ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყლის პრობლემა კონფლიქტის ზონაში


დავით ნარმანიას განცხადებით, ქართული ოცნების დაპირებებს შორის ერთ-ერთი წყლით უზრუნველყოფაც იყო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გუშინ სარწყავი სისტემის ერთი აღდგენილი მონაკვეთი გაიხსნა. ეს კარბის სათავე ნაგებობაა, რომლის მეშვეობით სარწყავ წყალს 23 ქართული სოფელი მიიღებს, ამავდროულად, კარბიდან წასული წყალი რამდენიმე ოსურ სოფელსაც მოამარაგებს, მათ შორისაა არცევი, მაქსისუბანი, ოტრევი, წინაგარა და შესაძლებელია ამ ჩამონათვალში სოფელი ორჭოსანიც მოხვდეს, რაც ოსური მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა.

ამ რამდენიმე დღის წინ გორში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ადმინისტრაციულ ზოლში მდებარე სოფლების მდგომარეობას ეხებოდა, ითქვა, რომ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი ქართულ-ოსურ შეხვედრებზე თავად ოსური მხარის ინიციატივით დადგა, რაც ქართველებისთვის მოულოდნელობა იყო. 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი მაგისტრალური არხის დარჩენის გამო სარწყავი წყლის პრობლემა გადაუჭრელად დგას. სარწყავი წყალი შიდა ქართლის სოფლებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან აქ ყველა აგრარულ მეურნეობას მისდევს. უწყლოდ ხუთი წლის მანძილზე დარჩენილი ხეხილის ნაწილი გამხმარია. არაერთმა მოსახლემ ხეხილის ბაღები უკვე შეშადაც გამოიყენა. გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე, აქ არხები ქართულ-ოსურ სოფლებს შორის გადის, სათავე კი ცხინვალში და ზონკარში მდებარეობს, სადაც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება.

ამდენად, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე სარწყავ წყალს, რომელსაც ჯერ ქართული სოფლები უნდა გაევლო და შემდეგ ოსურში შესულიყო, ამ არხებში არ გაუვლია. ცხინვალის წარმოამდგენელმა ხოხ გაგლოითიმ ონციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ერგნეთში გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათი სურვილია წყალი ოსურ სოფლებამდე მივიდეს, მათ შორის წიანაგარა-ორჭოსანამდე. სარწყავი წყლის აღდგენის პროექტი გაყინული წერტილიდან დაიძრა, ამ დროისთვის სარწყავ წყალს აღნიშნული სოფლებიც იღებენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც გუშინ არხის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა, ამბობს, რომ ქართული ოცნების დაპირებებს შორის ერთ-ერთი წყლით უზრუნველყოფაც იყო.

„მნიშვნელოვანი პროექტია როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სოციალურად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ ცხოვრობს, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავბული მოსახლეობა. თუ ისინი არ გამოიყენებენ და ვერ გამოიყენებენ ამ სისტემას, მათი შემოსავლები შემცირდება. წელს მათი დიდი ნაწილი შეძლებს იმას, რომ გამოიყენოს ეს არხები, როდესაც ზაფხულის ცხელ პერიოდში იქნება მორწყვის აუცილებლობა. ეკონომიკური თვალსაზრისით, როცა შეიძლება რომ გამოიყენონ ეს სისტემა, მათი შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა მინისტრმა.

წელს მთაი დიდი ნაწილი შეძლებს გამოიყენოს სარწყავი არხები.
გელა ზოზოაშვილი, რომელიც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში ექსპერტად მუშაობს და სწორედ სარწყავი სისტემების საკითხს კურირებს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წყალი აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით ერთ თვეს იქნება. ერთი თვის შემდეგ კი შესაძლოა როგორც ოსურმა, ისე ქართულმა სოფლებმა კარბიდან წყალი ვეღარ მიიღონ. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის არხი იკვებება მდინარე პატარა ლიახვიდან მომდინარე წყლით. ერთი თვის შემდეგ კი, როდესაც მდინარეში წყლის დონე მკვეთრად დაიწევს, მისი შევსება სხვა რესურსებით იქნება საჭირო. კონკრეტულად კი ცხინვალში მდებარე სათავე ნაგებობიდან. მისი თქმით:

