ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო იხსნება და ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია


საქართველოს მთავრობა ხსნის ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. 29 მაისიდან ამუშავდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი. 1 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები, ღია და დახურული ბაზრობები, ღია სივრცის მქონე რესტორნები, 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები და დანარჩენი რესტორნები, ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა გაჩერებული ეკონომიკის ამუშავებაა:

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ჩნდება ახალი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება
გიორგი გახარია, პრემიერი

„ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები და კონტროლი არის გამკაცრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ჩნდება ახალი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება“ - თქვა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეროვნული ეკონომიკისვთის უმნიშვნელოვანესი ტურიზმის სექტორის გახსნა ორ ეტაპად წარიმართება: 15 ივნისს გაიხსნება შიდა ტურიზმი, 1 ივლისიდან კი შესაძლებელი იქნება უცხოელი ტურისტების მიღება. მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის აეროპორტები, ტრანსპორტი, სასტუმროები და ჰოსტელები სრულად შეძლებენ ახალი უსაფრთხოების წესების შესაბამისად გადაწყობას.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველოში სტუმრობის მსურველ ყველა ტურისტს, საზღვრის გადმოკვეთამდე, 72 საათის განმავლობაში, პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ის (Polymerase chain reaction - PCR) ტეს­ტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საერთაშორისო ფრენების განახლება 1 ივლისიდან არის დაგეგმილი. ქუთაისის აეროპორტიდან წინასწარი ინფორმაციით, 1 ივლისს პირველი რეისები პოზნანის, ვილნიუსის და ტალინის მიმართულებით შესრულდება. თბილისის აეროპორტიდან ამ დღეს, გაფრენა სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ლონდონის, თელ-ავივის, კიევის, ერევნის, მიუნხენის, მინსკის, რიგა-ჰამბურგის და ტალინი-პარიზის მიმართულებით,

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, პანდემიის გამო მსოფლიოში, ისევე როგორც რეგიონში, ეკონომიკური რეცესია გარდაუვალია, საქართველოში ფონდი 2020 წელს ეკონომიკის 4%-ით შემცირებას ვარაუდობს.

ოპოზიციამ მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რადგან პრემიერი დღეს პარლამენტში ეკონომიკის გადარჩენის პოსტკრიზისული გეგმის გარეშე მივიდა და თქვა, რომ გეგმა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, შეუძლებელია, ეკონომიკური პროგოზი გააკეთოს ვინმემო. მე მგონი, პირდაპირ აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც არ გაგაჩნიათ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკანა თარიღით მართავთ ქვეყანას.“
ლევან კობერიძე


პრემიერმა ასევე ვერ თქვა, თუ რამდენით და როდის შეიკვეცება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი? რაში დაიხარჯება კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის სპეციალურ ფონდში მობილიზებული თითქმის 133 მილიონი ლარი? საიდანაც 100 მილიონი „ქართული ოცნების“ ლიდერმა ივანიშვილმა გადარიცხა.

პრემიერის გამოსვლის საპასუხოდ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყანას, გეგმის გარეშე, უკანა თარიღით მართავს:

„თქვენ აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, შეუძლებელია, ეკონომიკური პროგოზი გააკეთოს ვინმემო. მე მგონი, პირდაპირ აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც არ გაგაჩნიათ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკანა თარიღით მართავთ ქვეყანას“ - განაცხადა დეპუტატმა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პანდემიის გამო ქვეყანა მარტის დასაწყისიდან ჩაიკეტა, ჯერ ეტაპობრივად შეჩერდა საერთაშორისო ფრენები, შემდეგ მთლიანად ჩაიკეტა საზღვრები. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, რომელმაც 23 მაისამდე გასტანა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში, კორონავირუსის 735 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 250 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, 12 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში დღეისათვის 3076 მოქალაქეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG