ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ხუთშაბათს დაამტკიცებს


სხდომა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

დღეს, ქუთაისში, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც გამარჯვებული კოალიციის -„ ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

„ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები. მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილებების პროცესი დემოკრატიის განვითარებისთვის. გუშინ „ნაციონალური მოძრაობა" იყო უმრავლესობაში, დღეს - „ქართული ოცნება", შესაძლოა მომავალში უმრავლესობაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდეს. გამორიცხული არაფერია. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც გამოსვლის დროს განსაკუთრებული ღელვა ემჩნეოდა. მან საკუთარ სიტყვაში ახალი ინიციატივაც გააჟღერა, რაც გულისხმობს მერების, გამგებლებისა და გუბერნატორიების პირდაპირი წესით არჩევას.

ახალი პარლამენტი და პარლამენტარები კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა.

მერვე მოწვევის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, დავით უსუფაშვილი დაამტკიცეს. საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა არჩევნების წინა პერიოდზეც და განაცხადა, რომ ყოველი უკანონო ქმედება იქნება გამოძიებული და ყველას დაეკისრება ადექვატური სასჯელი:

„ვითარება, რაც იყო ქვეყანაში შექმნილი, წარმოადგენდა არასწორი სისტემის შედეგს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა. მან, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ჯეროვნად უნდა იქნას დაფასებული სანდრო გირგვლიანის დედის, ქალბატონი ირინა ენუქიძის ღვაწლი.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" პირველი რიგის ამოცანა იმ დაპირებების შესრულებაა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არ აპირებს, როგორმე დააბრკოლოს იმ კანდიდატების დამტკიცება პარლამენტის მიერ მინისტრებად და სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება" მიიჩნევს საჭიროდ. ბაქრაძის განცხადებით, ამგვარ კენჭისყრებში „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც დღის წესრიგში დადგება უმცირესობიდან ვიცე-სპიკერის არჩევვის საკითხი. „ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ხუთშაბათს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG