ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები კონსტიტუციაში


საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერები მხოლოდ „ქართული ოცნების“ მანდატით პარლამენტში გასული დეპუტატები არ იქნებიან

დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, რომელის გატანაც მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით იგეგმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცდეს და ძალაში შევიდეს, საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. უმრავლესობას პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი არ აქვს, თუმცა ამ დრომდე არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ცვლილებებს პარლამენტი მაინც დაამტკიცებს. ამის თაობაზე, სხვათა შორის, პრემიერმა ივანიშვილმაც განაცხადა არაერთხელ :

„საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს გაუგონარ ნორმას: საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ისე დანიშნოს მთავრობა, რომ არ შეუთანხოს პარლამენტს, ხალხს. მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცენდენტი. არსად არ ეძლევა ერთ კაცს იმის შესაძლებლობა, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და ამით მოპაროს ხალხს ძალაუფლება. 9 წელი გვაცხოვრეს ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციით ჰქონდა გაფორმებული დიქტატურა. ამიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა აღდგეს ქართველი ხალხის კანონიერი უფლება და დაუბრუნდეს წართმეული ძალაუფლება. ასეთი ცვლილებების აუცილებლობა საპარლამენტო უმცირესობაშიც კარგად ესმით, ეს რომ ესმით, იმიტომაც შემოგვთავაზეს გონივრული წინადადება იმის შესახებ, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსიტუტციის რამდენიმე ნორმა ახლავე ამოქმედდეს,“– განაცხადა ყრილობაზე ივანიშვილმა.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერები მხოლოდ „ქართული ოცნების“ მანდატით პარლამენტში გასული დეპუტატები არ იქნებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან. მათი მთლიანი შემადგენლობა მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად, რომელიც დღეს საგანგებოდ, უმცირესობასთან შეხვედრისა და მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხების გაცემის მიზნით პარლამენტში გამოცხადდა.

დავით ბაქრაძემ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დღეს საკონსტიტუციუო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომ მათი დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შედგა შეთანხმება ამ საკითხზე უმრავლეობასთან, ამიტომაც, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კენჭისყრის დროს ხმას ცვლილებების წინააღმდეგ მისცემენ.

ხვალვე პარლამენტში იგეგმება უმცირესობის ფრაქციის სხდომა, სადაც კენჭისყრასთან დაკავშირებულ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.
ზოგადად, საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას საპარლამენტო უმრავლესობა ხედავს იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის არსებული რედაქცია ითვალისწინებს შესაძლებლობას პრეზიდენტისთვის დაითხოვოს როგორც მთავრობა, ასევე პარლამენტი. უმრავლესობის აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი, ამიტომაც კონსტიტუციაში ამგვარ ჩარევას აუცილებლობად მიიჩნევენ.

ცვლილებები, რომელსაც მიმდინარე კვირას ეყრება კენჭი, ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის ამგვარი შესაძლებლობის გაუქმებას. თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი, პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობის შეცვლის იურიდიულ ბერკეტს დაკარგავს. მას ექნება შესაძლებლობა დაითხოვოს პარლამენტი, მაგრამ კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის დათხოვნის შემთხვევაშიც კი მოვალეობას იგივე წევრები შეასრულებენ, მომავალ არჩევნებამდე. უმრავლესობა აცხადებს, რომ ცვლილებებზე იმუშავეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, თუმცა ამას არაერთხელ მოჰყვა პრემიერის პასუხი. უკანასკნელად იგი ამ თემას ევროპარლამენტარებისადმი მიწერილ ღია წერილში შეეხო, სადაც განაცხადა შემდეგი:

"სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ აბსოლუტურ ძალაუფლებას, თუმცა, მმართველობის 9 წლის მანძილზე არასოდეს უთქვამს უარი. უფრო მეტიც, ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის რეგულარულად ცვლიდა კონსტიტუციას, “

ამ ფონზე თვალშისაცემია უნდობლობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების გატანის თარიღს პარლამენტში, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მიმდინარე კვირას მოხდება, კონკრეტული დრო კი დადგინდება ხვალ, ბიუროს სხდომაზე.

კონსტიტუცია იცვლება დროებით, კონსტიტუციის ახალი ვარიანტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG