ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს 26 ქალაქში აღინიშნა


სპეციალურ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები."

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:01 0:00
ბმული

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 26 ქალაქში დაიგეგმა. საზეიმო ღონისძიებათა ნუსხაში მცირე კორექტირება ამინდის გაუარესებამ გამოიწვია. დღეს დილიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, გორში, თელავში კოკისპირულად წვიმდა, რის გამოც დილისა და შუადღისთვის გათვალისწინებული ჩვენებები და პრეზენტაციები დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო ან დახურულ სივრცეში გადაინაცვლა.

წვიმის მიუხედავად, თბილისის თავზე ვერტმფრენებმა მაინც გადაიფრინეს. ვარდების მოედანზე კი გამოიფინა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ეს თარიღი განსაკუთრებულია იმ 72 კურსდამთავრებულისთვის, რომელთაც დღეს საზეიმო ფიცი დადეს ვარდების მოედანზე.

„განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე იმ ვაჟკაცებს, ვინც დღეს დადო ფიცი და ვისი საქმეც დღეიდან არის ჩვენი სამშობლოს დაცვა. მათთვისაა განსაკუთრებული დღე, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მათ საკუთარი სხეულით უნდა შეაჩერონ ის ტყვია, რომელიც საქართველოსთვის იქნება ნასროლი. განსაკთრებით ვულოცავ ასევე ბავშვებს. დღესაა იმის მაჩვენებელი დღე და აწი საერთოდ ასე უნდა იყოს, რომ არმია და საზოგადოება უნდა იყოს განუყოფელი. ყველამ უნდა გაიაზროს საზოგადოებაში, რომ არმიაც, პოლიციაც, მათავრობაც, მათთვისაა,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

„ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ერსა და ბერსა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხრივი პასუხიმსგებლობა არ არსებობს. ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი აწევს. მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარების პროცესს. ამ პროცესში კი უაღრესაც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დაგვეხმარებით ისე გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დავუშვათ არსებითი შეცდომები. პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციის ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდო-ტრადიციულობაში ჩაკეტილ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას. ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად ავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს,“- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

წელს პირველი 26 მაისია, რომლესაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ შეხვედრია. იგი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში იმყოფება, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ქართველი სამხედროები დააჯილდოვა.
ორი წლის წინანადელი დამოუკიდებლობის დღე გაიხსენეს „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმაც. 2011 წელს მათ მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველზე საგანგებოდ აღჭურვილი სპეცრაზმელების დახმარებით დაშალეს 26 მაისის ღამეს, დღე კი იმავე ტერიტორიაზე საზეიმო აღლუმი გაიმართა. აქციის დარბევის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 37 ადამიანი, არაოფიციალური ცნობებით კი დაშავებული 200 მეტია. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დაკავებულ ყოფილ პრემიერსა და შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთ ბრალად სწორედ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება აქვს წარდგენილი. „სახალხო კრების“ წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძე ამბობს:

„ჩვენ არ ვითხოვთ არც შურისძიებას და არც რევანშის მომხრე არ ვართ. ჩვენ ვითხოვთ და მოვითხოვთ სამართლიანობას არა იმიტომ, რომ ეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა სამართლიანობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი სწორედ ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ არასოდეს აღარავის არ მოუვიდეს თავში აზრად უკანონო ბრძანების გაცემა და უკანონო ბრძანების შესრულება.“

საზეიმო ღონისძიებები დღეს გვიანობამდე გასტანს. საღამოს ცხრიდან ათის ნახევრამდე საქართველოს რამდენიმე ქალაქში გრანდიოზული ფეიერვერკი და კონცერტია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG