ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის "ტრაიბეკას" ფესტივალზე "პატარძლები" აჩვენეს


"ტრაიბეკას" ფესტივალი, 2014

რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის პირად ისტორიაზე აგებული ფილმი ამერიკელ მაყურებელში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას იწვევს

ნიუ იორკში "ტრაიბეკას" ყოველწლიურ ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც 16 აპრილს გაიხსნა და 27 აპრილს დასრულდება. ფესტივალი 2002 წელს რობერტ დე ნირომ, ჯეინ როზენტალმა და კრეგ ჰეტგოფმა დაარსეს 2001 წლის 11 სექტემბრის დროს ნიუ იორკის დაზიანებული მანჰეტენის უძველესი უბნის საპატივსაცემოდ და მისი განახლების მიზნით. ყოველწლიური ფესტივალის დროს წარდგენილი ფილმების ჩვენებაც სწორედ იმ კინოთეატრებში მიმდინარეობს, რომლებიც ტერაქტის ადგილის სიახლოვეს მდებარეობს.

კონკურსში 12 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი "პატარძლები" მონაწილეობს. პრემიერა ნიუ იორკში 18 აპრილს შედგა, თუმცა "ტრაიბეკას" ოფიციალურმა გამოცემამ "პატარძლები" კინო-ფესტივალის წლის წამყვან საუკეთესო ფილმად უკვე დაასახელა. ეს ფილმი, რეჟისორის ფრანგულ კინოცენტრთან ერთობლივი მეორე წარმატებული პროექტია, რომელმაც თებერვალში "ბერლინალეს" ფესტივალზე -სექციაში "პანორამა" მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა. "პატარძლები" სოციალური დრამაა, რომელიც რეჟისორის პირად ისტორიაზე მოგვითხრობს. შთაბეჭდილებებით პრემიერის შესახებ ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
"პატარძლების" რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში
"პატარძლების" რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში
5, 7,10,14 წლით თავისუფლება-აღკვეთილი მამაკაცები, რომელთა სასჯელი მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან იძულებით განშორებასაც ითვალისწინებს. ბევრი მათგანი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის და იმისათვის, რომ მეუღლეს შეხვდეს, ციხეში ქორწინდება. ფილმი 30 წლის ნუცას და მისი მეუღლის ისტორიაზე მოგვითხრობს და ციხეში მეუღლისთვის შეტანილი საკვების და ნივთების ჩხრეკით იწყება. ბადრაგის მიერ დანით შუაზე გაპობილი ვაშლი, ფორთოხალი, ბავშვების თმების შემოწმება, ციხის ადმინისტრაციის უხეში და მობეზრებული დამოკიდებულება.

ამ რეალობით რეჟისორმა თინათინ ყაჯრიშვილმა თავად იცხოვრა. სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მისი მეუღლე სასჯელს იხდიდა. ციხის გახმაურებული კადრების შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და მალევე, ისინი ვისაც ველოსიპედის ქურდობისთვის გისოსებს მიღმა 14 წელი უნდა გაეტარებინათ, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. მეუღლეს და მის ორ შვილს დაუბრუნდა გოგა ლოლაძეც, ისიც რეჟისორი პროფესიით, რომელიც თინათინთან ერთად "პატარძლებზე" პროდუსინგის განხრით მუშაობდა. ამერიკის ხმას თინათინ ყაჯრიშვილი ნიუ იორკის პრემიერის წინ გაესაუბრა.

თინათინ ყაჯრიშვილი: ფილმი თვითონ არის ქალების ფატალურ არჩევანზე, პატიმარ მეუღლეებზე, რომლებიც არ ტოვებენ თავიანთ ქმრებს გასაჭირში, ერთგულები რჩებიან ბოლომდე, და ფაქტობრივად თავიანთ თავსაც სწირავენ. ისინი რჩებიან ერთადერთ ნუგეშად თავიანთი მეუღლეებისთვის და ფილმიც იმაზეა, თუ როგორ ახერხებენ ეს გაყოფილი ოჯახები მაინც ოჯახის შენარჩუნებას. ციხის თემა აქ მაინც არის უკანა პლანზე. მთავარი არის განსაცდელში მყოფი ერთი მხარე და როგორ იქცევა მეორე მხარე ანუ, მის გვერდით რჩება. აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ფაქტორი იყო-თანადგომა, სიყვარული, რომელიც უძლებს ყველაფერს.

