ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ ქალთა ჭადრაკში ახალი ვარსკვლავი აკიაფდა. 30 წლის ქუთაისელმა ნანა ძაგნიძემ პირველად კარიერაში და საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ქართველმა დიდოსტატმა 8,5 ქულას მოუყარა თავი და უკან ჩამოიტოვა ევროპის ექს-ჩემპიონები: კრამლინგი, სტეფანოვა, ლაგნო, ჟუკოვა, ჩანგი, ატალიკი; მსოფლიოს ექს-ჩემპიონი: მარია მუზეჩუკი და ყოფილი პრეტენდენტები: ანა მუზეჩუკი, გალიამოვა და პოგონინა.

რიგაში, კონტინენტის ინდივიდუალურ პირველობაზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება ოდნავ დაჩრდილა ჩემპიონატის კურიოზულმა და სევდიანმა პროლოგმა.

სასტუმრო „რედისონ ბლუს“ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ჩემპიონატი გაიმართა, დაჯილდოვების ცერემონიალზე, ორგანიზატორებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აჟღერება ვერაფრით შეძლეს. ევროპის ჭადრაკის კავშირის (ECU) პრეზიდენტი, ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაფაიარაშვილი იძულებული გახდა ჰიმნი საკუთარი მობილურიდან ჩაერთო.

ზურაბ აზმაიფარაშვილი მობილურში საქართველოს ჰიმნს ეძებს
ზურაბ აზმაიფარაშვილი მობილურში საქართველოს ჰიმნს ეძებს

ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ნანა ძაგნიძეს უაღრესად ტრაგიკული ამბავი ელოდა. ახალ ჩემპიონს ერთი დღის დაგვიანებით გააგებინეს, რომ სამშობლოში მამა გარდაეცვალა. ტურნირის ფინიშის სწორს ეს უმძიმესი ამბავი მოჭადრაკეს შეგნებულად დაუმალეს. მამის ავადმყოფობის გამო, 2015 წელს, მან ჩაქვში, ევროპის ჩემპიონატი მესამე ტურიდან მიატოვა.

„ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე მწარე დანაკარგი ერთდროულად მოვიდა“ - ასე გამოეხმაურა ფეისბუქში ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონობას და ოჯახურ ტრაგედიას. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი აღნიშნა:

ჩემი სამშობლო საქართველო ამაყია ჩემი წარმატებით, ამ გამარჯვებით, კიდევ ერთხელ, ევროპის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის აღიარება მოხდა. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, რომ ეს წარმატება ახალი გამარჯვებების დასაწყისი გახდება“

„ჩემი სამშობლო საქართველო ამაყია ჩემი წარმატებით, ამ გამარჯვებით, კიდევ ერთხელ, ევროპის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის აღიარება მოხდა. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, რომ ეს წარმატება ახალი გამარჯვებების დასაწყისი გახდება.“

რიგაში, ევროპის რიგით მე-18 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომლის საპრიზო ფონდი 70 000 ევროს შეადგენდა, ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. შვეიცარიული სისტემით მიმდინარე პირველობაზე, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე იბრძოდა, მათ შორის, 9 ქართველი, შოტლანდიის სახელით მოასპარეზე, 48 წლის ქეთევან არახამია-გრანტის ჩათვლით.

ნანა ძაგნიძემ ერთი თვის წინ, თეირანში, მსოფლიო ჩემპიონატზეც აჩვენა, რომ პირადმა მწვრთნელმა - ხვიჩა სუპატაშვილმა ძალიან კარგად მოამზადა. მაშინ მან მეოთხედფინალს მიაღწია, სადაც ინდოელ დიდოსტატ ჰარიკა დრონავალთან დასანანი მარცხი იწვნია.

ამჯერად, ძაგნიძე შეუდარებელი იყო. ქუთაისელმა დიდოსტატმა საწყისი სამი პარტია (მამეჯაროვა, ბაბი, პაპი) უპრობლემოდ მოიგო. შემდეგ ანა მუზეჩუკს და ოლგა ზიმინას დაუზავდა, რასაც ევროპის ექს-ჩემპიონ თურქ ეკატერინე ატალიკთან გამარჯვება მოჰყვა.

დარჩენილი ხუთი პარტიიდან, ძაგნიძემ ორი მოიგო (დანიელიანი, სოცკო), სამში კი ყაიმი დააფიქსირა (გორიაჩკინა, პოგონინა), მათ შორის, მსოფლიოს ექსჩემპიონ მარია მუზეჩუკთან.

