ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ საქართველოში ახალ პარლამენტარებს შეარჩევენ


პარლამენტის წევრების ასარჩევად მოქალაქეებს თორმეტი საათი აქვთ,

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოში ხვალისთვის ხმის მისაცემად ემზადებიან. პარლამენტის წევრების ასარჩევად მოქალაქეებს თორმეტი საათი აქვთ, დილის რვიდან, საღამოს რვამდე. ცესკოს მტკიცებით, უკვე ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილია შესაბამისი ატრიბუტიკით.

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე საზოგადოება შემსწრეა უამრავი აქციის, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინიციატივით იმართებოდა. უცხოეთში მცხოვრებლები აპროტესტებდნენ არა მხოლოდ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადგილი საქართველოს ციხეებში ჰქონდა, არამედ მოითხოვდნენ საკუთარი საარჩევნო ხმის დაცვასაც. დღეს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმ მარტივი მიზეზით არ შეუძლია, რომ ცესკომ არაფერი გააკეთა მათი საარჩევნო უფლების დასაცავად.

ეკონომისტი, დოქტორანტი, ზურაბ კოჭლამაზაშვილი გერმანიაში ცხოვრობს. ის საქართველოს მოქალაქეა. „ამერიკის ხმა“ მას მიუნხენში დაუკავშირდა. ზურაბ კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მან და სხვა ქართველმა ემიგრანტებმა მიუნხენში ოთხი აქცია საქართველოს საპატიო საკონსულოსთან იმ მოთხოვნით გამართეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ.

„ჩვენთვის მანამდე ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ბერლინში, საელჩოში შეიძლებოდა ხმის მიცემა, სხვა ქალაქებში არსებულ საპატიო საკონსულოებში კი ეს დაუშვებელი იყო. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა, რაც დაამტკიცა წერილმა, რომელიც ჩვენ გერმანიის ბუნდესლიგასა და სხვა ოფიციალურ უწყებებში გავგზავნეთ, საიდან მიღებულ პასუხში ცალსახად წერია, რომ გერმანული კანონმდებლობით დაშვებულია საარჩევნო უბნების გახსნა საპატიო საკონსულოებშიც. შემდეგ ამის თაობაზე ჩვენ მივმართეთ გერმანიაში საქართველოს ელჩს და მოვითხოვეთ საარჩევნო უბნის გახსნა. მან ჩვენი მოთხოვნა ცესკოში გაგზავნა, თუმცა საქმე ამაზე შორს არ წასულა. ცესკოდან ჩვენთვის არაფერი უცნობებიათ,“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას ზურაბ კოჭლამაზაშვილი.

მისივე თქმით, გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2008 წლის არჩევნებისთვის, მათ ხელთ არსებული ოფიციალური ცნობის თანახმად, გერმანიაში 4000 საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. დღეს კი ასეთი მხოლოდ 2700–ია.

„ჩვენთვის გაურკვეველია, სად გაქრა 1300 ამომრჩეველი. გარდა ამისა, ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა ადამიანმა საკუთარი თავი სიაში ვერ აღმოაჩინეს. ისიც ვიცით, რომ ამგვარ ვითარებაში არა მარტო გერმანიაში მყოფი ქართველები არიან. ანალოგიური ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებშიც. იტალიის ქალაქ ბარში, მაგალითად, ვიცით, რომ არა ნაკლებ 10 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა საარჩევნო უბანი არც იქ გაიხსნა. ამგვარი ვითარებაა საფრანგეთის ქალაქ ლიონშიც, სადაც ქართველების ასევე დიდი დიასპორა,“ - ამბობს ზურაბ კოჭლამაზაშვილი. როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ, იგი იმ დროისთვის მიუნხენიდან ბერლინში სპეციალურად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.

„დაახლოებით 80 ადამიანი მივდივართ ბერლინში არჩევნებისთვის ახლა,“ - განაცხადა მან.

არჩევნების წინ კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა გია დვალმა მიმართა საზოგადოებას წერილით. „სამწუხაროდ, დღეს საქართველო ანტი–დემოკრატიული ქვეყანაა, ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებით. უკიდურესად შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს, დამოუკიდებელი სასამართლო და ასე შემდეგ. თითოეული სიმახინჯე და პრობლემა სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მმართველი რეჟიმის ერთ–ერთი დამახასიათებელი თვისება ამ პრობლემების საპირპისპიროდ წარმოჩენა და ილუზიის შექმნაა, რომ ხელისუფლებას დემოკრატია სურს. ამის კარგი მაგალითია სასაცილო საუბრები თანამედროვე დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო სისტემის შექმნაზე, რაც პრინციპულად შეუძლებელია არადემოკრატიულ პირობებში. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი არადემოკრატიული მმართველობა სისტემატიზირებულ ტყუილზე და ძალადობაზეა დაფუძნებული, რაც თავისუფალ აზროვნებასთან პრინციპულად შეუთავსებელია. ამ მოკლე წერილის მიზანია არსებული მდგომარეობის მიმართ პროტესტის გამოთქმა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დემოკრატიას ქვეყანაში,“ - ნათქვამია გია დვალის განცხადებაში, რომელიც მან „მედია.გე-ს“ გაუგზავნა.

ხვალ, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება. საქართველოში 3 613 851 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 1 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობამ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრები უნდა შეარჩიოს.
XS
SM
MD
LG