ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს თბილისში LGBTQI პრაიდის უსაფრთხოებას არ დაიცავს


"თბილისი პრაიდი" ჩაშლის პირას არის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა უსაფრთხოების გარანტიები „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომლებიც 18-23 ივნისს, საქართველოს დედაქალაქში, LGBTQI კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებების გამართვას გეგმავდნენ, მათ შორის „ღირსების მარშს“.

შსს-ში გამართულ რიგით მესამე შეხვედრაზე, პოლიციამ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

"თბილისი პრაიდის" გუნდმა პოლიციას მსვლელობისთვის ორი ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა, მათ შორის არ იყო რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ვერ შეძლებენ ლგბტ თემის საჯაროდ შეკრების თავისუფლების დაცვას, რადგან "ხედავენ მომატებულ რისკებს და საფრთხეებს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან". "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ კვარაცხელია ამბობს:

შსს-მ შემოგვთავაზა, რომ პრაიდი სტადიონზე ან ღამის კლუბში ჩავატაროთ. რეალურად ისინი კვირეულის გაუქმებას ითხოვენ. ეს არის მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა"
მარიამ კვარაცხელია, თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„შსს-მ შემოგვთავაზა, რომ პრაიდი სტადიონზე ან ღამის კლუბში ჩავატაროთ. რეალურად ისინი კვირეულის გაუქმებას ითხოვენ. ეს არის მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ვაპირებთ, ჩვენი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სტრასბურგის სასამართლოში დავიცვათ" - აღნიშნა კვარაცხელიამ.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, სახელმწიფოს წარმომადგენელი „პრაიდის“ კიდევ ერთ ორგანიზატორს გიორგი თაბაგარს საეჭვო გარემოებაში დაუკავშირდა და დაშინების გზით შეეცადა გუნდს თავად მიეღო გადაწყვეტილება ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

„თბილისი პრაიდი“ შსს-ს გადაწყვეტილებას არ დაიცვას ლგბტ აქტივისტების შეკრებისა და გამოხატვის უფლება სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

კიდევ ერთხელ მიდიან დათმობაზე რუსული ინტერესების გამტარებელ რადიკალურ დაჯგუფებებთან და პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ამ ქვეყანაში ყველა თანასწორი არ არის“
თბილისი პრაიდი

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ეფექტურად მუშაობდეს ქვეყანაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის აღმოსაფხვრელად, ზრუნავდეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, პოლიციელების მგრძნობელობის გაზრდასა თუ სკოლებში ჰომოფობიური ბულინგის დაძლევაზე, ჩვენი გადამალვით და პრობლემის ჩაფარცხვით ცდილობენ ფონს გასვლას.

კიდევ ერთხელ მიდიან დათმობაზე რუსული ინტერესების გამტარებელ რადიკალურ დაჯგუფებებთან და პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ამ ქვეყანაში ყველა თანასწორი არ არის“. - ვკითხულობთ „პრაიდის“ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ კავკასიაში პირველი ორაგანიზებული LGBTQI მსვლელობა უნდა ყოფილიყო. ღირსების მარშის გარდა, ორგანიზატორები საერთაშორისო კონფერენციის და სოციალურის სპექტაკლის გამართვას გეგმავდნენ. შექმნილი ვითარების მიუხედავად, თბილისი პრაიდის გუნდი კვირეულის ორგანიზებას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თბილისის რომელ უბანში გაიმართება LGBTQI მსვლელობა ან გაიმართება თუ არა საერთოდ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG