ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ


ვუდრო ვილსონის ცენტრი
ვუდრო ვილსონის ცენტრი

ვუდრო ვილსონის სახელობის სწავლულთა საერთაშორისო ცენტრის კენანის ინსტიტუტში კონფერენცია ჩატარდა

ბმული

ხუთშაბათს ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის სახელობის სწავლულთა საერთაშორისო ცენტრის კენანის ინსტიტუტში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში 2013 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებას.

მოხსენებით გამოვიდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი, რომელიც ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით, დამკვირვებლის სტატუსით, არჩევნებს უშუალოდ საქართველოში ადევნებდა თვალს.

კონფერენციაზე ისაუბრა ქალბატონმა ლორა ჯუიტმაც, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების რეგიონულმა დირექტორმა.

შეხვედრას უძღვებოდა კენანის ინსტიტუტის დირექტორი მეთიუ როჟანსკი.
მომხსენებლებმა განვლილი საპრეზიდენტო არჩევნები ზოგადად დადებითად შეაფასეს და კონფერენციის დასრულების შემდეგ ამერიკის ხმისთვის მოკლე კომენტარები გააკეთეს, როგორც კონფერენციის მთავარ თემაზე, ასევე საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან, ვილნიუსის სამიტის შესაძლო შედეგებზე, ქვეყნის პერსპექტივაზე ევროკავშირთან მიმართებაში და რუსეთის შესაძლო რეაქციაზე.

მეთიუ როჟანსკი, კენან ინსტიტუტის დირექტორი ამბობს:

ასე რომ, თუ ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც აქამდე ხდებოდა, მე საქართველოსთვის ვერ ვხედავ დაბრკოლებას ამ შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით. რაც ამის შემდეგ მოხდება, უფრო რთული იქნება. ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინის პრეცედენტი. ბევრი წინაპირობები შეიძლება წარმოიშვას საბოლოო ხელმოწერის გაფორმებამდე, დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე. რა თქმა უნდა, საქართველო მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობს სარგებელს.

ვფიქრობ, სინამდვილეში სარგებელი პოტენციურად საქართველოსთვის მეტი იქნება, ვიდრე უკრაინისთვის, იმიტომ, რომ საქართველო უკვე იმყოფება მეტად კონკურენტუნარიან პოზიციაზე. ბაზარი უფრო მეტად იყო გახსნილი დასავლეთისთვის, უფრო ადვილად შეიძლებოდა ბიზნესის დაწყება და მუშაობა. პერსპექტივის თვალსაზრისით საქართველოსთვის ყველაფერი დადებითია.

რუსეთის საკითხი ნამდვილად დგას, თუმცა მოსკოვის პოზიციიდან რომ შევხედოთ საქართველოს, ის სომხეთისგან სრულიად განსხვავებულ ადგილზეა, საქართველოს შემთხვევაში ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნია კრემლს. მოსკოვი ვერ იტყვის თბილისის მისამართით: „თუ ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, მაშინვე დაკარგავთ სამხედრო მხარდაჭერას“. იმიტომ, რომ საქართველო არანაირი სამხედრო მხარდაჭერით არ სარგებლობს. სინამდვილეში რუსებს უკვე ოკუპირებული აქვთ საქართველოს ორი რეგიონი და არ მგონია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთს ზემოქმედების ბევრი ბერკეტი გაუჩნდეს გარდა იმისა, რომ ეს დადებითი ზემოქმედების ბერკეტები იქნება. რუსეთი კვლავ რჩება მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. რა თქმა უნდა ბევრი სახითხის ორიენტაციის შეცვლა მოხდა, მაგრამ რუსებს შეუძლიათ შეახსენონ ქართველებს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დადებული სასწორზე და მომავალში ბევრი შესაძლებლობები ექნებათ. რუსეთის ეკონომიკა სიძნელეებს განიცდიდა, მაგრამ მაინც იზრდება და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი.

შესაძლოა ჩვენ გავხდეთ დადებითი კონკურენციის მოწმენი, კონკურენციისა ორ დადებით შასაძლებლობას შორის. შესაძლოა საქართველო იქცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ისეთ მაგალითად, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევძლოთ შეუძლებელი - გვქონდეს მოსკოვთან ნაყოფიერი ურთიერთობა. ვფიქრობ, დასაწყისშივე სწორედ ასეთი იყო ივანიშვილის პოზიცია, პუტინსაც უეჭველად იგივე სურს. იმავდროულად თქვენ იმოძრავებთ ევროპასთან ასოცირების მიმართულებით.

ლორა ჯუიტი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების რეგიონული დირექტორი:

ამ თვის ბოლოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ვილნიუსში გაემგზავრებიან. მე არ შემიძლია შედეგის წინასწარმეტყველება, მაგრამ ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება. ეს უახლოეს მომავალში ამ ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად მეზობლებისგან წნეხი განიცადოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველო ამას გაუძლებს და მთავრობის და ხალხის მისწრაფება რეალიზებული იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ვფიქრობ ახალ მთავრობას მმართველობის შესანიშნავი საშუალება ექნება, მაგრამ ამასთანავე მათ ეკისრებათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რათა მმართველობა იყოს ძალიან გამჭვირვალე.
იმედი მაქვს, ახალი მთავრობა დიდ გულისყურს გამოიჩენს, რათა გაიგოს საქართველოს მოქალაქეების შეხედულებები, როგორი რეფორმების გატარება და პოლიტიკის დანერგვა სურთ მათ.

კენეტ იალოვიცი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში:

„ვილნიუსის სამიტი ჩემი აზრით უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს სომხეთის მაგალითი, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. აშკარაა, რომ უკრაინის გადაწყვეტილებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ისევე როგორც მოლდოვის გადაწყვეტილებას.

როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა, ვისაც ვესაუბრე ამბობდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ამ შეთანხმების მიმართულებით გაეგრძელებინათ სვლა. არის დიდი ენთუზიაზმი და მე როგორც ვხედავ, მოძრაობა სრული სვლით ხდება. მე ვერ ვხედავ მიზეზს, ვილნიუსში რატომ არ უნდა მოხდეს ამ შეთანხმებების პარაფირება. უკრაინასთან მიმართებაში ჩემთვის გასაგებია, რომ ყოფილი პრემიერის პატიმრობაში ყოფნა ამას ართულებს.

საქართველოსთან დაკავშირებით კი ვიმედოვნებ, რომ ვილნიუსის სამიტამდე არაფერი მოხდება ისეთი, რაც საქართველოსთვის პოლიტიკურ გართულებას გამოიწვევს. თუ რამე მოხდება, რაც შეთანხმების პარაფირებას ხელს შეუშლის, შესაძლებელია ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან წნეხი უფრო დამძიმდეს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების მოთხოვნით.

კარგი ისაა, რომ რუსეთს ზემოქმედების ბევრი ბერკეტი არ გააჩნია. აშკარაა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის საკითხი სერიოზული პრობლემაა და არ ვამბობ, რომ ეს ასე არაა. რუსეთის ძალები უკვე იმყოფებიან აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და ამ მიმართებით ვერ ვხედავ ბევრ მოსალოდნელ ცვლილებებს უახლოესი მომავლისთვის. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ამ შეთანხმებებს ხელი მოეწერება და საქართველო გახდება ევროკავშირთან ამ მნიშვნელოვანი საპარტნიორო შეთანხმების წევრი.“

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ყურადღებით ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ახალი მთავრობის ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკის არენაზე.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მოისმინეთ ვაშინგტონში ჩატარებული, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეთა კომენტარები.
XS
SM
MD
LG