ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასაქმების სამინისტრო: რეალური შანსი თუ ბლეფი?


დასაქმების აგენტებმა უკვე 763 000 უმუშევარი აღწერეს
დასაქმების აგენტებმა უკვე 763 000 უმუშევარი აღწერეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:45 0:00
ბმული


საქართველოში მეოცე დღეა სამუშაოს მაძიებელთა აღწერა მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მაშტაბით 3000 დასაქმების აგენტი უმუშევრებს სამუშაოს მაძიებლის აღრიცხვის ბარათს ავსებინებს, რის საფუძველზეც მთავრობა ორ თვეში სამუშაოს მაძიებელთა სრულყოფილი სააღრიცხვო ბაზის შექმას ვარაუდობს.

14 აგვისტოს მონაცემებით, აგენტებმა უკვე 763 000 უმუშევარი აღწერეს. უმუშევრების აღწერა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება, რომელიც უმუშევართა ბაზას ახლადშექმნილი დასაქმების სამინისტროსთვის ადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა რამაზ სულამანიძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უმუშევართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20 პროცენტია გამოკითხული.

„ჩვენ აგვისტოს მეორე ნახევრიდან ვიწყებთ ამ პროგრამის მეორე ფაზას. ეს არის ბაზაში რეგისტრირებულ პირებთან სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, რომ დაზუსტდეს მონაცემები და სრული ინფორმაცია არსებობდეს თითოეული სამუშაოს მაძიებელთა შესახებ.

სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ ვვარაუდობთ რომ გვექნება სრულყოფილი ელექტრონული ბაზა და ის გადაეცემა დასაქმების სამინისტროს.“

დასაქმების სამინისტრო საქართველოში ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ შეიქმნა. ერთ თვეზე მეტია ახალ სამინისტროს ბიზნესიდან მოსული პაატა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს.

სამთავრობო გეგმის მიხედვით, მას შემდეგ რაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უმუშევართა საერთო ელექტრონული ბაზის შექმას დაასრულებს, საქმეში უკვე დასაქმების სამინისტრო ჩაებმება.

მოხდება მიღებული მონაცემების ანალიზი, უმუშევრების სამართლებრივი სტატუსის შექმნა, უმუშევართა ტესტირება-ტრენინგი და ბოლოს დასაქმება. დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე ირწმუნება რომ გეგმა სიცოცხლისუნარიანია.

პაატა ტრაპაიძე: „დღეს ადამიანები საუბრობენ რომ თუ პატრონი არა გყავს სამუშაოს ვერ იპოვი. და მე მინდა ეს მოსაზრება გავაქარწყლო. და აი, ეს სისტემა ზუსტად გააქარწყლებს ამ მოსაზრებას.

ყველა უმუშევარს ეცოდინება რა ვაკანსიები არსებობს, ვინ მიიღეს რატო მიიღეს, რა კვალიფიკაცია სჭირდება და ყველა იზრუნებს თვითონ.“

ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, რომელიც ამბობს, რომ დასაქმების მინისტრის თანამდებობა კომიკურია, დასახული ამოცანების შესრულება კი შეუძლებელი.

პაატა შეშელიძე: „ცოტა კომიკური თანამდებობაა დასაქმების მინისტრი ჩემი აზრით. თან ეს მოტივირებულია იმით, რომ თურმე არ გვაქვს ინფორმაცია როგორია უმუშევრობის სტრუქტურა და სად არის ის ხალხი, რომლის დასაქმებაც არის საჭირო?!

ეს დიდი კითხვის ქვეშ აყენებს დასაქმების იმ პროექტებს რომლებიც აქამდე იყო ჩატარებული. თუ არ იცოდნენ ვის და სად ასაქმებდნენ როგორ მუშაობდა ეს პროექტები სრულიად გაუგებარია. ეს არის წარსულის უბრალოდ გადახაზვა, ფაქტობრივად თავად ამბობენ, მაშინ რაც იყო წყალში იყო ეს ყველაფერი გადაყრილი.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 15,1 პროცენტს შეადგენს.

დასაქმებულად ითვლება 1 664 ათასი ადამიანი, უმუშევრად კი 295 ათასი მოქალაქე. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ სინამდვილეში უმუშევრობის დონე საქართველოში გაცილებით მაღალია:

„ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რაც დღეს ქვეყნდება რეტუშირებას უკეთებენ რეალურ მდგომარეობას. ჩვენთან თვითდასაქმების ძალიან მაღალი დონეა, საშუალოდ ოთხჯერ უფრო მაღალი დონეა საქართველოში, ვიდრე ევროგაერთიანებაში. იქ 15 პროცენტის ფარგლებშია თვითდასაქმების დონე, ჩვენთან 62 პროცენტის ფარგლებშია.

და ეს იმის ხარჯზე, რომ სოფლის მეორნეობაში დასაქმებულებს სახელმწიფო თვითდასაქმებულად თვლის ეს ამცირებს უმუშევრობის დონეს.

ფორმალურად და სტატისტიკურად ყველაფერი რიგზეა, რეალურად კი გამოდის ისე, რომ რეალურად საქართველოდან ძალიან ბევრი შრომითი მიგრანტი მიდის იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ოფიციალურად უმუშევრობის დონე საქართველოზე მაღალია. მაგალითად, საბერძნეთი, ესპანეთი, ლატვია.“

საინტერესოა, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოში ჯერ კიდევ 2001 წელს შეიქმნა. იგი თავის საქმიანობას „დასაქმების კანონის“ შესაბამისად და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლით ახორციელებდა.

ამ სამსახურის ამოცანები დღეს არსებული დასაქმების სამინისტროს იდენტური იყო: შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, უმუშევართა აღრიცხვა, რეგისტრაცია; უმუშევრის პროფესიული მომზადება-გადამზადებისთვის ხელის შეწყობა და სხვა.

თუმცა, 2006 წელს, დასაქმების სახელმწიფო სამსახური პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ მიზეზით გააუქმა, რომ დასაქმება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის პრეროგატივა იყო.

XS
SM
MD
LG