ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გირაოს ქვეშ მყოფმა ბასილამ BMW Open-ზეც იფეთქა


ბასილაშვილი მთავარი პრიზით, BMW M8 Gran Coupe ექსკლუზიური მოდელით M850i ​​xDrive-ით, რომელიც 120 000$ ღირს
ბასილაშვილი მთავარი პრიზით, BMW M8 Gran Coupe ექსკლუზიური მოდელით M850i ​​xDrive-ით, რომელიც 120 000$ ღირს

ნიკოლოზ ბასილაშვილი საჩოგბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ბასილამ, ერთადერთმა მოქმედმა პროფესიონალმა ჩოგბურთელმა, რომელიც ოჯახური ძალადობის გამო, ციხიდან 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ არის გაშვებული, ამჯერად BMW Open-ზე იფეთქა. ევროპის ერთ-ერთ უძველეს, მიუნხენის საჩოგბურთო ტურნირზე, რომელსაც 121 წლის ისტორია აქვს.

ATP-ს რეიტინგში 35-ე ადგილზე მყოფმა საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა, მიუნხენის 250 ათასიან ღია პირველობაზე, მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და სეტიც კი არ ააღებინა, რაც ტრადიციულად, არასტაბილური ბასილაშვილისგან წარმოუდგენელი ფაქტია.

ბასილა მეხუთე ტიტულს იგებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

ბასილამ 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 41145 ევრო და რაც მთავარია, BMW-ს მშვენება - 2021 წლის M8 Gran Coupe მიიღო საჩუქრად. მთავარი პრიზის მისაღებად ბასილას შორტის გამოცვლა და ბავარიელთა ტრადიციულ ტყავის გალიფეში Lederhosen-ში გამოწყობა დასჭირდა, რისთვისაც ზედ კორტზევე სპეციალური გასახდელი მოუწყვეს.

ბასილას ახალი ავტო სუპერ ექსკლუზიური მოდელია, სპეცდიზაინი, ცნობილ ავსტრიელ არქიტექტორს ვულფ პრიქს ეკუთნის, ამ ტოპური M850i xDrive-ის ფასი 120 ათასი დოლარია.

ბასილამ ბავარიული ტყავის გალიფე მოირგო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

“ძალიან ბედნიერი ვარ, რიგ ეპიზოდებში იღბალი ჩემს მხარეს იყო და თამაშის ბედი ამან გადაწყვიტა. მადლობა ჩემს ძმას, რომელიც აქ ჩემი ყველაზე ერთგული მხარდაჭერი იყო. იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება” - აღნიშნა ფინალის შემდეგ ქართველმა, რომელშიც მასპინძელ იან-ლენარდ შტრუფს საკმაოდ ადვილად 6:4 7:6 (7:5) აჯობა.

ფინალი სულ საათი და 28 წუთი გაგრძელდა და წვიმის გამო ერთხელ შეწყდა. ფინალამდე ბასილამ ასევე ადვილად ჩამოიშორა ბრაზილიელი მონტეირო 6:2 6:3, კოლუმბიელი გალანი 6:4 6:2, სლოვაკი გომბოსი 6:4 6:4 და ნორვეგიელი რუუდი 6:1 6:2.

BMW Open-ზე გამარჯვებით ბასილაშვილმა კარიერაში ATP ტურის მეხუთე ტიტული იზეიმა. აქედან სამი ტურნირი ქართველმა სწორედ გერმანიაში მოიგო. ბასილას ანგარიშზეა 2018 წელს ჰამბურგსა და პეკინში, 2019-ში ისევ ჰამბურგში და 2021 წელს დოჰაში გამარჯვებები. საინტერესოა, რომ ბასილაშვილი წელს მწვრთნელის გარეშე ასპარეზობს, გერმანელ იან დე ვიტთან თანამშრომლობა ორმხრივი სურვილით ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს შეწყდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რიგ ეპიზოდებში იღბალი ჩემს მხარეს იყო და თამაშის ბედი ამან გადაწყვიტა. იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება. მართალი გითხრათ, მწვრთნელს არც ვეძებ და მხოლოდ ფიზიოს და ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ვმოგზაურობ
ნიკოლოზ ბასილაშვილი, საქართველოს პირველი ჩოგანი


„მართალი გითხრათ, მწვრთნელს არც ვეძებ და მხოლოდ ფიზიოს და ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ვმოგზაურობ” - ამბობს 29 წლის ბასილაშვილი, რომელიც მიუნხენში პირველობით ATP-ს რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა და ახლა, 1850 ქულით მსოფლიოს 31-ე ჩოგანია.

ბასილამ BMW Open-ზე ტრიუმფის შემდეგ, ტრადიციულად შემდეგი ტურნირი ჩააგდო, 4 მაისს მადრიდის მასტერზე, პირველივე წრეში გამოვარდა და ახლა რომის მასტერზე გადაინაცვლებს.

მიუნხენში გამარჯვების შემდეგ, ბასილამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, შვილს დაბადების დღე მიულოცა. „ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო გილოცავ“ - დაწერა ბასილაშვილმა და ლუკასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ბასილაშვილს 2020 წლის 21 მაისს, ბრალი სწორედ არასრულწლოვანი შვილის - ლუკასის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ჩვენების საფუძველზე ექვსი შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული და მათ ბავშვთან მიახლოება ამ დრომდე ეკრძალებათ.

საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ
ნეკა დოროყაშვილი, ბასილაშვილის ყოფილი ცოლი


„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“ - ასე გამოეხმაურა ბასილას პოსტს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი, რომელიც დარწმუნებულია რომ სასამართლოში ჩოგბურთელის მხრიდან ძალადობა დადასტურდება.

თუ ბასილა დამნაშავედ სცნეს, მას „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე“ ელოდება.

ყოფილი მეუღლის გარდა, ბასილაშვილს სასამართლოში ყოფილი სპონსორი ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავაც უჩივის. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ჩოგბურთელს ფინანსურად დაეხმარა და შეთანხმების საფუძველზე, თუ ბასილაშვილი ATP-ს ტოპ-50-ში შევიდოდა, მას კაჭარავასთვის საპრიზო და საჰონორარო სარგებელიდან პროცენტი უნდა ეხადა.

კაჭარავას დაცვის მხარის მტკიცებით, ბასილაშვილმა ეს შეთანხმება 2017 წელს დაარღვია, როცა ტოპ-50-ში შევიდა, მაგრამ თანხა არ გადაიხადა, თუმცა რატომ იჩივლა კაჭარავამ ოთხი წლის შემდეგ, ბოლომდე ნათელი არ არის. ბასილაშვილის მამამ განაცხადა, რომ კაჭარავა ჩვეულებრივი გამომძალველია.

XS
SM
MD
LG