ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი, როგორც მეგზური ნატოში


პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის პოლიტიკური მხარე რელიგიურმა საკითხმა გადაფარა , კერძოდ ახალქალაქში რაბათის ციხის რეკონსტრუქციის თემამ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:08 0:00
ბმული

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება, სადაც თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ბურსას რაიონში გაემგზავრა და ქალაქ ინეგულში ადგილობრივებს შეხვდა.

პრეზიდენტის ვიზიტის პოლიტიკური მხარე გადაფარა რელიგიურმა საკითხმა, კერძოდ ახალქალაქში რაბათის ციხის რეკონსტრუქციის თემამ. ქართულ მედიაში ყველაზე მეტი დრო ამ საკითხს დაეთმო.

სააკაშვილის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებას შეეხნენ, რასთან დაკავშირებითაც
თურქეთი საქართველოს დახმარებას დაჰპირდა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კარგად უნდა მოემზადოს ნატოს მომავალი სამიტისთვის და აღნიშნა, რომ მთავარი მეგზური ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით სწორედ თურქეთია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერს თავად დაათვალიერებინა წიგნი, რომელიც რაბათის ციხის მდგომარეობას ასახავს და განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე არანაირი კატეგორიული მოთხოვნა არასდროს ყოფილა, ამასთან, სააკაშვილის თქმით, თურქეთის პრემიერთან მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქართველი სპეციალისტები უპრობლემოდ დაიშვნენ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების არა მხოლოდ აღსაწერად და მოსანახულებლად, არამედ შესასწავლად და აღდგენის პროცესში მონაწილეობის მისაღებადაც.

„პრემიერ მინისტრთან განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ესაა პირველ რიგში თურქეთის დახმარება ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ მომავალი სამიტისთვის. მთავარი ჩვენი მატარებელი ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, სწორედ თურქეთია. ვისაუბრეთ ეკნომიკურ თანამშროლმებაზე, ასევე დეტალურად ჩავიარეთ ახალციხის მეჩეთთან, რაბათის კომპლექსთან დაკავშირებული საკითხები. მინდა ვთქვა, რომ აქ წამოსვლის წინ, საქართველოს მთავრობიდან შემოვიდა თხოვნა, რომ ჩქარა მოგვეწერა ხელი იმაზე, რომ ამ მეჩეთს გუმბათი უნდა მოენგრეს და შიგნითაც რაღაცეები შეიცვალოს, რასაც მე ხელი არ მოვაწერე და როდესაც შევხვდი პრემიერ–მინისტრ ერდოღანს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი. პრემიერ მინისტრი დამეთანხმა, რომ გუმბათი, როგორც არის ოქროსი, უნდა დარჩეს იქ სადაც არის. ყველა სხვა საკითხი ძალიან დელიკატურად უნდა განვიხილოთ სპეციალისტებს შორის. შევთანხმდით, რომ ჩვენ ძეგლებზე თურქეთში ადრე თუ უბრალოდ აზომვებზე შევდიოდით, შეუშვან სრული მასშტაბით ქართველი სპეციალისტები. ამაზე დათანხმდა პრემიერ–მინისტრი. არქეოლოგები, რესტავრატორები, არქიტექტორები, რათა შეისწავლონ და მოამზადონ ამ ჩვენი ძეგლების აღდგენის პროცესი, დაუშვან ყოველგვარი წინაპირობისა და დროის გაწელვის გარეშე,“– განაცხადა სააკაშვილმა.

ინეგულში საქართველოს პრეზიდენტმა ორ ეთნიკურად ქართველს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა. როგორც თავად განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მათ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართეს, რაც პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. ერთ–ერთ ოჯახში სტუმრობისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთიდან წამოიღებს იმ ადამიანების სიას, ვისაც სურს ორმაგი მოქალაქეობა და მათ თხოვნასაც გაითვალისწინებს, რადგან საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ადამიანები.

„ყველა, ვინც შეინარჩუნა, ქართული ენა, კულტურა და საქართველოსთან კავშირი, გამატანეთ აქედან სია და გპირდებით, უახლოეს დღეებში ხელს მოვაწერ და მოცემთ საქართველოს მოქალაქეობას,“– განაცხადა სააკაშვილმა ინეგულში.

პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას წამოჭრილ რაბათის ციხის საკითხს დღეს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

„ჩვენ შევისწავლით კიდევ რა საკითხზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში, რადგან არამგონია მხოლოდ რაბათის გუმბათის ფერზე ყოფილიყო შეხვედრა. რაბათის გუმბათთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემაა. აქ არაა საუბარი მხოლოდ ფერზე, არამედ ცხაურებზე და ბევრ სხვა საკითხზეც, რაზეც გუშინ ჩვენ გვქონდა მსჯელობა. თუ რაიმე გადაწყვეტილება საერთო იქნება მიღებული, ჩვენი აზრი ასეთია, რომ კიდევ გავაცნოთ საზოგადოებას, ვესაუბროთ და სპეციალისტებმა ყველას თანდასწრებით გადაწყვიტონ, რა და როგორ ჯობს, კითხვის ნიშნები რომ იყოს ნაკლები.“

რაბათის ციხის საკითხზე კომენტირებისას პოლიტიკოსები როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობიდან ერთი და იგივე შინაარსის მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. თითოეული მათგანის აზრით, საქართველოში სხვა, გაცილებით ბევრი და მნიშვნელოვანი პრობლემაა გადასაჭრელი, რაბათის საკითხი კი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტებს უნდა დაუთმონ.
გიორგი ვაშაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

„ამ ახალ ხელისუფლებას მეტი საქმე არ აქვს, რაბათზე რომ არ ისაუბროს? ასაშენებელია ცოტა? დასასაქმებელია ცოტა? აგერ ხალხს პრობლემები აქვს. მოახმაროს ენერგია დაპირებების შესრულებას და ხალხისთვის ყოველდღიურობის შემსუბუქებას. რა დროს რაბათის სახურავია და რა დროს სამი არქიტექტურის პრინციპული პოზიციაა, სახურავი ტყვიისფერი უნდა იყოს თუ თუთიისფერი უნდა იყოს. დღეს იყო ძალიან მარტივი განცხადება, თურქეთის პრემიერ–მინისტრიც იმას ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ, არც იმასთან აქვთ პრობლემა, რომ ჯვრის სიმბოლოანი ქვები უნდა გამოიტანონ მაინცდამაინც“.

ზურაბ აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

„სააკაშვილმა და მერაბიშვილმა აიღეს თავის თავზე კულტურული ექსპერტობა. არსებობენ ამისთვის სპეციალისტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მათი აზრისა და მათი დასკვნების შესაბამისად უნდა კეთდებოდეს არქიტექტურა და არა ისე, ფასადურად, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში: მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის გემოვნებით, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. მე მომხრე ვარ იმისა, რომ ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლონ ეს საკითხი და მხოლოდ მას შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება.“

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში ხვალ დასრულდება.
XS
SM
MD
LG