ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ მიგრაციის სტრატეგია შეიმუშავა


სტრატეგიის პროექტზე კომისია 2011 წლის ივლისიდან მუშაობდა. ელენე ბარათაშვილი, თბილისი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:16 0:00
ბმული

საქართველომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად მიგრაციის სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიზანს საიმიგრაციო პროცესების მართვის სისტემის სრულყოფა და კოორდინაცია წარმოადგენს. მიგრაციის სტრატეგიის პროექტი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის თქმით, მიგრაციის სტრატეგიის შემუშავებით, საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირს. მისივე თქმით:

„წარმოდგენილი სტრატეგია პირველი დოკუმენტია, რომელიც საქართველოში მიგრაციის პროცესების მართვის კუთხით შეიქმნა.”

წარმოდგენილი დოკუმენტი მიგრაციის მართვის ყველა ასპექტს მოიცავს - ამბობს სახელმწიფო სერვისების განვითარების თავმჯდომარე გიორგი გაბრიელაშვილი. დოკუმენტის პრეზენტაციაზე მან განაცხადა, რომ მიგრაციის სტრატეგიის შექმნაში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

„საქართველო მიგრაციის პოლიტიკას ადრეც ატარებდა, ახლა კი ყველაფერს თავი ერთად მოვუყარეთ და შეიქმნა ერთი დეკლარირებული დოკუმენტი . მასში მიგრაციასთან დაკავშირებული ყველა გამოწვევაა ასახული. ამ გამოწვევებს უახლოეს 2-3 წელიწადში ვუპასუხებთ".

„ჩვენ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში აუცილებლად ვუპასუხებთ ამ გამოწვევებს. მათ შორის სრულფასოვან საინფორმაციო სისტემას შევქმნით, რომელიც სრულ სურათს მოგვცემს მიგრაციასთან დაკავშირებით. გვეცოდინება რეალურად მიგრაციის მოცულობა საქართველოში , რამდენი ადამიანი ლეგალურად არის, რამდენია არალეგალი, სრულად აღვრიცხავთ. გვექნება გამართული მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ, რაც არალეგალურ მიგრაციასთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მიგრაცია არის ყოვლისმომცველი, ძალიან მრავალწახნაგოვანი სფერო, იგი არ ეხება მხოლოდ რომელიმე ერთ სამინისტროს, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გვქონოდა კონსესუსი. ათზე მეტი სტრუქტურაა ჩართული სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში,მნიშვნელოვანი როლი აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.

საქართველოში მიგრაცია რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად. კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად და რა განაპირობებს მიგრაციის ზრდას, რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი პასუხობდა :

„როდესაც ცხოვრების პირობები არ ვარგა, იმ ადგილს მოქალაქე ტოვებს. საქართველო ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაა. პირადად მე, როდესაც პარლამენტის წევრის ვადა დამიმრთავდა, მას შემდეგ საქართველოში სამსახურს ვერ ვპოულობ. ადამიანებს ვერ მოსთხოვ, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით გამოირჩეოდნენ და საქართველოდან ფეხი არ მოიცვალონ.”

ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს:

„ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ მუშაობა ამ სფეროში, ასევე დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს თუ რა ცვლილებები ხორციელდება კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე. სტრატეგია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს არის პირველი დოკუმენტი, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ხდება ძირითადი სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა მიგრაციის სფეროში. გამოიკვეთა უკვე ის პრიორიტეტები, რომელზეც სახელმწიფო აპირებს აქცენტები გააკეთოს. ამ პრიორიტეტების მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო ვალდებულებით აღებული პასუხისმგებლობა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეფექტურად ითანამშროლონ, რათა მიღწეული იყოს ის შედეგები, რომელიც სტრატეგიაშია განსაზღვრული.”

კითხვით-დაგვიანებული ხომ არ არის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ზაზა იმედაშვილს მივმართეთ:

„დაგვიანებული არ არის, საჭიროებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. ეს ერთი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ამას საკმაოდ ხანრგძლივი პროცესი წინ უძღოდა და წარმატებით დამთავრდა. ჩვენ სამინისტროს გარკვეული ნიშა უკავია ამ სტრატეგიული ხაზის მიმართულებების განხორციელებაში. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული სტრატეგიის მიღებაში და შემდგომ სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში აქტიურად ვიქნებით ჩართული.”

სტრატეგიის პროექტზე კომისია 2011 წლის ივლისიდან მუშაობდა. დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG