ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების გამოწვევები უცვლელია


საქართველოს ეროვნული თავდაცვის დოქტრინა - იცვლება თუ არა მისი შემცველობა ხელისუფლების ცვლასთან ერთად?

იცვლება თუ არა რაიმე საქართველოს ეროვნული თავდაცვის დოქტრინაში, ამის თაობაზე უკანასკენლი ორი დღის მანძილზე სატელევიზიო კითხვა–პასუხს ადევნებს თვალს ქართული საზოგადოება პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის.

თავდაცვის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არსებობს, მათ შორისაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც 2011 წელსაა მიღებული, უსაფრთხოების შეფასების დოკუმენტი, რომელიც 2010 წელს შემუშავდა და თავდაცვის დოქტრინა, რომელიც დღეს იქცა გაუკვევლობის მიზეზად. ორი დღის წინ პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ რუსთავი 2–ის გადაცემა პოზიციაში, რომლის თანახმად, რუსეთის მიმართ პოზიციები შერბილებულია, ამერიკაში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მწვავე შეფასებები გამოიწვია.

საბოლოოდ, როგორც თავდაცვის მინისტრის, ისე უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებებიდან გაირკვა, რომ საქართველოში საფრთეხეებს ახლანდელი ხელისუფლებაც ისე აღიქვამს და აფასებს, როგორც წინა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა უწყებებში ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნლობას წინა და ამჟამინდელ ხელისულფებას შორის.

„აქაა საუბარი სტრატეგიული უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელზეც წინა ხელისუფლება მუშაობდა. ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად, რომ გაგვეგრძელებინა მასზე მუშაობა ისე, რომ არ შეგვექმნა ახალი. რადგან გარკვეულწილად, საზოგადოებასაც დემონსტრირებულად უნდა ვაჩვენოთ, რომ თანმიმდევრულობა, ინსტიტუციური მეხსიერება უწყებებში შენარჩუნებულია. ამიტომ ჩვენ მცირე ადაპტაცია გავაკეთეთ, რომელიც გავაცანით ყველა დაინტერესებულ უწყებას, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს. საბოლოო, დასრულებული ვარიანტი დოკუმენტის ჩვენ უკვე მესამე კვირაა გადავუგზავნეთ უშიშროების საბჭოს და ველოდებით, როდის მოაწერს პრეზიდენტი ხელს.

მე რამდენადაც ვიცი უშიშროების საბჭოდან, არავითარი პრობლემა არ არსებობს დოკუმენტის თაობაზე, ის ერთხელ კიდევ გაივლის გარკვეულ უწყებათშორის შეფასებებს და ხელი მოეწერება. დოკუმენტი იქნება სახელმძღვანელო შეიარაღებული ძალებისთვის, თუ როგორ განვითარდება ჩვენი შეიარაღებული ძალები უახლოესი 4–5 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, დოკუმენტი შეიცავს საფრთხეების შეფასებას და ანალიზს. ამ საფრთხეების ანალიზსა და შეფასებაში ფუნდამენტალური ცვლილება არ მომხდარა იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო ჩვენს რეალობაში: რუსეთის ფედერაცია, მათი სამხედრო ოკუპაცია და შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოადგენს კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საფრთხეებზეა მორგებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაც. ამიტომ თვისობრივი ცვლილება არაა. ერთადერთ, რაც ჩვენს მიერ პრემიერთან დისკუსიებისა და შეთანხმების შემდეგ დაემატა, ახალი რეალობაა, ის პრაგმატიზმი, რაც გაჩნდა ჩვენს პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით, რომ იწყება სავაჭრო– ჰუმანიტარულ თემებზე დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, რაც აჩენს ძალიან პატარა იმედს, რომ შეიძლება ნორმალიზება დაიწყოს პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ დაემატა პატარა პოსტულატი რომელიც საუბრობს იმაზე, რომ გაჩენილი ახალი რეალობა და მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან აჩენს იმედს, რომ მომავალში რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა არსებობს. მეტი არაფერი არ დამატებია ამ დოკუმენტს,“–
ამბობს ირაკლი ალასანია.


უშიშროების სამჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა: „ბატონმა პრემიერმა ისაუბრა რაღაც ცვლილებებზე ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. ჯერ ერთი მინდა ვუთხრა, რომ ბატონ პრემიერს არაზუსტი ინფორმაცია აქვს. არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში ასეთი ცვლილება არ მომხდარა. ასეთი დოკუმენტები არ იქმნება ერთი უწყების მიერ. ასეთი დოკუმენტები იქმნება უწყებებს შორის კოორდინაციის შედეგად. ჯერ–ჯერობით, ახალი მთავრობის პირობებშიც, ცვლილებებზე ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არაფერი ცნობილი არაა. თუ პრემიერი თვლის, რომ რუსული ჯარის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და თქვენ იცით, რომ ისინი აქედან 40 წუთის სავალზე დგანან, აღარ წარმოადგენს საფრთხეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ეყრდობა ის. მაშინ უნდა აგვისხნას, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს ის, რომ ეს საფრთხე აღრაა.

მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად, რომელ დოკუმენტს გულისხმობდა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე დოკუმენტი: არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, არის ეგრეთ წოდებული სტრატეგიული მიმოხილვა, არსად ცვლილება არ მომხდარა. ბუნებრივია ყველგან პოტენციურად, არა მყისიერად, რუსული ოკუპაცია (ჯერ ერთი რუსული ოკუპაცია ყველა შემთხვევაში საფრთხეა, მაგრამ შემდგომ საფრთხეებშიც) განიხილება ერთ–ერთ მთავარ საფრთხედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არა მყისიერ კონტექსტში. თუ ამის შეცვლა ვინმეს სურს და გააჩნია არგუმენტი, ეს უნდა მოვისმინოთ, ესაა გრძელი პროცესი, სადაც ყველა უწყება მონაწილეობს. კონცეფცია ვერც შეიცვლებოდა, რადგან ეს კოორდინირებული პროცესია.“


პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება გუშინდელი კომენტარისგან განსხვავებულია. მისი თქმით, იგი მიესალმება თავდაცვის მინისტრის განმარტებას უსაფრთხოების კონცეფციის თაობაზე.

უსაფრთხოების სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უსაფრთხოების სტრატეგიული მიმოხილვის ზუსტი შინაარსი, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული და უშიშროების საბჭოში გადაგზავნილი დაახლოებით სამი კვირის წინ, ჯერ გასაჯაროებული არაა. ამდენად, არის თუ არა შესული მასში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, ამის ნახვა მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგაა შესაძლებელი:

„ახალი საფრთხეების დოკუმენტი შემუშავდა 2010 წელს, ახალი უსაფრთხოების კონცეფცია 2011–ში. შემდეგ უნდა შემუშავებულიყო ეს მიმოხილვის დოკუმენტი ან სამხედრო სტრატეგია. სტრატეგიას თავი ვერ მოაბეს და გააკეთეს მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც ახლაა წარდგენილი დასამტკიცებლად. მის მიხედვით გამოჩნდება ყველაფერი, რას ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ეს მიმოხილვის დოკუმენტი და სტრატეგია ერთმანეთთან საშუალედოა. ახალი სტრატეგიის შემუშავებამდე ხდება მიმოხილვა. მიმოხილვის დოკუმენტის დადების შემდეგ ხდება ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავება, რასაც დაახლოებით, 2–3 წელში უნდა ველოდეთ.

ოფიციალურად, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ნუსხა ასე გამოიყურება: პირველი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შემდეგ მოდის რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები, შემდეგ ახალი სამხედრო აგრესიის რისკი, მათ მოჰყვება ლტოლვილები და სხვა კონფლიქტები, საერთაშორისო ტერორიზმი, ეკონომიკური, სოლიალური–ენერგეტიკული გამოწვევები, კიბერ საფრთხეები, ეკოლოგიური, დემოგრაფიული და ბოლოა სამოქალაქო ინტეგრაცის გამოწვევები. საფრთხეების შესახებ დოკუმენტი კიდევ სხვაა.“


თავდაცვის დოქტრინას საქართველოში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უშიშროების საბჭო შეიმუშავებს და მას პრეზიდენტს წარუდგენს ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG