ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასილაშვილი დაბრუნდა


ბასილაშვილმა Qatar ExxonMobil Open სენსაციურად მოიგო

29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ოჯახური ძალადობის გამო, 100 000 ლარიანი გირაოთი არის გათავისუფლებული, დოჰაში Qatar ExxonMobil Open სენსაციურად მოიგო, 70 ათასი დოლარი და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. "ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახლა აქ ვიდგებოდი გამარჯვებული" - გულწრფელად აღიარა ფინალის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა.

ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები"
ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰაში გამარჯვების შემდეგ

2020 წლის მაისის შემდეგ, როცა ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა, იმ დროისთვის მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა ზედიზედ 9, ჯამში კი 14 შეხვედრა წააგო, 42-ე პოზიციამდე დაეშვა და ბევრი ფიქრობდა, რომ მალე კარიერას დაასრულებდა.

ბასილაშვილმა Qatar ExxonMobil Open მოიგო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:40 0:00

ბასილაშვილი დაბრუნდა ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც ATP-ის რეიტინგის რამდენიმე ლიდერმა მოიყარა თავი, მათ შორის, ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც იყო. საინტერესოა, რომ ბასილა დოჰას ძირითად ბადეში მხოლოდ იმის წყალობით მოხვდა, რომ სამხრეთ აფრიკელმა ანდერსონმა ყატარში ჩასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა.

ქართველის ბოლო დროინდელი კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე, იგი ყატარის ATP Tour 250-ის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ბასილამ ნამდვილად შეუძლებელი შეძლო.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ წრეში მძიმე ბრძოლაში ავსტრალიელი ჯონ მილმანი დაამარცხა 2:6, 6:4, 6:2; მერვედფინალში კი იოლად 37 წლის ტუნისელ მალექ ჯაზირს 6:2, 6:2 გაუმკლავდა.

მეოთხედფინალში ქართველი საკუთარ კერპს და თანამედროვე ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას, 39 წლის როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა, რომელიც მძიმე ტრამვისა და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, აქტიურ სპორტს სწორედ ყატარის კორტებზე დაუბრუნდა.

ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდას მოუგო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

“ეს დაუჯერებელია“ - თქვა მსოფლიოს მე-6 ჩოგან ფედერერთან მატჩის შემდეგ ბასილაშვილმა, ქართველმა შვეიცარიელს საათსა და 52 წუთში და სამ სეტში აჯობა 3:6, 6:1, 7:5 და კარიერაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარფინალში ბასილამ ძალიან იოლად სძლია ამერიკელ ტეილორ ფრიტცს 7:6, 6:1 და ფინალში, ალბათ, კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა ესპანელი ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ, რომელიც დოჰას 2019 წლის ტურნირის გამარჯვებული იყო. მიმდინარე გათამაშებაში კი აგუტიმ Qatar ExxonMobil Open-ის 2020 წლის ჩემპიონი რუსი ანდრეი რუბლევი გამოთიშა. ბასილაშვილი ფინალში თავის თავს არ ჰგავდა და ესპანელს ერთი ამოსუნთქვით და ბრწყინვალე სტილში მოუგო 7:6, 6:2

ბასილა ფინალში შეუჩერებელი იყო
ბასილა ფინალში შეუჩერებელი იყო

დაჯილდოების ცერემონიაზე ქართველმა ორგანიზატორებს სთხოვა, რამდენიმე სიტყვა ქართულ ენაზე ეთქვა და შვილსა და ფანებს მიმართა: „ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის" - თქვა ბასილამ, რომელსაც შემაკავებელი ორდერი შვილთან მიახლოებას უკრძალავს.

ბასილაშვილს 2020 წლის 21 მაისს, ბრალი სწორედ არასრულწლოვანი შვილის - ლუკასის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. ჩოგბურთელი სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის საფუძველზე დააკავეს. ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ჩვენების საფუძველზე ექვსი შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული.

2020 წლის 21 მაისი, ბასილაშვილი ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია
2020 წლის 21 მაისი, ბასილაშვილი ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია

ბასილაშვილს წინ რთული სასამართლო განხილვები ელის, ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, რომ იგი მოძალადეა, ჩოგბურთელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ბასილაშვილის მიმართვას შვილისადმი ასე გამოეხმაურა ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე:

მას (ბასილაშვილს) შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით“
ანა აბაშიძე, ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი


„ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით“ - წერს სოციალურ ქსელში ანა აბაშიძე.

ბასილაშვილი უკვე ნახევარი წელია გერმანელ ჩოგბურთელ შარლოტა ჰელენასთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც დოჰაში გამარჯვების შემდეგ საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

ბასილას ახალი სიყვარული გერმანელი შარლოტა ჰელენი
ბასილას ახალი სიყვარული გერმანელი შარლოტა ჰელენი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში ტრიუმფით კარიერაში ATP-ის ეგიდით მე-4 ტიტული მოიპოვა. მანამდე, 2018 და 2019 წლებში, მან ზედიზედ ორჯერ ჰამბურგის ATP 500 მოიგო, 2018 წელს კი ჩინეთის ATP 500-ზე გაიმარჯვა.

Qatar ExxonMobil Open-ზე ქართველის გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა, მით უმეტეს, ლეგენდარული როჯერ ფედერერის ძლევის ფონზე. ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ასეთი დიდი გამარჯვებები თითზე ჩამოსათვლელია:

1973 წელს, უიმბლდონის ტურნირის მეოთხედფინალში, ალექსანდრე მეტრეველმა მსოფლიოს მე-3 ჩოგანს ამერიკელ ჯიმი კონორსს ნამდვილი თრილერი მოუწყო 8:6, 6:2, 5:7, 6:4 და შემდეგ, ფინალში ჩეხოსლოვაკიელ იან კოდეშთან წააგო.

1991 წელს, ვაშინგტონში, ლეილა მესხმა მეოთხედფინალში ჩეხი იანა ნოვოტნა დაამარცხა, რომელიც იმ დროს მსოფლიოს 7-ე ჩოგანი იყო. იმავე წელს, ჰილტონ ჰედ აილენდის ტურნირის მე-16 ფინალში, მესხმა მსოფლიოს მე-6 ჩოგანი ჯენიფერ კაპრიატი გამოთიშა. მეოთხედფინალში კი მსოფლიოს მე-4 ჩოგანს ლეგენდარულ მარტინა ნავრატილოვას 6:4, 2:6, 6:4 აჯობა. 1993 წელს, მესხმა უკვე მე-9 ჩოგან კაპრიატის ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეშიც შანსი არ დაუტოვა.

2001 წელს, ირაკლი ლაბაძემ კი რომელიც ATP-ის რეიტინგში 100-ე ადგილზე იყო, შანხაის ტურნირის პირველივე წრეში, სენსაციურად მსოფლიოს მე-2 ჩოგანს ამერიკელ ანდრე აგასის 7:6, 7:5 მოუგო.

16 მარტს, ბასილაშვილი ყატარიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადაინაცვლებს, სადაც Dubai Open-ის პირველ წრეში ისევ ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელსაც დოჰაში ნახევარფინალში ადვილად აჯობა.

ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან ერთად
ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან ერთად

Facebook Forum

XS
SM
MD
LG