სცენარის თანაავტორი თენგიზ ჩუბინიშვილია, მთავარ როლებს მარი კიტია და გიორგი მასხარაშვილი ასრულებენ. "პატარძლები" ქართულ-ფრანგული პროდუქციაა, რომელიც ორივე ქვეყნის კინოცენტრის მიერ დაფინანსდა. ფილმი 27 დღეში გადაიღეს, შემდეგ საფრანგეთში დაამონტაჟეს, იქ შეირჩა მუსიკაც, რომელიც მხოლოდ ჩელოს და პიანინოს თანხლებით შეიქმნა. როგორც ნიუ იორკის პრემიერაზე ამერიკელ მაყურებელთან შეხვედრისას რეჟისორმა განმარტა მუსიკის გამოყენება ფილმში თავდაპირველად საერთოდ არ სურდა.



მუსიკას, უფრო სწორედ სიმღერას, ფილმში დრო მაშინ ეთმობა როდესაც ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, პატარძლებს თავიანთ მეუღლეებთან 24 საათიანი პაემნის საშუალებას მისცემენ. ამ შეხვედრაზე ზოგი შვილთან ერთადაც მივიდა. მაგალითად 18 წლის გოგონასთვის ეს პირველი ღამეა და განსაკუთრებულად ნერვიულობს, იქვეა ხანშიშესული წყვილიც. ნუცას მეუღლე გოგა, ნუცას სინანულით ეუბნება, რომ უკვე ოთხი წელია 40 მამაკაცთან ერთად სძინავს. ითვლის დარჩენილ ექვს წელში კიდევ რამდენჯერ შეძლებს ისარგებლოს მეუღლესთან განმარტოების უფლებით - მხოლოდ 12-ჯერ. გვერდითა პაემნის ოთახის გისოსებიანი აივნიდან ამ დროს ერთ-ერთი პატიმრის სიმღერა ისმის.

პაემანი მთავრდება და ციხიდან გამოსული პატარძლები ხედავენ, რომ ციხეში განგაში ატყდა, და იქ სასწრაფო მანქანა შეყავთ. ამ ფინალურმა სცენამ ამერიკელი მაყურებელი დაამუნჯა. ფილმმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა დარბაზი პრემიერაზე მონუსხული იჯდა, ვიდრე რეჟისორთან გასაუბრების საშუალება მიეცემოდა. კითხვები ფილმის ფინალს, პატიმართა უფლებებს საქართველოში და შერჩევით სამართალს შეეხებოდა.

მერი სტემი რომელიც დალასიდან იყო, ამბობს, რომ ფილმმა მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დაინტერესდა ადამიანთა უფლებათა საკითხით საქართველოში და ახლა ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს.

ელენ ლოუსენი ფილმის რომანტიულობით მოიხიბლა, იმით, რაც თქვა რეჟისორმა და იმითაც რაც არ თქვა და მაყურებელს დაუტოვა განსასჯელად.


პრემიერას ქართველი ემიგრანტებიც დაესწრნენ. ნინო ჩიჩუამ ნიუ იორკის კინო-სკოლა დაამთავრა.

ნინო ჩიჩუა: ფილმი ძალიან მომეწონა. პირველ რიგში, მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა ქალი რეჟისორი არის ახლა საქართველოში, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით რომ აჩვენებენ ქართულ ყოფას, ძალიან მომეწონა.

ფილმის წარმატებაზე მისი პროდუსერი ლაშა ხალვაში და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი საუბრობენ. არის მოლოდინი რომ შეერთებულ შტატებში ფილმის დისტრიბუცია მოხდეს.

ლაშა ხალვაში: კანში იქნება ფილმის ჩვენება, ძალიან კარგი გაყიდვების აგენტი გვყავს-რეცო, და იმედი მაქვს რომ ეს წარმატება კიდევ გაგრძელდება, თებერვლის შემდეგ ეს კიდევ დასაწყისია და იმედი მაქვს რომ კიდევ იმოძრავებს ფილმი.

თინათინ ყაჯრიშვილი: იმედია, რომ ის ამერიკის დისტრიბუციაში ჩაეშვება, შეზღუდული დისტრიბუციით მაგრამ მაინც. ძალიან დიდი გამოხმაურებაა. ორი პრეს-ჩვენება იყო უკვე, აქაური პრესაც წერს.


ფილმი სულ რაღაც 27 დღეში გადაიღეს. სიმბოლურად გადაღებები ორთაჭალის ციხის კედლებში მიმდინარეობდა. ეს იყო საპატიმრო ადგილი, რომელიც ევროპულმა ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით პატიმრისთვის შეუსაბამო ადგილად მიიჩნიეს.
XS
SM
MD
LG