„ერგნეთიდან კარბამდე მონაკვეთი ცარიელია, არხში წყალი არაა, მაგრამ კარბოდან წინაგარამდე წყალი მიედინება საკმაოდ დიდი რაოდენობით და მოსახლეობა კმაყოფილია. ეს სოფლები, მათ შორის წინაგარა, დარჩება უწყლოდ მას შემდეგ, თუ არ იქნება გადაწყვეტილება ცხინვალიდან წყლის გამოშვების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, წყალი ფიზიკურად საკმარისი არ იქნება. ოსური სოფლები ბოლო წერტილია აქედან, ჩვენ, დიდი სურვილიც რომ გვქონდეს, თუ არ დავახმარეთ წყალი, ფიზიკურად არ იქნება საკმარისი. ჩვენ ამას ოსურ მხარეს ვეუბნებით. ახლა, როდესაც მდინარეზე წყლის დონე აწეულია, წყალი სამკარისია, მაგრამ ერთ თვეში ასე აღარ იქნება, ამიტომ საჭიროა დებეტის გაზრდა. აი, ამ წუთას მე აქ ვარ, არხი სავსეა.“

ზემოთხსენებული ზონკარის წყალსაცავს, რომელიც მაღალ მთებში მდებარეობს, წყლის უზარმაზარი რესურსის დატევა შეუძლია. მისი ტევადობა 40 მლნ კუბური მეტრია. ორი წლის წინ წყალსაცავზე პრობლემები შეიქმნა, იგი გადაუდებელ შეკეთებას საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ქართული, ასევე ოსური სოფლების დატბორვის საფრთხე რეალობად იქცეოდა. მაგრამ ვის და როგორ უნდა შეეკეთებინა წყალსაცავი, ეს საკითხი მარტივად არ გადაწყვეტილა, თუმცა გამოსავლის გამოძებნა მაინც შესაძლებელი აღმოჩნდა. ამ გამოსავალს პრეცედენტულს უწოდებს გელა ზოზიაშვილი. ორი წლის წინ ზონკარის წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეუთოს დახმარებით დაიწყო. დღეის მდგომარეობით წყალსაცავი სრულ წესრიგშია და მისი შევსება 1 ივნისიდან უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ წყალის პრობლემა ზაფხულისთვის დაიძლიოს.

„ზონკარის კაშხალის შევსება პირველი ივნისიდან უნდა დაიწყოს. ამ დროიდან თუ არ მომარაგდა წყალი, დადგება შევსების პრობლემა და შესაბამისად, სოფლების მომარაგებასაც სარწყავი წყლით, საფრთხე შეექმნება. ეს კომპლექსური თემაა. ცალსახად რომ ვთქვათ, კარბის სათავედან მოხდა სარწყავი წყლის გაშვება, მთლად ასე არაა, აქ უამრავი თანმდევი პროცესებია, რამაც სარწყავი სისტემა ბოლომდე უნდა უზრუნველყოს. წყლის ძირითადი მომწოდებელი ზონაკრის წყალსაცავია, მარაგი იქ უნდა იქნეს აღებული და შემდეგ მოწოდებული, მაგრამ თუ ჩვენ შევძელით მოლაპარაკება ოსებთან, მაშინ საკმაოდ იაფი დაჯდება წყლის აღება თვითდინებით, დიდი ლიახვის კალაპოტიდან - ცხინვალში არსებული სათავე ნაგებობიდან, ვიდრე სატუმბო სადგურებიდან წყლის გადაქაჩვა, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ორი კომპონენტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და განხილული: ესაა ზონკარის წყალსაცავი და დიდი ლიახვიდან მიწოდება წყლის ან თვითდინებით (ცხინვალიდან) ან ტუმბოების მეშვეობით, რომლებიც ცოტა ქვემოთ, ნიქოზშია აშენებული. ეს უკანასკენლი გაცილებით მცირე ფართობს ასარწყავებს და თან გაცილებით ძვირი ღირს,“ ამბობს გელა ზოზიაშვილი.

კარბის სათავე ნაგებობის აღდგენა 13 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია. მასში მონაწილეობა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ, ასევე ინფრასტურუქტურის სამინისტრომ მიიღო. ერთი თვის მანძილზე სარწყავი წყლის პრობლემა 23 ქართული სოფლისთვის აღარ იდგება, თუმცა შემდგომ, ქართულ-ოსური ერთობლივი სოციალური პროექტების გარეშე იგივე დილემა კვლავაც აქტიურად დადგება.
XS
SM
MD
LG