ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადია


დავა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის ირგვლივ

კანონი ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” უნდა გახდეს უფრო ლიბერალური, სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.
მთავრობის მიერ ინიცირებული ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო უმცირესობას ხმა არ აქვს ამოსაღები, იმიტომ რომ მისივე თქმით,ოკუპაციამდე ქვეყანა სწორედ დღევანდელი უმცირესობის პოლიტიკამ მიიყვანა”:
”შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რაც დაუშვა სააკაშვილმა.ოკუპაციის კანონი რჩება, რჩება სახელწოდებაც, მაგრამ ის მოქალაქეები, ვისაც არაფერი საერთო არ აქვთ ოკუპაციასთან ამის გამო ზარალდებიან. კანონი უნდა იყოს მკაფიოდ მიმართული ოკუპანტების წინააღმდეგ და არა იმ ხალხის მიმართ, ვისაც არაფერი საერთო არ აქვს ოკუპაციასთან. ეს არის სხვა ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად, რომლებმაც არ იციან რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილებიან და შემდეგ აღმოჩნდებიან ქართულ ციხეებში. მიმაჩნია, რომ ეს არის ზედმეტად მკაცრი ნორმა, ჩვენ არ ვუარვყოფთ კანონის დარვევას, არ ვუარვყოფთ სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ პირველ ეტაპზე კანონი უნდა იყოს შედარებით ლიბერალური, ვადასტურებ ამას. და უნდა იყოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. შემდეგ შეიძლება იყოს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა , თუ მეორედ გაიმეორეს კანონის ეს დარღვევა”.
მთავრობის აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს , რომ ”ივანიშვილი, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები ბედავენ ქართველი ხალხი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესში შეიტყუონ”:
”კანონში ცვლილების მიხედვით საქართველოს ექნება ორი ტიპის საზღვარი. ერთი საზღვარი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის , რომლის დარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 ლარი დაუჯდება და მეორე - საზღვარი საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და რუსეთს შორის, რომლის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება”.
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური თვლის, რომ კანონში ”ოკუპაციის შესახებ” ცვლილების შეტანა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაასუსტებს:
”უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს პარლამენტში განიხილება ოკუპაციის კანონში შესატანი ცვლილებები. საუბარია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეიცვალოს ადმინისტრაციული დევნით. ამ კანონის შეცვლა უპრიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენი მოწინააღმდეგე და ოკუპანტი ქვეყანა გადადგამდა გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგრამ ჩვენ ასეთ პოზიტიურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რით არის გამოწვეული ეს ცვლილებები კანონში.
19 აპრილს ჩვენ ვიხილავთ საჯარო დემონსტრაციას და იხილავთ, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ეროვნულ ინტერესებთან ბრძოლას”.
”თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშნელოვანია სწორედ საქართველოს უსაფრთხოების კუთხით:
”სამთავრობო ინიციატივასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ არის წინგადადგმული ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხს პირველ ნაბიჯად ჩავთვლი, ე.ი. პირდაპირ კი არ იჭერენ ადამიანს და ციხეში კი არ აგდებენ, არამედ პრევენციული ზომებია მიღებული, ჯერ ჯარიმები და განმეორების შემთხვევაში ის, რაც ძველ კანონში იყო. ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ამბობს არის სიცრუე, თითქოს ვერ გაერკვა უმრავლესობა რომ ეს ეხება არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსვლას, არამედ რუსეთიდან, რუსეთის საზღვრებიდან. ყველაფერში კარგად ვართ გარკვეულები, ყველაფერი კარგად ესმის უმრავლესობასაც და დანარჩენ მოსახლეობასაც, რომ ეს საკითხი არის ზუსტად საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ”ოკუპაციის კანონი” , რომელიც არის ერთგვარი დაძაბულობის მუხტის მატარებელი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში, ამ საკითხის გარღვევა და დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების კუთხით”.
ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის თქმით, ის, რომ ტერმინი ”ოკუპაცია” საერთაშორისო დოკუმენტებიდან იქნას ამოღებული - ევროკავშირის რეკომენდაციაა. სოსო ცისკარიშვილის თქმით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ექსპერტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის თხოვნა გააჟღერა , რომ ევროკავშირს აქვს თხოვნა და სურვილი, რომ ქართულმა მხარემ ტერმინი ”ოკუპაცია” ხმარებიდან ამოიღოს და შეიტანოს ცვლილებები კანონში ოკუპაციის შესახებ.
სოსო ცისკარიშვილის თქმით ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 2013 წლის ნოემბერში იგეგმება, არ იქნება განხილული არცერთი დოკუმენტი, რომელიც სიტყვა ”ოკუპაციას” შეიცავს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენს:
”28-29 ნოემბერს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე პარაფირება მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რომლის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი”.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე თვლის, რომ ევროპის და აშშ-ის აზრით იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შედგეს გარკვეული ურთიერთობები, ტერმინი ”ოკუპაცია” უნდა შერბილდეს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG