ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რიში იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა


ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, სენატორი რიში იმედს გამოთქვამს, რომ პარტიები თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ, შეთანხმებას ხელს მოაწერენ და საქართველოს პარლამენტში მუშაობას დაიწყებენ.

„მოხარული ვარ იმით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლებულია პატიმრობიდან. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომელიც ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებას ისახავდა მიზნად. ახლა, როდესაც ბატონი მელია თავისუფალია, მოველი, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც გასული თვის შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად, რათა დახურონ ეს არეული თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში“, - წერს სენატორი ჯიმ რიში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და მან ციხე 10 მაისს დატოვა. გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, ამ საკითხზე პარტიაში ჯერჯერობით ერთობლივ პოზიციებზე არ საუბრობენ.

11 მაისს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაციის დაწყებაზე ინფორმაცია გაავრცელა. როგორც მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, სტრასბურგის სასამართლომ კითხვები გაუგზავნა საქართველოს მთავრობას. ადვოკატი ამბობს, რომ ევროსასამართლო იულია ტიმოშენკოსა და ალექსეი ნავალნის საქმეებსაც ახსენებს.


ამ საქმეს გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროც. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან" და რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა.

"საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს... 2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG