ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიგით მეშვიდე - რიჩარდ ნორლანდი


რიჩარდ ნორლანდი თბილისში
რიჩარდ ნორლანდი თბილისში

ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:09 0:00
ბმული


ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თბილისში წუხელ ჩამოფრინდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 57 წლის დიპლომატი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქართველოში ელჩად შვიდი თვის წინ წარადგინა, ამერიკის სენატმა ნორლანდი ამ თანამდებობაზე 29 მარტს დაამტკიცა.

საქართველოში დანიშვნამდე ნორლანდს ამერიკის შეერთებული შტატების ომის ეროვნულ კოლეჯში დირექტორის მოადგილისა და საერთაშორისო საკითხთა მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

ნორლანდს საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. 19 წლის წინ, 1993 წელს, საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, ნორლანდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის - საქართველოს მისიაში, ამერიკის წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ნორლანდი მაშინ ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტებზე მუშაობდა, 1995 წელს, კი მისიის ფარგლებში ჩეჩნეთშიც იმყოფებოდა. წუხელ, თბილისის აეროპორტში რიჩარდ ნორლანდმა თავისი პირველი სიტყვა საქართველოს მიწაზე სწორედ 1993 წლის გახსენებით დაიწყო:

„სასიამოვნოა, რომ ისევ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მე ძალიან დიდ სითბოს ვგძნობდი 1993 წელს სამსახურის დროს. ველი იმ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელო საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობების აგება.

ვიცი, რომ 1993 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ელჩად მუშაობისას, ჩემი პირველი ამოცანა იქნება უკეთ გავერკვე ამ მნიშვნელოვან ცვლილებებში. შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელს.

ასე მოვისმინო ყველა შეხედულება, თუ რა ხდება ამ დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში. ჩემთვის, როგორც აშშ-ს ელჩისთვის დიდი პატივი იქნება გავერკვე ამ პროცესებში და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მთლიანად.

მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ველით შესაძლებლობას, უკეთ გავეცნოთ ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის მდიდარ კულტურას და ისტორიას.“

რიჩარდ ნორლანდი დიპლომატის ოჯახიდან არის. იგი მაროკოს ქალაქ რაბათში დაიბადა, სადაც მამამისი დონალდ ნორლანდი, ამერიკის საელჩოში კულტურის ატაშე იყო.

ახალი ელჩი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სკოლის კურსდამთავრებულია, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასა და ომის ეროვნულ კოლეჯში.

32-წლიანი დიპლომატიური კარიერის მანძილზე ნორლანდმა სხვადასხვა პოზიციებზე იმუშავა ბაჰრეინში, ნორვეგიასა და საბჭოთა კავშირში, სადაც 1988-90 წლებში ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ მრჩევლად მსახურობდა. ნორლანდს ასევე უმუშავია ავღანეთში, ლატვიასა და უზბეკეთში, იქ მას, 2007-2010 წლებში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა.

პრეზიდენტ კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციებში ნორლანდი ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დირექტორის რანგში, ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესზეც მუშაობდა.

მარტში, ამერიკის სენატში, ჯერ კიდევ ელჩობის კანდიდატმა ნორლანდმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია. რიჩარდ ნორლანდმა მაშინ კერძოდ ბრძანა:

მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. .. კონტროლის პალატის როლი და პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც.

გეტყვით, რომ ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია.

ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი გამგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს მივიღებთ.

და ბოლოს, მივანიშნებ - თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას NATO- წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ისინი NATO- სტანდარტებს."

რიჩარდ ნორლანდი, რომელიც ოთხ ენას, მათ შორის რუსულსაც ფლობს, საქართველოში ამერიკის შეერთებულული შტატების რიგით მეშვიდე ელჩია. მან ამ თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა, რომელმაც საქართველოში თითქმის სამწლიანი მოღვაწეობა ზაფხულში დაასრულა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 23 აპრილს გაფორმდა. პირველი ელჩი კენთ ბრაუნი თბილისში იმავე წლის სექტემბერში ჩამოვიდა. ამერიკის ელჩებად საქართველოში ასევე იმუშავეს უილიამ ქორთნიმ, კენეტ იალოვიცმა, რიჩარდ მაილსმა და ჯონ ტეფტმა.

XS
SM
MD
LG