ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუხროვანის ამბოხის მონაწილეები არასწორად წარმოებულ ომზე საუბრობენ


მამუკა გორგიაშვილის თქმით, მუხროვანში ამბოხი არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სამხედროების მიერ გამოთქმული პროტესტი იმის გამო, რაც ომამდე, ომში და ომის შემდგომ ხდებოდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:15 0:00
ბმული
ამნისტიით, სხვებთან ერთად, ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხის მონაწილე 6 სამხედრო პირიც გათავისუფლდა. ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი, რომელიც ომამდე გორში იყო დისლოცირებული, შემდეგ კი მუხროვანში, უმეტესწილად შიდა ქართლში მცხოვრები სამხედრო პირებითაა დაკომპლექტებული. ბატალიონს 2008 წელს ომში უმნიშვნელოვანესი პოზიცია ეკავა. ომიდან რამდენიმე თვეში კი მისი მეთაური და წევრები, სულ რვა ოფიცერი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. გუშინ გორში, სახალხო დარბაზის ინიციატივით, ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხის მონაწილეები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეხვდნენ. თამაზ მაყაშვილი, სახალხო დარბაზის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბატალიონის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ შოთა, იგივე მამუკა გორგიაშვილისა და მისი თანამებრძოლების სამშობლოს მოღალატეობა არავის მიუჩნევია სიმართლედ, ვინც მათ პირადად იცნობდა.

შეხვედრას მამუკა გორგიაშვილთან ერთად ასევე ამნისტიით განთავისუფლებული ბატალიონის წევრი ზურა ბზიშვილი, გორგიაშვილის მოადგილე ხვიჩა წულაია და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელი არჩილ გვერდწითელი ესწრებოდნენ. მამუკა გორგიაშვილი ამბობს, რომ მუხროვანში ამბოხი არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სამხედროების მიერ გამოთქმული პროტესტი იმის გამო, რაც ომამდე, ომში და ომის შემდგომ ხდებოდა. ბატალიონის წევრები, რომლებიც ზედმიწევნით საფუძვლიანად იცნობენ სამხედრო საქმეს, მიიჩნევდნენ, რომ არაკომპეტენტურობისა და სწორი გეგმის უქონლობის გამო, ომამდე, ისევე როგორც ომში, სახელმწიფოს მიერ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ბატალიონში უკმაყოფილების ზრდას, ომის შემდგომ ხელი იმან შეუწყო, რომ ომის შეფასებისასაც იგივე მეორდებოდა. ბატალიონის წევრების პროტესტის განეიტრალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა, რაზეც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადეს. მამუკა გორგიაშვილი ამბობს:

„ჩვენი ნაწილი ალყაში იყო და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მის წევრთა სიცოცხლე გადამერჩინა. ბაჩო ახალაიას, რომელსაც იმ წუთს ვხვდებოდი მუხროვანში და რომელმაც მკითხა, რას ითხოვო, ვუპასუხე, ტყვია არ გავარდეს თქვენგან, მე ჩემი ბიჭები გაფრთხილებული მყავს და არავინ გაისვრის–თქო. სულ ეგ არისო? მე ვუპასუხე რომ კი. „არა, კიდევ რას ითხოვო“, მკითხა. მაშინ მივხვდი, რომ ეს მათ არ ყოფნიდათ. ამ დროს ახალაიას ტელეფონზე ზარი შემოვიდა. მან მითხრა, პრეზიდენტს ესაუბრეო. მე ავიღე ყურმილი და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვასწარი: გისმენთ. მეტი ვერაფერი ვთქვი, მაშინვე დაიწყო საუბარი პრეზიდენტმა, რომ დავით აღმაშენებელია და ასე შემდეგ. მე ჩამოვიღე ყურმილი. ახალაიამ მითხრა, რას შვრები, პრეზიდენტი გელაპარაკებაო. მე ვუთხარი, „არ მაინტერესებს“ და დავუბრუნე უკან ტელეფონი, გუთხარი, მას გაეცა პასუხი ჩემს ნაცვლად. შემდეგ გავიგე, რომ სტუდენტებთან შეხვედრაზე უთქვამს, თითქოს ჩვენ ვითხოვდით ციხიდან ხალხის გამოშვებას და ვაპირებდით გადატრიალებას, რაც სრული აბსურდია. დახურულ სასამართლოზეც კი არ წარმოადგინეს სატელეფონო ჩანაწერი. თუ ამას ვითხოვდი, ეს ხომ ცალსახა მტკიცებულება იქნებოდა, ჩემი პირდაპირი აღიარება. არადა არ მომითხოვია ეს სინამდვილეში. ვთქვი, რომ ჯარს არ გავიყვანდი 26 მაისის აღლუმზე. ეს თავისთავად ცხადია, ურჩობა და პროტესტია, თუმცა მოტივებიც სერიოზული არსებობდა ჩვენთვის. მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, გასაგებია, მაგრამ მთელი შემადგენლობა თანახმა იყო გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ჩვენ ჩვენი საზომებით ვზომავდით, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ამბებს. ვფიქრობდით, რომ ჩვენი პროტესტის მიზეზების შესახებ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა. თავდაცვის სამინისტრო იმდენად დახურული სისტემა იყო, რომ სხვაგვარად გარღვევა, გარეთ გამოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ფაქტობრივად ნიშნავდა შეცდომების აღიარებას ომში. აქ ისეთი შეცდომების კასკადია, მას პრესკონფერენცია კი არა, პროკურატურის მხრიდან კვირაობით დაკითხვა არ ეყოფა არა მარტო ჩემი, არამედ სხვებისაც“.

სამხედრო შეცდომები, რაც კვალიფიციური ადამიანებისთვის თვალშისაცემი იყო და რომლის მიხედვით მოქმედება უცილობელ კრახს ნიშნავდა – გუშინდელ შეხვედრაზე ამ საკითხებსაც შეეხნენ. ხვიჩა წულაია, გორგიაშვილის მოადგილე, ამბობს:
„არსებობს კანონი ტოტალური თავდაცვის შესახებ. წესის მიხედვით, უპირატეს მოწინააღმდეგეს თავი უნდა აარიდო, უნდა დაიმალო. ამ დროს მეუბნებიან, რომ გადავიდე ტოტალურ თავდაცვაზე. ტოტალური თავდაცვა სულ სხვა რამეა, თავის არიდება სხვა. ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი აქვს. ახლა მე მეთაური ვარ. ერთი დოკუმენტი მეუბნება ტოტალურად დავიცვა თავი და ყველაფერი გამოვიყენო ამისთვის, მეორე დოკუმენტი კი მეუბნება თუ უპირატესი მოწინააღმდეგეა, თავი აარიდე, შინარჩუნე თავი, დაიმალეო. რომლით ვიხლემძღვანელო? იცით ეს რატომ მოხდა, იმის გამო, რომ არაპროფესიონალმა დაწერა. ერთმა შვეიცარული დოტქტრინა თარგმნა, მეორემ ამერიკული, მესამემ ინგლისური და ესენი ერთმანეთს არაპროფესიონალმა მიაბა.“

არჩილ გვერდწითელი, რომელიც გაერთიანებულ შტაბში მუშაობდა, ამბობს, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით არსებობს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დანაყოფები. ერთ–ერთი მათგანი სწორედ აღნიშნული ბატალიონია, რომელშიც მიმდინარე მოვლენები გაკვეთილი იყო ყველა დანარჩენისთვის.
ამ
„თეორიული და პრაქტიული დოკუმენტები, რითაც ჯარი ხელმძღვანელობდა და რაც ომამდე ერთი წლით ადრე მივიღეთ, ისეთი შინაარსის იყო, რომ წავიკითხე თუ არა, ჩემ თავსაც ვუთხარი და სხვებსაც, ომის დაწყებისა და ამ დოკუმენტებით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, ჩვენ ომს წავაგებდით. მერე, როდესაც ომი დამთავრდა და დაიწყო გარჩევა მტყუან–მართლისა, ეს დოკუმენტები გამოიყენეს იმისთვის, რომ ვისაც ყველაზე დიდი ყარყოფითი „დამსახურება“ ჰქონდა, მათ წოდებებიც მიიღეს, სამი, ოთხი და ხუთი ორდენი აქვთ მიღებული ერთი ომისთვის და თანამდებობრივადაც დაწინაურდნენ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც სწორად მოქმედებდა და ყველა სამხედრო წესს იცავდა, დაიჩაგრნენ, დაისაჯენენ, გამოგდებული იქნენ და ციხეშიც წავიდნენ. ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს, ან ერთი კონკრეტული უწყების ბრალი, ესაა კომპლექსურად არასწორი მიდგომის ბრალი, იმ დოკუმენტებიდან დაწყებული, პიროვნული ფაქტორებით დამთავრებული. ომის შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ დოკუმენტების გადახედვა, უარყოფითი უნდა გაეუქმებინათ და ახალი მიღოთ. ყველა ის დოკუმენტი დღეს ისევ ძალაშია, შეგიძლიათ თავდაცვის სამინისტროს საიტზე ახლაც შეხვიდეთ და ნახავთ,“– ამბობს არჩილ გვერდწითელი.

სამხედროების აზრით, უმნიშვნელოვანესია შეფასება, გაანალიზება, გააზრება იმისა, რამ გამოიწვია ომი. საჭიროა ფართო და ღრმა შესწავლა დოკუმენტების, ბრძანებების. ისინი ახლა ამას ელიან ახალი ხელისუფლებისგან. კითხვას კი იმის თაობაზე, თუ რა იყო ომის დროს დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა ასე პასუხობენ: თავად ომია შეცდომა.
XS
SM
MD
LG