ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვეულებები და ტენდენციები


ორგანიზაცია „ჯისიართი“ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა ჯანმრთელობისა და ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:48 0:00
ბმული
ამნისტიის შედეგად პატიმრები ციხეებს ტოვებენ. საქართველოს პარლამენტში, როდესაც ფართომასშტაბიანი ამნისტიის აუცილებლობაზე საუბრობდენ, ამ აქტის სასარგებლოდ ერთ–ერთი არგუმენტი ისიც გახლდათ, რომ ხელისუფლება, გარკვეულწილად ვალში იყო ყველა მსჯავრდებულის წინაშე, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებეში უღირსად ეპყრობოდნენ. ღირსებისა და პატივის შემლახავ დამოკიდებულებაზე ცოტა ხნის წინ შოთა, იგივე მამუკა გორიაშვილმაც ისაუბრა, სახალხო დარბაზის შეხვედრაზე გორში. ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა, ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხების მონაწილემ განაცხადა:

„სამარტოო საკანში ყოფნისას ნახევარი წლის მანძილზე მოჩენილი მყავდა ადამიანი, რომლის მოვალეობა იყო ერთადერთი: ჩემი გაგიჟება. ის ჩემთან საკანში არ შემოდიოდა. ყოველ საღამოს მოვიდოდა კართან, ერთსა და იმავე დროს, გააღებდა სარკმელს, ეგრეთ წოდებულ „კარმუშკას“ და მიყვიროდა: აბა, როგორ ხარ ბიჭო, ისევ ისე ხარ, ჯერ არ გაგიჟდი... ყოველ დღე, ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. ზუსტად ექვსი თვისა და რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, თვითონ გაგიჟდა და მერე სხვა მომიჩინეს ანალოგიური ფუნქციით.“

„ჯისიართი“, ორგანიზაციაა, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა ჯანმრთელობისა და ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობს ერთადერთია ამ სფეროში. მას შეუძლია მიმართონ მოქალაქეებმა, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა ტყვედ ყოფნისას ან სახელმწიფო სტრუქტურების ძალმომრეობის შედეგად გაუჩნდათ. შორენა ყაყიტაშვილი, ორგანიზაციის შიდა ქართლის კოორდინატორი აცხადებს:

„ჩვენს ბენეფიციარებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარნენ წამებას, არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობებს. ისინი იღებენ იმ სერვისებს, რაც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია.“

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი პოლიცია „ჩადებებსა და მოსმენებს“, მოქალაქეებთან ღირსებისშემლახავ მოპყრობას არ აპირებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვითარება ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია. მაგალითად, თამარ თედლიაშვილი, რომელსაც თექვსმეტწლიანი საადვოკატო პრაქტიკა აქვს ჩვენთან საუბრისას იმ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ადგილი ბოლო თვენახევრის მანძილზე შიდა ქართლში ჰქონდა. მისი თქმით, პოლიციელები ადგილებზე, ზოგ შემთხვევაში მიმართავენ კანონსაწინააღმდეგო მეთოდებს იმისთვის, რომ მოისმინონ სასურველი ჩვენება ან მიიღონ საჭირო ინფორმაცია. თამარ თედლიაშვილი ამბობს:

„ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩემს პრაქტიკაში იყო დაახლოებით ხუთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა მომმართეს იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც ადგილი გორის პოლიციის სამმართველოსა და ასევე სოფელ ტყვიავის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა. იყო შემთხევები, როდესაც მოწმის სახით მიყვანილ ადამიანებზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა. ერთმა ისიც კი მითხრა, რომ თავში ურტყამდნენ და სამი დღეა თავის ტკივილები აწუხებს. კიდევ იყო შემთხვევა, როდესაც ერთ–ერთ სოფელში მომხდარი ყაჩაღობის გამო დააკავეს პიროვნება, ყოველგვარი ორდერის გარეშე გაჩხრიკეს მისი სახლი და აიძულებდნენ ეთქვა, რა იცოდა მომხდარის შესახებ. ეს ხდებოდა პოლიციის ავტომანქანაში. როდესაც გაიგეს, რომ მალე იქ ადვოკატი მივიდოდა, გადმოსვეს მანქანიდან და უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა ეთანამშრომლა მათთან. ჩემს ხელთ არსებული შემთხვევების თაობაზე ბევრგან განვაცხადე, თუმცა თავად ამ ადამიანებს არ სურთ საჯაროდ ვინაობის გამხელა, რადგან პოლიციის ეშინიათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს თანამშრომელთა ისეთი კატეგორია პოლიციაში, რომლებიც იგივე სტილით მუშაობენ, როგორც ადრე და ამით ხელმძღვანელობის წინაშე თავის გამოჩენა სურთ იმ მიზნით, რომ არ დაკარგონ სამსახური. მათ სურთ აჩვენონ, რომ საქმის გამკეთებელი და დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლები არიან.“

ადვოკატი თამარ თედლიაშვილი მტკიცედ აცხადებს, რომ ანალოგიური შემთხვევები მის კოლეგებსაც აქვთ შიდა ქართლში და რომ მის მიერ მოყვანილი შემთხვევები გამონაკლისებს არ წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG