ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრე ხვედელიძის საჩუქარი საქართველოს


თბილისში წიგნის ”პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით” პრეზენტაცია

თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა წიგნის ”პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით” პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია ფრანგული და ამერიკული ემიგრაციის ორი წარმომადგენლის, რევაზ გაბაშვილის და პეტრე ხვედელიძის მიმოწერა. ბატონი პეტრე ხვედელიძე დღეს 94 წლისაა, იგი თბილისში 1918 წელს დაიბადა . რევაზ გაბაშვილი 1969 წელს 87 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.
რევაზ გაბაშვილმა 1902 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია და სასწავლებლად ბელგიაში გაემგზავრა. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს და დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. ციტატა წიგნიდან : ”1921 წლის თებერვალში ჩოხაში და თოფით ხელში ახლავს იუნკერთა სკოლას ბრძოლაში. ტაბახმელასთან ბრძოლის დროს იღუპება მისი დისშვილი მარო მაყაშვილი”.
1921-1923 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ გახდა ემიგრანტი, 1924 წელს შეუერთდა ქართულ ემიგრაციას პარიზში.
ბატონ პეტრე ხვედელიძეს ასევე მდიდარი ბიოგრაფია აქვს. 1941 წელს სამამულო ომის დაწყებიდან ძალინ მალე სხვებთან ერთად მოხვდა გერმანელთა ტყვეობაში, სადაც 9 თვე გაატარა.შემდეგ იყო საფრანგეთი და ქართული ლეგიონი, რომელიც 1944 წელს დე გოლის ნაწილებს შეუერთდა.1967 წლიდან 1985 წლამდე პეტრე ხვედელიძე მუშაობდა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციაში.
წიგნის მთავარმა რედაქტორმა სოფიო ჯერვალიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა , რომ პეტრე ხვედელიძე 1956 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, საქართველოთი ცხოვრობს და არსებობს:
” ბატონი პეტრე ხვედელიძე ”ამერიკის ხმაში” მუშაობდა, არის ფრანგული და ამერიკული ემიგრაციის უხუცესი წარმომადგენელი. ჩვენ ვაქვეყნებთ მის არქივს, ერთი წიგნი გავაკეთეთ უკვე, რომელიც ლევან ზურაბიშვილის წერილებზე აიგო. ეს მეორე წიგნია, რევაზ გაბაშვილზე, რომელიც მისი დაბადებიდან 130 წლისთავს ეძღვნება. პეტრე ხვედელიძის არქივზე ჩვენ მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ, ვგეგმავთ მთელი მისი არქივი გამოვაქვეყნოთ და საქართველოსთვის ცნობილი გავხადოთ ის ემიგრანტები, რომელიც ასე ვთქვათ, ცოტა მივიწყებულები არიან.
ამერიკის ხმა - ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ბატონი პეტრეს მოწვევას ხომ არ გეგმავთ?
სოფიო ჯერვალიძე - იცით რა არის.. ბატონი პეტრე მუდმივად საქართველოშია, თუმცა ამერიკაში ცხოვრობს. მან ჩვენზე კარგად იცის ყოველი დეტალი, რა ხდება საქართველოში. ბატონი პეტრე საქართველოთი ცხოვრობს და არსებობს”.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელის რუსუდან კობახიძის თქმით ბატონი პეტრე ხვედელიძე ქართველების დიდ მადლობას იმსახურებს, რომ საქართველოს ეს არქივი შეუნარჩუნა:
” თქვენ იცით, რომ ბატონი პეტრე რადიოსადგურ ”ამერიკის ხმის” წამყვანი იყო წლების განმავლობაში, ის არის უხუცესი ქართველი ემიგრანტი, ზნეობრივი გმირი, ქველმოქმედი, უპატიოსნესი, უსპეტაკესი ადამიანი, ეროვნული ცნობიერების, სახელმწიფოებრივი აზროვნების. რაც დიდი იშვიათობაა, სამწუხაროდ.
ბატონი პეტრე მარტო იმისთვის იმსახურებს ქართველების დიდ მადლობას , რომ მან შეინახა ეს არქივი”.
სპელეოლოგი და ჟურნალისტი ჯუმბერ ჯიშკარიანი ამბობს და მას არ შეიძლება არ დაეთანხმო, რომ წიგნი ”პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით” თავისი ისტორიული მნიშვნელობით ნამდვილი განძია:
” სამების საკათედრო ტაძარში დიდებული საღამო გაიმართა. საქართველოს დაუბრუნდა 130 წლის წინ დაბადებული დიდი მამულიშვილის რეზო გაბაშვილის სული. ის იყო ვაჟიშვილი ყოველი ქართველისთვის სათაყვანო ქალბატონისა ეკატერინე გაბაშვილისა.
თქვენ დღეს თავად დაესწარით აქ ყველაფერს და მოისმინეთ ის აღფრთოვანებული სიტყვები, რაც ამ წმინდა თაღებს ქვეშ ითქვა. ეს არის დიდი განძი, ამ წიგნში ისეთი საინტერესო მასალებია თავმოყრილი, რომ აუცილებელი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, ჟურნალისტებისათვის, არამედ პროფესიონალი ისტორიკოსებისთვისაც. იმიტომ რომ ისეთ ურთულეს პერიოდს ეხება ეს მასალა. დიდი მადლობა ქალბატონ ციცინო ჯერვალიძეს, რომელმაც დაუღალავი შრომის შედეგად ასეთი წიგნი აჩუქა საქართველოს.
ამ წიგნში არის მთელი ჩვენი ისტორია, იმ ავბედითი დროის ისტორია. ჩვენი ისტორია გადასაწერია ალბათ, იმიტომ რომ ბევრი რამ დამახინჯებულად ისწავლებოდა. მოგეხსენებათ რატომაც.. ხოლო აქ ისეთ მასალებს იხილავთ, როდესაც წაიკითხავთ დარწმუნდებით, რა დიდებული მასალა ჩამოვიდა საქართველოში! ნამდვილი განძია!”
XS
SM
MD
LG