ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 13 მილიარდ დოლარს აღემატება, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიგა პროდუქტის 82.8 პროცენტია; სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, სამთავრობო სექტორის ვალი 4.1 მილიარდია, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 232 მილიონი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 837 და 588 მილიონი დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალი ამ დროისთვის 2.8 მილიარდი დოლარია, სხვა სექტორების საგარეო ვალი - 3.6 მილიარდი, ხოლო კომპანიათაშორისო ვალი - 2.8 მილიარდი. საქართველოს წმინდა საგარეო ვალი 1 აპრილის მდგომარეობით, 8.8 მილიარდი დოლარია, ეს ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიგა პროდუქტის 54 პროცენტზე მეტია.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ ვალებით ცხოვრებამ მიიყვანა საბერძნეთი გაკოტრებამდე და უპრეცედენტო კრიზისამდე, რომელმაც ევროპულ ერთობას დიდ საფრთხეს უქმნის:

„ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს იმ რესურსით, რომელიც მას არ გააჩნია. ეს არის ვალებით არსებობა. მთელი ეს სიკეთე და შეღავათები, რომელიც ბოლო წლებში საბერძნეთის მოსახლეობამ, ბიზნესმა და სხვა სფეროებმა მიიღო, ეს იყო სხვის ხარჯზე. ეს არის ვალებით ცხოვრება.

საბერძნეთს დღეს დაუგროვდა 330 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო ვალი. ფაქტობრივად, მათი ბიუჯეტი ყოველთვის იყო შეკერილი საგარეო თუ საშინაო ვალებისგან აი ეს პირველი და მთავარი ანალოგია არის ჩვენთან.“

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი, ისე ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის საგარეო თუ საშინაო ვალზე საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში, უცხოური ვალდებულებები შეუმცირდა სამთავრობო სექტორს, არასაბანკო, არასაფინანსო კორპორაციებს და თავად ეროვნულ ბანკს. ასევე შემცირდა უცხოური კომპანიათაშორისი სესხები. თუმცა, ამის საპირისპიროდ საგარეო ვალი გაეზარდა საბანკო და სხვა სექტორებს.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობას ეხება. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის მართვა არ ხორციელდება ერთიან ინფორმაციულ სისტემაში, ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნია ცხადად ჩამოყალიბებული სტრატეგია სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების მიმართულებით; და, სახელმწიფო ვალისა და საგარო დაფინანსების დეპარტამენტი პრაქტიკაში არ იყენებს სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების ანალიტიკურ შესაძლებლობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამბობს:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ყოველთვის მიუთითებენ, რომ სახელმწიფოს ვალის მართვასთან დაკავშირებით ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია. დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა ის ნიუანსი, რომელიც შეეხება სახელწმიფო ვალის მართვას. ქაოტურად არ უნდა მოხდეს რისკების შეფასება და რისკები, როგორც საგარეო, ისე საშინაო შოკების ნაწილში უნდა იქნეს გათვალისწინებული.“

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალის ნაშთი - ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით 15 პროცენტითაა გაზრდილი.

XS
SM
MD
LG