ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოცვა არჩევნების წინ


მომავალ კვირა დღეს დაგეგმილია ფოთში რესტავრირებული ტაძრის გახსნაც


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის მიწვევით, დღეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრნენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მისი თქმით, ყოველი ტაძარი ლოცვისთვის შენდება, ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, რაც ათეული წლების მანძილზე, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კათოლიკოს პატრიარქის შემდეგ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ბაგრატი ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ამასთანავე ცხადი ფაქტი, დამადასტურებელი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისა.

პრეზიდენტმა მიმართა პარტიის წარმომადგენლებს და განაცხადა:

„ჩვენ შეიძლება ბევრი რამ განგვასხვავებს, პოლიტიკის, ეკონომიკის თაობაზე, მაგრამ ჩვენ იმედია არ განვსხვავდებით შეხედულებაში, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩავაბაროთ მტერს, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ამბიცია, რომ არასოდეს ჩვენ ქვეყანას არაფერზე არ გავცვლით, პიროვნულს არ დავაყენებთ საქვეყნოზე მარლა, ვიმოძრავებთ იმ გზით, რასაც ქვია საქართველოს გაძლიერება და გაერთიანება. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდეს საქართველოს, რადგან თუ რამე განასახიერებს აფხაზეთის საქართველოში ყოფნას, ეს არის ბაგრატის ტაძარი. ეს ტაძარი ერთიანობის იდეის გვირგვინია. ამ იდეას ვერც მარტო მთავრობა განასახიერებს და ვერც მარტო პარტიები. ამ იდეის განხორციელებას, იდეის ხორცშესხმას. უნდა მრავალი თაობა ქართველების, ჩვენ ყველანი ერთად თუ დავდგებით, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში და ერთად აღვავლენთ ლოცვას, ერთმანეთის მხარდამხარ და აღვნიშნავთ ამ ტაძრის აღდგენას, ზუსტად ასევე, ერთად ყოფნით აღვადგენთ ერთიან, ძლიერ საქართველოს, მე ამაში დარწმუნებული ვარ.“

ბაგრატის ტაძარში წირვას ესწრებოდნენ ქრისტიან–დემოკრატების, ეროვნულ დემოკრატების, ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტების, ახალი მემარჯვენეებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

საკუთრივ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში სტუმრობა ვერ მოახერხა, რადგან მას მეცხრე არხზე ორსაათიანი ტელეხიდი ჰქონდა დაგეგმილი. იგი ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიას პირდაპირი ეთერიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აღდგენა არაა ცალსახად სააკაშვილის დამსახურება და რომ მასაც მიუძღვის წვლილი პროცესში, რომელიც საქართველოს კულტურული და რელიგიური ძეგლების რესტავრაციას ითვალისწინებს. „მე ისიც კი მერიდება, რომ ვისაუბრო საკუთარ წვლილზე ამ პროცესში, მერიდება მერყეობისაც ამ საკითხზე, თუმცა ჩემი თანამოაზრეები მარწმუნებენ, რომ ეს თემა არ უნდა დავხურო," - განაცხადა ივანიშვილმა. ტელეხიდის დროს მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არჩევნები დიდი ალბათობით არ გაყალბდება, ამდენად კოალიციის წარმომადგენლებს არ ექნებათ არჩევნების შემდეგ ქუჩის გამოსვლების ორგანიზების საბაბი.

წირვიდან გამოსული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მნიშვნელობას ბაგრატში წირვაზე მიწვევის შესახებ, თუმცა თითქმის ყველა მათგანმა უარი თქვა დასწრებოდა ვახშამს, რომელზეც პატრიარქმა ისინი პრეზიდენტის სახელით მიიპატიჟა.

მომავალ კვირა დღეს დაგეგმილია ფოთში რესტავრირებული ტაძრის გახსნაც. პატრიარქის მიწვევა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ფოთშიც აქვთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ფოთში, ეკლესიის ეზოში ჰქონდა ადგილი გუშინწინ საღამოს ინციდენტს, რა დროსაც სასულიერო პირების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა თი–ეს პრესის ხელმძღვანელზე, რომელიც ტაძრის ეზოში გამოკრულ პრეზიდენტის ფოტოებს ვიდეოკამერით აფიქსირებდა. ინციდენტი საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაიგმო. მათი განცხადებით, სასულიერო პირების მხრიდან აგრესია დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG