ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობა ამოიწურა” - უკრაინის რადის თავმჯდომარე


რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე და შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ონლაინ შეხვედრის ფოტოს სტეფანჩუკი ავრცელებს.
რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე და შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ონლაინ შეხვედრის ფოტოს სტეფანჩუკი ავრცელებს.

„ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობა ამოიწურა” - აცხადებს უკრაინის რადის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტისა და უკრაინის რადის თავმჯდომარეს შორის, დღეს ონლიან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ორივე მხარე ავრცელებს.

„მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში“- ნათქვმია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, „შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში, სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.“

მოგვიანებით, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ქართველ კოლეგასთან გამართული საუბრის შესახებ ინფრომაცია რუსლან სტეფანჩუკმაც გაავრცელა. უმაღლესი რადის თავმჯდომარე წერს, რომ შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვიოს.

„ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობა ამოიწურა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტარებს, თავისი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიპოვით შეხების წერტილებს ჩვენი ნათელი მომავლის მშენებლობის გასაგრძელებლად. ჩვენ ბევრად მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი", - წერს სტეფანჩუკი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინც და მაინც მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. აქ მოცემულობა არის უკვე შეცვლილი - ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“ - აცხადებს კობახიძე.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG