ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ 2023 წლამდე


მმართველმა პარტიამ თამარ ჟვანია თანამდებობაზე დატოვა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკო) 2023 წლამდე ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს. იგი მეორე ხუთწლიანი ვადით, კომისიის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს.

ფარულ კენჭისყრაში 9 შესაძლებლიდან ჟვანიამ 8 ხმა მიიღო, 2 წევრმა ოპოზიციიდან მისი ხელახალი წარდგენის გამო პროტესტი გამოთქვა და სხდომა კენჭისყრამდე დატოვა. კენჭისყრაში მონაწილეობა თავად ჟვანიასაც შეეძლო, მაგრამ სხდომას არ დასწრებია.

ის, რომ მმართველი პარტია ძალიან კმაყოფილია თამარ ჟვანიას ხუთწლიანი მუშაობით, 21 დეკემბერს გამოჩნდა, როცა ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა ხელახლა წარადგინა.

ჟვანია ფაქტობრივად უალტერნატივო კანდიდატი იყო, ეს იქედანაც ჩანდა, რომ დანარჩენი კანდიდატები: პრემიერ-მინისტრ ბახტაძის აპარატის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე თანაწონადი კონკურენტები არ იყვნენ. ბოჟაძემ კენჭისყრაზე მხოლოდ 1 ხმა მიიღო, შელეგიამ კი ვერცერთი.

ცესკო-ს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ დავით გურგენიძემ, რომელმაც კენჭისყრა პროტესტის გამო დატოვა, კერძოდ განაცხადა:

იმედი მაქვს ოპოზიციის ხმების გარეშე, ერთპარტიული ძალის მიერ არჩეული ცესკოს თავმჯდომარე იქნება განგაშის სიგნალი მმართველი ძალისათვის, რომ საჭიროა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და საარჩევნო სისტემაში"
დავით გურგენიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, "ევროპული საქართველო"

„იმედი მაქვს, ოპოზიციის ხმების გარეშე, ერთპარტიული ძალის მიერ არჩეული ცესკოს თავმჯდომარე იქნება განგაშის სიგნალი მმართველი ძალისათვის, რომ საჭიროა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და საარჩევნო სისტემაში.

ეს ცვლილებები აუცილებელია თან ძალიან სწრაფად, რათა წლების მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წვალებით მოპოვებული ნდობა არ ჩამოიშალოს, თუ უკვე ჩამოშლილი არ არის.“

2018 წლის მძიმე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების გამართვასთან ერთად ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაში“ მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩვენები საარჩევნო კანონის უხეში დარღვევით წარიმართა და მთელ რიგ უბნებზე გაყალბდა. ამის სადემონსტრაციოდ, ოპოზიციამ დმანისის, სენაკის, ბოლნისისა და მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინა .

ოპოზიციის მტკიცებით, ამ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ყალბდება არჩევნები თავად საარჩევნო კომისიის წევრების მონაწილეობით. კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ცესკო-მ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურას თავად მიმართა.

დროულ და ეფექტურ გამოძიებისკენ მოუწოდა ხელიუსფლებას რამდენიმე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" განცხადებაში კერძოდ ნათქვამია:

მნიშვნელოვანია, გამოძიების შედეგად გამოიკვეთოს ჰქონდა თუ არა კადრებში აღბეჭდილ ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი და მოქმედებდნენ თუ არა კომისიის წევრები სხვა პირების მიერ გაცემული მითითებების საფუძველზე"
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

„მნიშვნელოვანია, გამოძიების შედეგად გამოიკვეთოს ჰქონდა თუ არა კადრებში აღბეჭდილ ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი და მოქმედებდნენ თუ არა კომისიის წევრები სხვა პირების მიერ გაცემული მითითებების საფუძველზე.

ამასთანავე, ხსენებულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში გაკეთებულ ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად და ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს აღნიშნული უბნებიდან მიღებული მასალების და საარჩევნო დოკუმენტაციის დროულად მიწოდება საგამოძიებო ორგანოებისთვის.“

შინაგან საქმეთა მინისტრმა 21 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციის მიერ გავრეცებულ ვიდეოკადრებს, „საარჩევნო პროცესის უხეში დარღვევა“ უწოდა: „დარწმუნებული ვარ, უკვე თუ არ არის აღძრული საქმე, უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება და გამოძიება დაიწყება" - აღნიშნა გიორგი გახარიამ. დაიწყო თუ არა გამოძიება პროკურატურამ ჯერჯერობით უცნობია.

ასეთი მძიმე კადრების გავრცელებას და მძაფრ კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ხელი არ შეუშლია მმართველი პარტიისთვის, ცსკო-ს თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია დაეტოვებინა. „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების მასშტაბური გაყალბების ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ და ხაზგასმით აცხადებენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

ცსკო-ს თავმჯდომარეები 1991-2018

არჩილ ჭირაქაძე 1991

მერაბ ალექსიძე 1992-93

ივანე კიღურაძე 1995-96

ჯუმბერ ლომინაძე 1997-2003

ნანა დევდარიანი 2003

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004

დიმიტრი ქიტოშვილი 2004

გიორგი ქავთარაძე 2005

გურამ ჩალაგაშვილი 2006-07

ლევან თარხნიშვილი 2007-2010

ზურაბ ხარატიშვილი 2010-2013

თამარ ჟვანია 2013 -

Facebook Forum

XS
SM
MD
LG