეუბნება რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

მისი აზრით, ესაა „იმ ერთი პიროვნების თამაში, რომელიც ყველაფერს მართავს საქართველოში. ამ ბუნდოვანების შემოტანა მას საქართველოს შიდა სივრცეშიც სურს. 80,90 პროცენტი არის ევროინტეგრაციის მომხრე და მთლად დასავლეთის წინააღმდეგაც ვერ წავლენ. თანაც, მათ სურთ, შეინარჩუნონ „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პროდასავლელები, რომ ისინი არ გადავიდნენ ოპოზიციაში. ხრიკია, რასაც აკეთებს ზურაბიშვილი ამ პერიოდში. ესაა ერთგვარი მანევრირება, თუმცა მგონი, მანევრირების დრო წასულია. დროა, ევროპაშიც ყველაფერი გარკვევით და ცხადად ითქვას. ორ სკამზე ჯდომა, კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. პრემიერი, ფაქტობრივად, აკეთებს ნატოს წინააღმდეგ განცხადებებს და მოსკოვის ყველაზე პირწავარდნილი პროპაგანდისტების ნარატივს იმეორებს, რომ ნატოს გაფართოებამ გამოიწვია ომი უკრაინაში. სალომეს გამოსვლები კი პირს წმენდს პრემიერს. ასე დაგეგმა მან, ვინც პროცესებს მართავს საქართველოში,“- მიიჩნევს ზურაბ ბატიაშვილი.

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:39 0:00

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტარები „ქართული ოცნებიდან“ ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო ყველა ნაბიჯს დგამს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოსაპოვებლად და რომ არ არსებობს შემაფერხებელი ფაქტორი, საქართველოს მხრიდან, ამ მიმართულებით. ეს გზავნილი გააჟღერა პრემიერმა ღარიბაშვილმა როგორც ბრატისლავაში, ისე მოლდოვაში ვიზიტებისას. „ჩვენი მოლოდინები ფორმირდება იმ დოკუმენტებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, რასაც ვიღებთ ევროკავშირისგან. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ ქვეყანა ასრულებს რეკომენდაციებს და გეოპოლიტიკურ სურათში, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭება,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოვის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ.

UKRAINE-CRISIS/EU-GEORGIA
UKRAINE-CRISIS/EU-GEORGIA

პარლამენტის თავმჯდომარე სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველო არათუ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, არამედ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ევროკავშირი სრულად აცნობიერებს თავის გეოპოლიტიკურ როლს, როგორც ფართოდ, ევროპაში, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ახლა მთავარი ნაბიჯია დარჩენილი. ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ უკვე აღარაა საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე. საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე. ჩვენ დასავლეთს ერთი რამ ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში, ლიდერი ასოცირების ტრიოში, ლიდერი იმ პოზიციებზე, რაზეც არიან სხვა კანდიდატი ქვეყნები. მიზეზი სტატუსის არ მონიჭების - არ არსებობს,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2 ივნისს.

ივნისში ევროკავშირი შუალედურ შეფასებას გამოსცემს, სადაც ასახული იქნება საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ის, თუ როგორ სრულდება 12 პუნქტიანი გეგმა. ამის შემდგომ, საქართველოს წლის ბოლომდე ექნება დრო ხარვეზების აღმოფხვრისთვის. საბოლოოდ, ამ პროცესით, გადაწყდება, მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველო.

XS
SM
MD
LG