ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას საყვედურობს


ცხინვალმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ოსი ეროვნების მოქალაქეები ამნისტიაში არ მოხვდნენ

ბოლო დროს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები ათასობით მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის პოლიტპატიმრებმა. პირობითი სასჯელი მოეხსნა 2 750 პრობაციონერს.
”ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 8 ათას პატიმარს და 19 ათას პრობაციონერს შეეხება, დანარჩენ პატიმრებს სასჯელის ვადა გაუნახევრდება ან ერთი მესამედით შეუმცირდებათ”,- აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი.
ყველაზე დიდი გამოხმაურება მოყვა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას. საქართველოს პრეზიდენტმა ჩახალიანის გათავისუფლება პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ახსნა და ”ძალიან მძიმე შეცდომად” შეაფასა:
”მინდა განცხადება გავაკეთო კრიმინალის, საქართველოს სახელმწიფოს მტერ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის კათოლიკოსის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მან ერთპიროვნულად მიიღო და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე”.
მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას იზიარებს ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც გათავისუფლებულ ჩახალიანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს უწოდებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის თქმით ჩახალიანის გათავისუფლებით ”ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების ღირსება შელახა.
ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 24 იანვარს დატოვა. მას მისჯილი ჰქონდა 11 წელი, აქედან 5 წელი უკვე მოიხადა. ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელის არნოლდ სტეპანიანის აზრით ჩახალიანი გახდა პირადი მტრობის მსხვერპლი. არნოლდ სტეპანიანის თქმით ჩახალიანი სამცხე-ჯავახეთში სკაუტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. საზოგადოებრივი აქტივობისკენ მოუწოდებდა ახალგაზრდებს:
” ჩახალიანი ორი მუხლით იხდიდა სასჯელს, ეს არის ხულიგნობა და იარაღის უკანონო შენახვა, თუმცა ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა გუშინ ტელევიზიით, რაც გააჟღერა სააკაშვილმა , მერაბიშვილმა და ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებმა, არცერთი იმ ბრალდებით, რაზეც მათ ილაპარაკეს, ეს ადამიანი გასამართლებული არ იყო. მას არ ჰქონდა ინკრიმინირებული შპიონაჟის მუხლი. პრეზიდენტის და მერაბიშვილის გამოსვლების შემდეგ პირადად მე და ვფიქრობ ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს მათთან უამრავი კითხვა, თუ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანი არის ჯაშუში, მაშინ რატომ არ ჰქონდა მას ინკრიმინირებული შესაბამისი მუხლები?! იარაღის უკანონო შენახვაზე ხომ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი. ანუ, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ჰქონდა თუ არა ამ ადამიანს მართლა იარაღი სახლში შენახული. ვფიქრობ, მომავალში ეს საკითხები გასარკვევია. გარდა ამისა, იმაზე საუბარი, რომ აგურებით უნდა დახვდეს ახალი ხელისუფლება ჩახალიანს, როგორც თქვა ხაჩიშვილმა , ვფიქრობ, რომ აგურების სროლის და აგურებით ჩხუბის დრო საქართველოში დამთვრდა . ვფიქრობ, რომ აგურები უნდა გამოვიყენოთ იმისთვისთვის, რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ”.
კიდევ ერთი საყვედური გაჟღერდა საქართველოს ახალი მთავრობის მისამართით, ამჯერად ცხინვალიდან. სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის თქმით ახალი მთავრობა მიხეილ სააკშვილის კურს აგრძელებს, რადგან პოლიტიკური სტატუსით ამნისტირებულ ასობით პირს შორის სამხრეთ-ოსეთის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა, რომლებიც სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიან. დავით სანაკოევის განცახადებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის ექსპერტს ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხებში ზურაბ ბენდიანიშვილს მივმართეთ:
” მე ვერ დავეთანხმები ნამდვილად, იმიტომ რომ სააკაშვილის პოლიტიკა იყო რაც შეიძლება მეტი პატიმარი, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკაა რაც შეიძლება ობიექტურად და სამართლის ჩარჩოებში მოხდეს ადამიანის აღკვეთის ადგილებში ყოფნა. ანუ, სამართლის რელსებზე გადავდივართ და რა თქმა უნდა ამას ხანგრძლივი დრო და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება სჭირდება.
რაც შეეხება ამნისტიას, რომლის გამო გამოთქვა ცხინვალმა საყვედური და იმის გამო, რომ ოსი ეროვნების მოქალაქეები ამნისტიაში არ მოხვდნენ. ჯერ ერთი ამნისტია არა კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ დანაშაულებების მუხლებით ცხადდდება. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, შეეხო თუ არა ეს მუხლები ოს პატიმრებს, მითუმეტეს რომ პატიმრების ციხიდან გამოსვლის პროცესი ახლა დაიწყო და კიდევ 2 თვე უნდა გაგრძელდეს.
უნდა გადაიხედოს ნამდვილად ოსი ეროვნების ადამიანების საქმეები, რომლებიც ალბათ ეჭვებს იწვევს და ასეთი არა ერთი საქმეა. სულ ახლახან შევხვდი მაგალითად ერთ-ერთ ქალბატონს ცხინვალიდან, რომლის მეუღლე გაუპატიურების ბრალდებით იხდის სასჯელს, რომელიც ცხინვალიდან გორში თვითონ ჩამოვიდა იმის სათქმელად, რომ აბსურდი იყო ეს ბრალდება და დააკავეს.
ამერიკის ხმა - ეს ფაქტი როდის ბრალდება? ომის დროს თუ ომის შემდეგ?
ზურაბ ბენდიანიშვილი - ომის წინ. ასეთი არაერთი შემთხვევაა, ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ომის წინ პერიოდში 2006,2007, 2008 წლებში ხდებოდა ცხინვალთან დაკავშირებული ადამიანების დაკავება. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი კრიმინალური მუხლებით. აქ ტყუილ-მართალის გარკვევა, ვინ ობიექტურად არის დაკავებული და ვინ არაობიექტურად, ასე ცალსახად თქმა ძნელია. ვფიქრობ, ეს საკითხი სახალხო დამცველის ჩართულობით და პროკურატურის მიერ საქმეების ხელახალი გამოძიებით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ინდივიდუალურად უნდა იქნას ყველა საქმე შესწავლილი. ვფიქრობ, რამდენიმე ისეთი საქმე იქნება, როცა დაკავების საფუძველი ხელოვნურად იქნა შექმნილი”.
XS
SM
MD
LG