ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს-მ წამების ამსახველი კადრები გაასაჯაროვა


ირაკლი ღარიბაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მედიის და არასამთავრობო სექტორისთვის სამეგრელოში ნაპოვნი ვიდეო ფირების ჩვენება მოაწყო.

შსს-მ წამების ამსახველი კადრები გაასაჯაროვა. შეხვედრაზე მისული მედიის ნაწილმა შეხვედრა მისვლისთანავე დატოვა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელი კი მას შემდეგ გამოვიდა შსს-ს შენობიდან, რაც ფირები ჩაირთო და რამდენიმე კადრი გავიდა. ნესტან ცეცხლაძე, ნეტგაზეთის რედაქტორი, ერთ-ერთი მათგანია. ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ პირველი ორი კადრიდანვე, რაც მან იხილა, შესაძლებელი იყო ადამიანების იდენტიფიცირება.

„თითქმის ჩვენების დაწყებისთანავე დავტოვე შსს, რადგან პირველივე ორ კადრში, რომელიც მე ვნახე პირადად, ჩემი აზრით პირი იყო იდენტიფიცირებული. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არასათანადოდ იყო დაფარული, მისი ამოცნობა იოლად შეიძლებოდა. მე ხმამაღლა ვთქვი, რომ იქნებ არ გავაგრძელოთ ჩვენება, რადგან კადრები იდენტიფიცირებადია, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია, ამიტომაც დავტოვე შენობა. მე ძალიან შეშფოთებული ვარ კადრების ამგვარი სახით ჩვენების გამო. შეხვედრას ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა“,- ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა. „ქარტია შეშფოთებულია იმ ფორმებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები დღეს მედიასა და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა“,- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში, სადაც ის მოუწოდებს ჟურნალისტებს, შსს-სგან განსხვავებით, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შსს-ს აღნიშნული ინიციატივა პოპულისტური ნაბიჯია.

„პრევენციულად მივმართეთ ასევე ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, რომ გამოვიჩინოთ უფრო მაღალი სამოქალაქო მიდგომა, ვიდრე ეს შსს-მ გამოიჩინა. უკვე ახლა, როდესაც ნანახი აქვთ ეს კადრები ჟურნალისტებს, შესაძლოა, ზოგიერთს, ჩვენი ვარაუდით, ჩაწერილიც აქვს, რადგან დარბაზში, სადაც იყო ჩვენება, ჟურნალისტებს ჰქონდათ მობილურები, აიფონები, ფლიპკამერები, ლეპტოპები და სავსებით შესაძლებელია, შსს რომც არ მიეცა მასალების ჩანაწერები დისკებზე, მათ თავისუფლად შეეძლოთ ეს გადაეღოთ, არ გაავრცელონ. დავუშვათ, რომ მათ შეუძლიათ ატვირთონ სხვადასხვა ვებგვერდზე ან გაავრცელონ საჯარო სივრცეში. შესაბამისად, მივმართეთ, რომ მათ ეს არ გააკეთონ. ძალიან საწყენია, რომ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორიდან, მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ისმის რეპლიკები, რომ ეს კადრები უნდა ნახოს მთელმა საზოგადოებამ. მე მიმაჩნია, რომ არ უნდა ნახოს. არა იმიტომ, რომ იქ არაა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი მომენტები, არამედ იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი მასალაა, როგორც თვითმხილველებისგან მაქვს მოსმენილი, რომლის კონკრეტული ისტორიები შეიცავს კონკრეტული პიროვნებების ტრაგედიებს და ამ კონკრეტულ პიროვნებებს ჩვენ კიდევ ერთხელ შეიძლება განვუახლოთ ის უზარმაზარი ტრავმა, რომელიც სხვადასხვა დროს მიაყენეს სხვადასხვა საგამოძიებო უწყების, ან არასაგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ასეთი არაადამიანური მოპყრობით. ესაა პრობლემატური და ამიტომ მიგვაჩნია, რომ მასალები ამ ფორმით არ უნდა გასაჯაროებულიყო. ძალიან ცუდია, თუ შსს-ს სხვა მექანიზმი არ აქვს თავისი საქმიანობის მიმართ ნდობის აღსადგენად ან ნდობის გამოსამუშავებლად, ვიდრე ის, რომ ამგვარი ტიპის მასალები წარმოადგინოს საჯარო ჩვენებებზე“,- ამბობს ზვიად ქორიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელსაც ამერიკის ხმა დაუკავშირდა, ამბობს, რომ შსს-ს მიერ მოწყობილი ვიდეო ჩანაწერების წარმოდგენა კადრების საჯარო ჩვენებისგან არაფრით განსხვავდება.

„პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, ესაა ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. იმიტომ, რომ არ შეიძლება არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახავი მოპყრობა ან წამების მუქარა ვინმეს ეპატიოს. ეს ერთი. მეორე, ეს ვიდეოები იქცევა საქმეზე მტკიცებულებად და ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა წამებაში, მკაცრად უნდა დაისაჯოს. სამწუხარო პრეცედენტი გვქონდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც მთავარმა პროკურატურამ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის 218 მუხლის მერვე ნაწილის დარღვევით, ასევე დარღვევით საერთაშორისო დოკუმენტების, რომლებიც წამების ამკრძალავ დოკუმენტებს წარმოადგენს, გაათავისუფლა ბატონი ბედუკაძე, რომელსაც ბრალი სწორედ წამების მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ესაა ძალიან ცუდი პრეცედენტი. რაც შეეხება ვიდეოებს, მე მაქვს ამგვარი პოზიცია: ამ ვიდეოების ჩვენება ნებისმიერი პიროვნებისთვის, არის ამ ვიდეოების განსაჯაროება. ბუნებრივია, ამ ვიდეოებზე ასახულია ადამიანების პირადი ცხოვრება, ისეთი ინტიმური სცენები, ძალადობრივი სცენები, რაც მათ პირად საიდუმლოს შეიცავს. ამ ვიდეოების განსაჯაროება ყოველად დაუშვებელია, კანონის მიხედვითაც. საუბარი იყო იმაზე, რომ დავშტრიხავთ, დავფარავთ, დავაფარებთ სახეებზე და ასე განვასაჯაროებთ. მიუხედავად ამისა, რა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, რა საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად ხდება ეს? რატომაა საჭირო მათი ჩვენება, ვინმეს ეჭვი შეაქვს მათ არარსებობაში? ან დანაშაულის არარსებობაში? ესაა ერთი მხარე და მეორე მხარეს დგას ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, რომლის შესახებაც ეს ვიდეოებია გადაღებული, რომლემაც ეს წამება გაიარეს და მათ თავიდან მოუწევთ იმის განცდა, რაც ერთხელ უკვე განიცადეს და გადაიტანეს,“- აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

შსს-მ გუშინ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო ფირები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა. დღეს გავრცელებულ კომენტარში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მოუწოდებს გამოიძიოს ფირზე აღბეჭდილი შემთხვევები.
XS
SM
MD
LG