ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ახალი წელი ნიუ-იორკში


საახალწლო ფუსფუსი ნიუ-იორკში ყველაზე მეტად ბრუკლინში იგრძნობა, სადაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული იმიგრანტები ცხოვრობენ. ისინი ტრადიციების შენარჩუნებას ამერიკაშიც ცდილობენ. განსაკუთრებული დღესასწაულია ახალი წელი და შობა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი იმიგრანტებისთვისაც. როგორ და რა ვითარებაში ხვდებიან ისინი ახალ, 2017 წელს და რას უსურვებენ საქართველოს?

ქართველი იმიგრანტების დიდი უმრავლესობა ცდილობს საახალწლო სუფრასთან მარტო არ იყოს და ახალ წელს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად შეხვდეს. ზოგიერთის სურვილია ეს დღე თოვლიან გარემოში გაატაროს, ამისათვის ისინი ნიუ-იორკის შტატის მთიან ნაწილში "ქეტსკილში", კანადის საზღვართან, ნაწილი კი პენსილვანიის შტატში, კურორტ, "პოკონოში" მიდის.

ახალ წელს პოკონოში, საკუთარ აგარაკზე უკვე მეორედ იკრიბებიან დობორჯგინიძე-ჯაფარიძეების ოჯახი. 31 დეკემბრამდე ორი დღით ადრე ოჯახის უფროსი ტახზე სანადიროდ მიდის, სახლში დარჩენილი ქალბატონები კი საახალწლო სუფრისთვის ემზადებიან. დინარა ჯაფარიძე თავის შვილთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად ახალ წელს ამერიკაში უკვე მეორედ ხვდება.

დინარა ჯაფარიძე : შედარებაც არ შეიძლება საქართველოში ისე ვხვდებით ახალ წელს. აქ უფრო შობის დღესასწაულს აღნიშნავენ პომპეზურად. ჩვენს ოჯახში ტრადიციას მაინც არ დავარღვევთ და ქართული სუფრით შევხვდებით ახალ წელს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ჩურჩხელა გავაკეთე, სუფრაზე გოჭი და საცივიც იქნება.

გოჭი, საცივი, გოზინაყი - ეს სამი აუცილებელი კერძი, შოთის პურთან და ქართულ ღვინოსთან ერთად ემიგრანტების სუფრაზე წელსაც იქნება. წინა საახალწლო მენიუსთვის მზადება ბრუკლინში მოქმედმა ქართულმა საცხობებმა და რუსული პროდუქტების მაღაზიებმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს. ნიუ-იორკში გოჭი დელიკატესად ითვლება. ქართულ და რუსულ მაღაზიებში მათი ყიდვა მხოლოდ საახალწლოდ შეიძლება. მაღაზიების მფლობელებს გოჭები ნიუ-ჯერსის შტატის ფერმებიდან ჩამოაქვთ. ქართველი იმიგრანტებისგან შეკვეთები ერთი კვირით ადრე იწყება, გოჭებს კი წლის ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში თონეში წვავენ. 31 დეკემბერს, როგორც წესი ბრუკლინში არსებულ ქართულ საცხობებში ცოცხალი ქართული რიგი დგას.

ნიუ-იორკში მცხოვრები მსახიობები ხათუნა იოსელიანი და ცუცა კაპანაძე ახალ წელს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლების ლიკა და ვიქტორ სირელსონის სახლში,ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, ვორვიკში შეხვდებიან. ხათუნა იოსელიანს ახალი წელი განსაკუთრებით უყვარს. მანჰეტენზე, სახლში, სადაც ის ცხოვრობს, ნაძვის ხე დადგა და ახალ წელს ხალისიანი განწყობით ხვდება.

ხათუნა იოსელიანი : ახალ წელს ვხვდები ბრწყინვალედ, მეგორბებთან ერთად. ნაძვის ხე დავდგი ახალი, თოვლის ბაბუაც შევიძინე, მოვრთე, მოვკაზმე ნაძვის ხე სათამაშოებით, თავზე ანგელოზიც დავამაგრე. განსაკუთრებით მიყვარს ახალი წელი და საერთოდ იანვარი მიყვარს, არ ვიცი რატომ შეიძლება იმიტომ რომ 9 იანვარს ჩემი დაბადების დღეც არის.

ცუცა კაპანაძე ამბობს, რომ თერთმეტი წელია ცდილობს ახალ წელს საქართველოში შეხვდეს, თუმცა არ გამოდის. ახალი წლის ტრადიციებზე საუბრისას, მას მშობლიური საჩხერე და ბავშვობა ახსენდება.

ცუცა კაპანაძე: ყოველ წელს ვამბობ - ახლა წავალ საქართველოში და იქ შევხვდები ახალ წელს, მაგრამ ასე ოცნებაში მიფრინავს ეს წლები, არც მგონია ასე უცბად თუ გავიდა ეს თერთმეტი წელი. ჩემს ბავშვობაში, საჩხერეში, ყოველთვის ვისვრიდით თოფს. მეკვლეც ყოველთვის მოდიოდა. ძალიან მენატრება ის დრო. მეკვლეს აუცილებლად უნდა დაახვედრო საჩუქარი, თაფლი, პატარა თაფლის კვერები, რომელიც უნდა ჩააწოს თაფლში. მერე ეს კვერები უნდა მოგაწოდოს და გითხრას - ასე ტკბილად დამიბერდიო. სამწუხაროდ აქ არ იციან ეს.

ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი იმიგრანტები ცდილობენ ქართულ არხებს უყურონ, ოჯახებს სკაიპის მეშვეობით, შამპანურით ხელში ახალი წლის დადგომა მიულოცონ. ამ მილოცვებში ბევრი სევდა და ცრემლია, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ხშირად იძულებითი განშორებით არის გამოწვეული და ზოგისთვის ეს განშორება ათი და ოცი წელიც გრძელდება. მათი საახალწლო სურვილებიც ერთმანეთთან შეხვედრას და მონატრებას უკავშირდება.

საახალწლო სურვილები ნიუ-იორკიდან:

დინარა ჯაფარიძე: ქართველ ხალხს გამოფხიზლებას, ნორმალურ ცხოვრებას ვუსურვებ. ემიგრანტებს არ ეზარებოდეთ და არ ეშინოდეთ აქედან სამშობლოში ჩასვლა და დაბრუნება.

ცუცა კაპანაძე: არავინ არ ყოფილიყოს გაჭირვებული. ყველას, ვისაც რა ოცნება აქვს ამ წელში ყველას ასრულებოდეს თავისი ოცნება. ვამბობთ ხოლმე, ყველა ოცნება რომ ასრულდეს უფრო უაზრო იქნება ცხოვრება. არა, არ იქნება უაზრო, ალბათ უფრო აზრი ექნებოდა ცხოვრებას, უფრო ლამაზი გახდებოდა. არასოდეს ხელგაშვერილი და ავადმყოფი ბავშვი არ მენახოს, რაზეც გული ძალიან მტკივა. და ყველა ემიგრანტი დავბრუნდებოდეთ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში.

ხათუნა იოსელიანი: მოწინავე, პირველ რიგში რომ იყოს ჩემი ქვეყანა, არა მხოლოდ ევროპის არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ღმერთმა ქნას, მე კი ვერ მოვესწრები, მაგრამ ჩემი შვილთაშილები მოესწრნონ და ბედნიერ ქვეყანაში ეცხოვროთ. არასოდეს არ ჩამქრალიყოს შუქი მათ სახლებში.

XS
SM
MD
LG