ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლე საარჩევნოდ


The Bridge of the Peace in Tbilisi. (Yuli Weeks/VOA)

პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ იმ პატიმრებს, რომლებსაც ”ნაკლებად მძიმე დანაშაული” აქვთ ჩადენილი ელენე ბარათაშვილი, თბილისი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00
ბმული

1 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ”კარდაკარის” შედეგები, ამომრჩეველთა ერთიანი სია წარუდგინა, რომელშიც 3, 385, 844 მოქალაქეა დაფიქსირებული.

კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ეს სია საბოლოო არ არის და შესაძლოა შემდგომში კორექტივები განიცადოს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესწორებების შეტანა შესაძლებელია, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნებამდე 14 დღით ადრე .

მამუკა კაციტაძის თქმით, დაზუსტებულ სიაში შესულია ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები 310 113 ამომრჩეველი, გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი, რომელთა ხმის მიცემის უფლება კაციტაძის თქმით, კვლავ რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ.

55 277-ს შეადგენს ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ: თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციის და სასამართლოს თანამშრომლები.

საარჩევნო კოდექსში 2011 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ იმ პატიმრებს, რომლებსაც ”ნაკლებად მძიმე დანაშაული” აქვთ ჩადენილი. ხმის უფლების მიცემის პატიმართა რაოდენობა 1 295-ს შეადგენს.

სხვა ქვეყნებში თუ აქვს ადგილი ასეთ პრაქტიკას, ღებულობენ თუ არა პატიმრები არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში? ამ კითხვაზე ”თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის” ხელმძღვანელი კახა სოფრომაძე პასუხობს:

” სხვადასხვა სისტემებია. შესაბამისად, არის ქვეყნები, სადაც ღებულობენ პატიმრები მონაწილეობას, არის ქვეყნები, სადაც არა მარტო პატიმრებს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანებსაც ეკრძალებათ ხმის მიცემა. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთ ქვეყანაში ჯერჯერობით პატიმრებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. თუმცა, საქართველოში პატიმრების ყველა კატეგორიას არ მიეცა მაინც ხმის მიცემის უფლება,მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს შევაფასოთ გარკვეულწილად, პოზიტიურ პროცესად იმ კუთხით, რომ ამომრჩევლის ხმა არ იკარგება, მაგრამ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოშია და იმის გათვალისწინებით, რომ ციხეები საკმაოდ ჩაკეტილია, იქ ადამიანის უფლებები საკმაოდ შელახულია, ცოტა საეჭვოა რამდენად იქნება იმ ამომრჩევლების ნება გამოხატული და შემდგომში გადატანილი შემაჯამებელ საარჩევნო ოქმში. ამას ემატება ისიც, რომ ციხე დახურული დაწესებულებაა და იქ აგიტაციის გაწევის საშუალება პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ, ხოლო თვითონ შიგნით პატიმრები შეზღუდულნი არიან საინფორმაციო საშუალებების მიღებით. ერთადერთი რაც აქვთ , აქვთ რადიოები, რომელსაც ძალიან დაბალ ხმაზე ასმენინებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია ვთქვათ რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას. ეს იქნება დადებითი თუ უარყოფითი გვაჩვენებს ის, რამდენად გახსნიან ციხეებს და რამდენად შესაძლებელი, რამდენად გამჭვირვალე იქნება იქ პროცესების ჩატარება.

”ამერიკის ხმა”: - ასევე ორმაგ მოაქალქეობის მქონე პირებს ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რამდენია ასეთი ადამიანი, ვინც ფლობს ორმაგ მოქალაქეობას?

"ორმაგი მოქალაქეობის საკითხი საკმაოდ შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციით. პრინციპში, საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის მიღება ადვილი არ არის, პრეზიდენტს აქვს საგამონაკლისო უფლება, თუ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. აქედან გამომდინარე დაშვებულია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა იმ რეალობების გათვალისწინებით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც პრეზიდენტი საჩუქრის სახით არიგებს მოქალაქეობას იმ პირებზე, ვისაც შეიძლება გარკვეული დამსახურებაც კი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე და იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც გაუკეთებია, რაღაც შეუქმნია ამ ქვეყნაში, მას მოქალაქეობაზე პრობლემას უქმნის, ეს უკვე გარკვეულწილად ორმაგი მოქალაქეობის კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს. თუმცა, იმ მოცემულობის მიხედვით, რომ ორმაგი მოქალაქეების ინსტიტუტი არსებობს და ორმაგი მოქალაქეობა საქართველოში დაშვებულია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ უფლებას მას ვერავინ ვერ წაართმევს, რადგანაც მიანიჭეს მას მოქლაქეობა, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც აქვს.
რაც შეეხება ეროვნებას, სხვადასხვა ეროვნების არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ეთნიკური ქართველობის ნიშნით, ეს საკითხი არ წყდება. ამიტომ არის ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე.. თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, მაგრამ რადგანაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, უფრო მეტია მეზობელი თურქეთის მოქალაქე, შესაბამისად თურქეთის მოქალაქეების წილი არჩევნებში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში.”
XS
SM
MD
LG