ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კახა იმნაძის პრესკონფერენცია გაეროში


კახა იმნაძე, გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
კახა იმნაძე, გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

გაეროში საქართველოს ელჩმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ცეცხლის შეწყვეტის ექვს-პუნქტიანი ხელშეკრულების რუსეთის მიერ მუდმივად დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე დღეს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან შვიდი წელი გავიდა. როგორ სრულდება ექვს-პუნქტიანი ხელშეკრულება მხარეების მიერ და რა სამართლებრივ მექანიზმს უპირისპირებს გაერო რუსეთის თვითნებურ მოქმედებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სასაზღვრო ზოლზე? ამ საკითხზე პრესკონფერენცია უცხოელი და ქართველი ჟურნალისტებისთვის გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ გამართა.

"შვიდი წლის შემდეგ ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ კვლავ არაკანონიერად არის ოკუპირებული. ეს პროცესი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფუნდამენტური ნორმების სრული დარღვევით ხორციელდება. ასობით ათასი ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად იქცა და კვლავ გაურკევევლია, თუ როდის აღდგება მათი კანონიერი უფლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში," განაცხადა კახა იმნაძემ.

გაეროს შტაბ-ბინაში, საგანგებო პრესკონფერენციაზე, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედმა ელჩმა ცეცხლის შეწყვეტის ექვს-პუნქტიანი ხელშეკრულების რუსეთის მიერ მუდმივად დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა რუსეთის ჯარი კვლავ აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილს და ნელ-ნელა სიღრმეში შემოდის, ახდენს მცოცავ ანექსიას.

"მოდით შევხედოთ რა ხდება. ჩვენ როდესაც ვამბობთ ანექსიას, ვსაუბრობთ ფაქტობრივ ანექსიაზე, იმიტომ რომ ანექსია ხორციელდება როდესაც ტერიტორიას ყოველ წუთში უმატებ სხვა ტერიტორიას, როდესაც აფორმებ ხელშეკრულებებს, როდესაც იქ ტრიალებს შენი ფული, როდესაც იქ ინიშნებიან ხელმძღვანელ თანამდებობზე შენი წარმომადგენლები, როდესაც მთლიანად ახდენ სოციალური, ეკონომიკური კულტურული, პოლიტიკური ცხოვრების სრულ ინტეგრაციას შენს რომელიმე რეგიონთან. ეს არის ფაქტიურად ანექსია. " ამბობს იმნაძე.

რუსეთის თვითნებურ მოქმედებებზე და კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციაზე იმნაძე ორი დღის წინ გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს ესაუბრა. მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების არსებული ფორმატის მნიშვნელობა საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სახის ძირითად საკითხებზე მოსალაპარაკებლად და გაეროს, როგორც ერთ-ერთი თანა-თავმჯდომარის როლი პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის.

ცეცხლის შეწყვეტიდან შვიდი წლის თავზე რამდენად პროგრესულია კონფლიქტის მოგვარების კუთხით ჟენევის ფორმატით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები და დიპლომატიური მცდელობა? არსებობს თუ არა სხვა სახის სამართლებრივი მექანიზმი და რამდენად შესაძლებელია თავად გაეროში ზეწოლის მოხდენა რუსეთზე, ქვეყანაზე რომელსაც მისთვის არასასურველ რეზოულუციაზე ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.

კახა იმნაძე: "დაგვრჩა ის, რასაც ვაკეთებთ მუდმივად. ერთადერთი, ეს არის საერთაშორისო სამართალი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მხრივ ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება. გაერო სკაითხში აქტიურად არის ჩართული, ის წარმოადგენს თანა-თავმჯდომარეს ჟენევის მოლაპარაკებებში. გაეროში ჩვენ გვაქვს ჩვენი აქტიურობა, იცით ჩვენი რეოზულუციის თაობაზე რომელიც ყოველწლიურად გაეროში გადის, ასევე სხვა შეხვედრები, რომელიც გაეროში იმართება და სადაც საქართველოს საკითხს მწვავედ ვსვამთ. სამწუხაროდ, გაეროს ორგანიზიაციას, გამომდინარე მისი სპეციფიკიდან, დღეს არ აქვს ისეთი საშუალება რომ უცბად გადაწყვიტოს რაიმე კონფლიქტი."

XS
SM
MD
LG