გადამწყვეტი ქულა ნანამ რუს დიდოსტატ პოგონინასთან მოიპოვა
გადამწყვეტი ქულა ნანამ რუს დიდოსტატ პოგონინასთან მოიპოვა

11 შესაძლებლიდან 8,5 ქულა ისტორიული გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა, ნანა ძაგნიძემ ნახევარი ქულით გაუსწრო - მეორე-მესამე ადგილზე გასულ რუს დიდოსტატებს: ალექსანდრა გოლიაჩკინასა და ალისა გალიამოვას.

7,5 ქულით მე-10 შედეგი აჩვენა თელაველმა დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა, რითაც ნანა ძაგნიძესთან ერთად, იმ 14 მოჭადრაკეს შორის მოხვდა, რომლებმაც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ბელა ხოტენაშვილი ამბობს:

ჩემპიონატი დაუმარცხებლად გავიარე. მე-4 - მე-15 ადგილი გავიყავი და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვე, რაც ძალიან მნიშნველოვანი მიღწევაა“

„ჩემპიონატი დაუმარცხებლად გავიარე. მე-4 - მე-15 ადგილი გავიყავი და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვე, რაც ძალიან მნიშნველოვანი მიღწევაა.“

ნანა ძაგნიძის ეს გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ინდივიდუალურ დონეზე, ქართველ მოჭადრაკე ქალთა ფენომენალური გამარჯვებების სერია მხოლოდ საბჭოთა პერიოდზე მოდის.

საქართველოს დროშით, მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა მატჩი, 24 წლის უკან, 1993 წელს, ერთადერთხელ ნანა იოსელიანმა ითამაშა და დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატზე კი აქამდე სამი ბრინჯაოს (2000, 2001, 2014) და ორი ვერცხლის (2013, 2015) მედალი გვქონდა.

უკვე ცხრა წელია ქართველ ქალებს არც საჭადრაკო ოლიმპიადაზე უმარჯვიათ. 1992-1996 წლებში, გაკეთებული "ჰეთ-თრიკის" შემდეგ, ბოლოს გუნდური ოქრო 2008 წელს, 38-ე ოლიმპიადაზე, დრეზდენში მოვიპოვეთ, იქ მეორე დაფაზე - 21 წლის ნანა ძაგნიძე იჯდა. 2015 წელს, კი საქართველოს ქალთა ნაკრებმა შედარებით ახალ ტურნირში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში იმარჯვა.

ნანა ძაგნიძის ისტორიულმა გამარჯვებამ ახალი ბიძგი უნდა მისცეს ქართული ჭადრაკის განვითარებას. მით უფრო, რომ საქართველო ორი უდიდესი საჭადრაკო ფორუმის მასპინძლად გვევლინება.

2017 წლის სექტემბერში, ბათუმი და თბილისი კაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი ბათუმში, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება.

ლეგენდარული ოთხეული: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია
ლეგენდარული ოთხეული: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია

ქართული ჭადრაკის დიდების დარბაზი

ქალები

მსოფლიო ჩემპიონები

ნონა გაფრინდაშვილი (1962-1978)

მაია ჩიბურდანიძე (1978-1991)

პრეტედენტები

ნანა ალექსანდრია (1975, 1981)

ნანა იოსელიანი (1988, 1993)

ევროპის ჩემპიონი

ნანა ძაგნიძე (2017)

ევროპის პრიზიორები

ვერცხლი - სალომე მელია (2013), ნინო ბაციაშვილი (2015); ბრინჯაო - მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია(2001), სალომე მელია(2014)

საჭადრაკო ოლიმპიადა

საქართველო ოქრო - 1992, 1994, 1996, 2008; ვერცხლი - 2000; ბრინჯაო -1998, 2010

ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი

საქართველო ოქრო - 2015, ბრინჯაო - 2011

ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია

ევროპის გუნდური ჩემპიონატი

საქართველო ოქრო - 1997, ვერცხლი - 1992, 2005, 2009, ბრინჯაო - 2011, 2015

მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი

ოქრო - "მერანი" თბილისი (1996), NTN თბილისი (2004, 2005), "ნონა" ბათუმი (2014, 2015)

კაცები

საჭადრაკო ოლიმპიადა

ოქრო - ბაადურ ჯობავა, პირველი დაფა (2016)

ევროპის ჩემპიონი

ზურაბ აზმაიფარაშვილი (2003)

ევროპის პრიზიორები

ვერცხლი - ბაადურ ჯობავა (2010), ბრინჯაო - ზურაბ აზმაიფარაშვილი (2001), ბაადურ ჯობავა (2009, 2016)

ევროპის გუნდური ჩემპიონატი

საქართველო ბრინჯაო - 2003

ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გიორგი ყაჭეიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG