ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნების“ შეკრება ბათუმში


ვიდრე „ქართული ოცნება“ ბათუმში აქციას გამართავდა, სამი დღით ადრე, იქ ცნობილი რუსი მომღერლის, ბათუმში დაბადებული ვალერი მელაძის კონცერტი გაიმართა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00
ბმული

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეკრება დღეს ბათუმში ჰქონდა. ანბანის კოშკთან საზოგადოებას შეუერთდა კოლონები ხელვაჩაურიდან, ქედადან, შუახევიდან და ქობულეთიდან. აქცია, ტრადიციისამებრ, შვიდ საათზე დაიწყო და კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა.

მან თავდაპირველად ბეშუმის გუშინდელი ინციდენტის შესახებ გააკეთა განცხადება და მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა კარგად დააკვირდეს იმ ადამიანების რაოდენობას, რაც აქციებზე იყრის თავს.

დღევანდელ შეკრებამდე ერთი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“აქტივისტებს შორის მორიგი ინციდენტი მოხდა. ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე მისვლა პრეზიდენტმაც გადაწყვიტა და ბიძინა ივანიშვილმაც. ბეშუმელებთან პირველად მიხეილ სააკაშვილი მივიდა, რომელმაც აჭარლებს შეახსენა ის ვითარება, რაც რვა წლის წინ იყო. მან განცხადება ოპონენტების თაობაზეც გააკეთა.

„ჩემო ახლობლებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო შვილებო, დებო, ძმები, ბაბუებო, ბებიებო, მე არ მახსოვს, ამდენი შევკრებილიყავით აქ, ბეშუმობაზე, შუამთობაზე. ბევრნი ვართ ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვრები ვართ. იმის გამო, რომ აჭარა, როგორ არასდროს, ახლა წელში გამართულია. აჭარა, რომელიც 8 წლის წინ ჩავიბარეთ, იყო შეურაცხყოფილი, ღატაკი, ჩაგვრის ქვეშ მყოფი, მაგრამ ამაყი, ძალიან ღირსეული, ძალიან მშრომელი, ძალიან კარგი ხალხი. დღევანდელი აჭარა არა მხოლოდ დანარჩენი საქართველოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ევროპის, ამერიკის კეთილი შურის, მიბაძვის, აღტაცების, ტაშის კვრის ობიექტია და ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ შევქმენით მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო რეგიონი. ეს ბოლო შუამთობაა, როდესაც აქ ამოვდივართ ცუდი გზით, დავიწყეთ გოდერძის უღელტეხილისა და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა, დაწყებულია ახალი სათხილამურო კურორტის მშენებლობა და აღარ იქნება გაჭირვება, სიღარიბე, იქნებიან ტურისტები, იქნება ტრასა, სასტუმროები. ჩვენ გვაქვს საუკეთესო საავადმყოფოები აჭარაში და უახლოეს მომავალში არავინ იქნება სამედიცინო დაზღვევის გარეშე. ამას წინათ რომელიღაც პოლიტიკოსს მოვკარი თვალი და ამბობდა, კი, ბევრი ააშენა მთავრობამ, ბევრი გააკეთა, მაგრამ ახლა ჩვენი მოსავლის დროც არის. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ“,– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც ბეშუმში აგრესიით შეხვდნენ, ადგილი დატოვა. „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ კი, იმავე დღეს პრესკონფერენციაზე ჩამოთვალა იმ საჯარო მოხელეების გვარები, ვინც ბეშუმის ინციდენტში იღებდა მონაწილეობას და აგრესიულობით გამოირჩეოდა.

უნდა გითხრათ, რომ ამ შეხლა–შემოხლის ოპერაციაში არ მონაწილეობდა არც ერთი ხულოს მკვიდრი, მინდა სახელები გაგაცნოთ მისი მონაწილეებისა: ხელვაჩაურის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს მოადგილე კახაბერ სირაბიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნუგზარ ბოლქვაძე, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ლორთქიფანიძე, კულტურის, განათლებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს სამაშველო–სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი გია ცისკარაძე, სახანძრო და სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ყველა მათგანი ამოცნობილია და არსბობს ვიდეო მასალა. თემურ პატარიძე, აჭარის კუდის მთავარი სამმართველოს უფროსი, ალეკო ბალაძე მისი მოადგილე, მინდია უშუბაძე, კუდის ხულოს სამმართველოს უფროსი, კუდის სპეცდანიშნულების რაზმი, 12 კაციანი ჯგუფი, ასეთი რაზმი არსებობს, ჩახერგვას ხელმძღვანელობდა სამთავრობო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვახტანგ კაზაზიშვილი,“– ამბობს მურმან დუმბაძე.

ბეშუმის ინციდენტის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ. გიორგი ბუხრაშვილმა, შსს–ს წარმოამდგენელმა განაცხადა:

„ხულოს რაიონში, ბეშუმში შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივებსა და მისულ ადამიანებს შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება. პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად, გამოიყენებს კანონით განსაზღულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და ფიზიკურ შეტაკებაში.''

„ქართული ოცნება“ სანამ ბათუმში აქციას გამართავდა, სამი დღით ადრე, იქ ცნობილი რუსი მომღერლის, ბათუმში დაბადებული ვალერი მელაძის კონცერტი გაიმართა, რომლის ორგანიზება „ორბი ჯგუფმა“ ითავა. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას აპირებს. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე კი „ქართული ოცნების“ წევრის, ფეხბურთელ კახი კალაძის ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ვალერი მელაძე და კახი კალაძე „ქართული ოცნების“ ლოგოან მაისურებში არიან გამოწყობილნი. მელაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართა ბათუმში, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა.

ამ დროისთვის პროკურატურა პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევას იძიებს, რომლებსაც ადგილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“აქტივისტებს შორის ჰქონდა.
XS
SM
MD
LG