ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური მონოპოლია - თამაში დიდებისთვის


ქართულ პოლიტიკაში შიდა დუღილის ტემპერატურამ იმატა. ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ, კონფრონტაციამდე მისული დაპირისპირების შეწებებას „ქართულ ოცნებაში“ ორი დღეა პარტიულ შეკრებებზე ცდილობენ. ეკა ბესელია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თანამოაზრეებთან ერთად, „პარლამენტის თავმჯდომარის გუნდს“ დაუპირისპირდა. მან არ მიიღო მოსამართლეების ის სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

სანამ დაპირისპირება უშუალო გახლეჩვამდე მივიდოდა, პარტიაში შიდა შეკრებები ჩანიშნეს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დისკუსიებსა და მოსაზრებების გაცვლას ჰქონდა ადგილი, შეხვედრებზე, მედიისთვის დახურულია. ყველაზე სრულყოფილი კომენტარი იმის თაობაზე, შედგა თუ არა შერიგების პროცესი პარტიაში და რა პოზიცია დაიკავა მასში პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს ინფორმაციას, ხუნდაძემ თქვა:ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭირა მთელ გუნდს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს.“

ზოგადი მოცემულობა ორდღიანი შეხვედრების შემდეგ კი ასეთი გახლავთ: შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსებიდან უკმაყოფილო განწყობის დაფიქსირების ინიციატივა არავის გამოუვლენია.

„ქართული ოცნების“ პარტიული შეკრების პარალელურად, ასევე წარმომადგენლობითი შეხვედრა შედგა „სხვა მხარეს“. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ სასტუმრო "რუმსში" თითქმის ყველას (ყველას მინუს „ოცნება“ და „პატრიოტები“) მოუყარა თავი. მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს. შეხვედრის მთავარი თემა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას დაუკავშირდა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და ამ მიმართულებით ერთიანი მუშაობის აუცილებლობა - ასეთი რეზულტატი დადო კონფერენციამ. ყველა შეთანხმდა, რომ მილიონი ხელმოწერა უნდა მოგროვდეს ამ ცვლილების მისაღწევად 2020 წლის არჩევნებისთვის.

რუსთავი 2-მა კონფერენციაზე მმართველი პარტიაც მიიწვია იმისთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე ერთად ემსჯელათ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მიწვევა არ მიიღო. „პოზიციები ძალიან კონფრონტაციულია და გამორიცხულია, მათ ერთად იმსჯელონ. ერთად რომ დამსხდარიყვნენ, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ რაღაც შეცვლილა ქვეყანაში ფუნდამენტურად, მაგრამ არაფერი მსგავსი არ იგრძნობა,“- გვეუბნება, დავით დარჩიაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ამ ორი შეკრების შეფასება ვთხოვეთ.

დავით დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ ელექტორატის გამოღვიძებისთვის პარტიებს დიდი შრომა მოუწევთ: „მმართველი გუნდისთვის მოსამართლეთა თემა ძალიან ზედაპირულია, მათ ეს არ ადარდებთ, მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის რა შეიძლება იყოს უკეთესი, ეს აღლევებთ. თუ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მოსამართლეთა სიის დამტკიცება იქნება უკეთესი, დაამტკიცებენ, თუ არ იქნება უკეთესი, არ დაამტკიცებენ. ამაზე ფიქრობს, როგორც პირობითად, ბესელიას ფრაქცია, ისე მეორე (კობახიძის) ფრაქცია. ივანიშვნილი კი წონის, რომელი ფრაქცია შეიძლება უფრო ახლოს იყოს ხელისუფლების შენარჩუნების ფორმულასთან,“- გვეუბნება დავით დარჩიაშვილი.

მისი პროგნოზი მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო გამოჩენის შესახებ პესიმისტურია და ამ მოსაზრებას საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებული მაგალითებით ამყარებს: „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველო ყოველთვის ორ პოლიტიკურ ბანაკადაა გაყოფილი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი ბანაკები გავაიგივო 89, 91, 92 წლის მდგომარეობასთან, მაგრამ ორ ბანაკად დაყოფის ტრადიცია მაინც გრძელდება და მისი შეცვლა ვერაფრით მოხერხდა. გარკვეული პირობითობების დაშვებით, სქემატიზმის ხარვეზების გათვალისწინებით, გამსახურდიას ხაზი გადადის სააკაშვილის ხაზში, ხოლო შევარდნაძის ხაზი -ივანიშვნილის ხაზში. ეს საკმაოდ საშიში დაყოფაა, ის საზოგადოებას მუდმივად სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ამყოფებს და განვითარებასაც ხელს უშლის. შუაში, ზოგჯერ არის რაღაცის მცდელობები, მაგრამ არაფერი აქედან არ გამოდის 27 წელია. ახლა გამოვა რამე? მე ეჭვი მეპარება. სანამ ეს ორი ბანაკი არ მიხვდება, რომ შვილებს არ უნდა გადაულოცონ თავისი პოლიტიკური ბოღმები, მანამდე მეეჭვება მესამე ძალა გამოჩნდეს“.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს: ვხედავთ, რომ ორივე პარტია, დაანონსების გარეშე გადავიდა 2020-ის რეზჟიმში და დაიწყეს ორგანიზაციული, სტრუქტურული მზადება იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იყონ ფორმაში. ქართული ოცნება არკვევს, ვინ იქნება ის მთავარი, წარმმართველი ჯგუფი, ვინც პარტიას წაიყვანს არჩევნებზე. როგორც დალაგდება ძალები ქართულ ოცნებაში დღეს, ამ განაწილებით ჩაერთვება პარტია წინასაარჩევნო ბატალიებში. გარეთ რა ნახევარ-ფაბრიკატი ფრაზები გამოდის, ეს არადამაჯერებელია. არამგონია, ასეთ თემებზე ორდღიანი პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაეტარებინა პარტიას.“

რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციაც ამ სქემაში ჯდება, აქაც მთავარი აქცენტი საპარლამენტო არჩევნებზე: როგორ უნდა მოემზადონ პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი და მედია მისთვის - მიიჩნევს ზვიად ქორიძე და დასძენს, რომ ეს არ იქნება იოლი არჩევნები.

ცალსახად გამოიკვეთა ასევე პოლარიზაციის ტენდენციები. „კონფერენციაზე არ მივიდა „ქართული ოცნება“, არ მივიდა „პატრიოტთა ალიანსი“, არ მივიდა ტელეკომპანია „იმედი“ და „მაესტრო“ - ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მწვავე პოლარიზაცია. ამ ორ პოლიტიკურ ძალას სხვა რესურსი არ გააჩნია. ქართულ ოცნებას არ სურს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული ელექტორალური ხმები არ დაკარგოს,“- გვეუბნება ზვიად ქორიძე და საუბარს აგრძელებს ერთგვარი მარკერების შესახებ. ჟურნალისტი მათ „ცრუ მანევრებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ქართული ოცნებიდან ასეთები კიდევაა მოსალოდნელი: „ასეთი იყო, ჩემის აზრით, მოსამართლეების სიის საკითხი. მმართველ გუნდს ამ მოსამართლეების დანიშვნის დიდი სურვილი ჰქონდა, სანამ ტემპერატურა აიწევდა. ასეთი იყო მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ახლა კი საუბარია მის უკან დაბრუნებაზე და ყველაფერი ამისთვის უკვე მომზადებულია. ველი, რომ ასეთი ცრუ მანევრებით იქნება გაჯერებული მომავალი საარჩევნო კამპანია.“

ზვიად ქორიძის პროგნოზით, 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური გაერთიანება თავის წარმოჩენას შეძლებს. „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ , ეს ორი დიდი პოლიტიკური ვეშაპი ცდილობს თვითონ დარჩნენ პოლიტიკურ არენაზე, მათთვის მესამე ძალა არასასურველია. მე არ ვამბობ, რომ მესამე ძალა იქნება ძლიერი, მაგრამ იქნება ყველაზე მძლავრი მცდელობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი შექმნის. ასე რომ არ იყოს, ჩვენ აღმოვჩნდებით ამ ორი დიდი პოლიტიკური ვეშაპის დაპირისპირების პირობებში და მე არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში. ერთ პოლიტიკურ მონოპოლიას უბრალოდ შეცვლის მეორე პოლიტიკური მონოპოლია და ხელიდან გამოგვეცლება საპარლამენტო მმართველობის ყველაზე დიდი ხიბლი - კოალიციური მთავრობა“.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ესპანელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი ფერნანდო კასალ ბერტოა პოლიტიკურ პოლარიზაციას საკმაოდ მწვავედ აფასებს: „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოში აჩვენა, რომ არა მხოლოდ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, პოლიტიკური პარტიების სისუსტეა პრობლემა, არამედ იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხებს მიექცეს ყურადღება, არჩევნების დროს, აქცენტი პიროვნებებზე კეთდება. ეს ყველაფერი პოლიტიკურ პოლარიზაციამდე მიდის, არსებობს რა ლოგიკა: „ყველაფერი გამარჯვებულისთვის“. დემოკრატია გაიგება, როგორც „ნულოვანი თამაში“. ეს ყველაფერი მივიდა დამოუკიდებელი კანდიდატის ხელისუფლების მიერ პატრონაჟობამდე, რის შემდეგაც პრობლემად იქცა პრეზიდენტის ლეგიტიმაციის აღიარება ოპოზიციისთვის და ზოგადად, გაიზარდა ანტაგონიზმი ორ სისხლისმიერად დაპირისპირებულ ბანაკს, ივანიშვილის „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია“.

მესამე, ჰიპოთეტური პოლიტიკური ძალის გამოჩენამდე კი არსებულ ვითარებაში უკვე ყველაზე მწვავედ ისმის პოლიტიკური პოლარიზაციის საგანგაშო სიგნალის ხმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG