ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი-ფანარი: დიპლომატიური რევერანსი და რეალობა


საქართველოს პატრიარქისა და გალიის მიტროპოლიტ ემანუელის "ძმური შეხვედრა" თბილისში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრთა უმრავლესობა უკრაინის მართლმადიდებული ავტოკეფალური ეკლესიის დაბადების ფაქტს არ აღიარებს - ეს იყო მთავარი გზავნილი თბილისში მყოფი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციისადმი, რომელსაც გალიის (საფრანგეთის) მიტროპოლიტი ემანუელი და ანდრიანუპოლის მიტროპოლიტი ამფილოქიოსი წარმოადგენდნენ.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია თბილისს 24 დღეში ეწვია, რაც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიას ტომოსი მიანიჭა და მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში მეთხუთმეტე ადგილი მიაკუთნა.

პატრიარქ ილია მეორეს, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეუფეებს შორის შეხვედრა დღეს საქართველოს საპატრიარქოში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ილია მეორეს ესალმება ანდრიანუპოლის მიტროპოლიტი ამფილოქიოსი
ილია მეორეს ესალმება ანდრიანუპოლის მიტროპოლიტი ამფილოქიოსი

შემდეგ იყო მედიის თვალწინ დიპლომატიური რევერანსები - მიტროპოლიტმა ემანუელმა ბრძანა, რომ ფანარი „საქართველოს ეკლესიას თავს არაფერს ახვევს“, საპასუხოდ კი პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლი, უკრაინის საკითხში, „საქართველოს საპატრიარქოს აუჩქარებლობას, სრული გაგებით ეკიდება.“

ათენში მცხოვრები თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიას ცალსახად რუსულ ორბიტაზე მყოფ ეკლესიად განიხილავს:

ფანარში ჩვენ განგვიხილავენ, როგორც რუსეთის საეგზარქოსოს. ნებისმიერ პრინციპულ საკითხზე, როგორც რუსეთის ეკლესია იტყვის, ისე იქცევა საქართველოს ეკლესიაც. არავის სჯერა, რომ ჩვენ ავდგებით და უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დავუჭერთ. გულწრფელად ვამბობ, ამ ეტაპზე ეს არავის სჯერა“
გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგი

„ამ ეტაპზე, ფანარშიც და ზოგადად, მსოფლიო მართლმადიდებლობაში ჩვენ განგვიხილავენ, როგორც რუსეთის საეგზარქოსოს. ნებისმიერ პრინციპულ საკითხზე, როგორც რუსეთის ეკლესია იტყვის, ისე იქცევა საქართველოს ეკლესიაც. ესაა კონსტანტინოპოლის პოზიცია.

ნუ, ეს დიპლომატიურად იფუთება, ისტორიის გამო პატივისცემით და ა.შ, თუმცა რეალობა ასეთია. ჩამოდიან ჩვენთან, რომ ეს დიპლომატიური და კონიუნქტურული ფორმალობები დაიცვან, სინამდვილეში, არავის სჯერა, რომ ჩვენ ავდგებით და უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დავუჭერთ. გულწრფელად ვამბობ, ამ ეტაპზე ეს არავის სჯერა.“

რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი 2018 წლის 15 ოქტომბერს გაწყვიტა, როცა ნათელი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აუცილებლად აღიარებდა.

მოსკოვის საპატრიარქომ პარალელურად წამოიწყო მძლავრი შანტაჟისა და ზეწოლის კამპანია სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა ტომოსის გადაცემის შემდეგ, მსოფლიო მართლმადიდებლობაში სქიზმა შეეტანა და უკრაინის ახალი ეკლესიის მასიური აღიარება არ დაეშვა.

საქართველოს და კონსტანტინოპოლის ეკლესიათა წმინდა სინოდის წევრთა შეხვედრა
საქართველოს და კონსტანტინოპოლის ეკლესიათა წმინდა სინოდის წევრთა შეხვედრა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოელიან, რომ ახლო მომავალში, უკრაინის ავტოკეფალიას სცნობს კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, იერუსალიმისა და ელადის ეკლესიები. „რუსულ კლუბში“ კი რჩებიან ანტიოქიის, ალექსანდრიის, სერბეთის, პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრთა პრორუსული ფრთის ოფიციალური პოზიციაა, რომ „უკრაინის აღიარების საკითხში არ ავჩქარდეთ და დაველოდოთ, დიპტიქში საქართველოზე წინ მდგომი ეკლესიების გადაწყვეტილებას.“ წმინდა სინოდის წევრთა მცირე ნაწილი უკრაინის ეკლესიის ტომოსის აღიარებას ღიად უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG