ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოს ომის საქმე "ICC"-ში და ნატო, როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი


რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიებაზე. რას ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ამ საკითხებზე მსჯელობა ვაშინგტონში, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე გაიმართა.

დისკუსიაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი, ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ჩეხეთში და ამჟამად ვაშინგტონში „ბრუკინგსის“ ინსტისტუტის წარმომადგენელი, ნორმან აიზენი და სიერა-ლეონეს საგანგებო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ბავშთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე რენატე უინთერი მონაწილეობდნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის. თუმცა, მანამდე ხაზი გაუსვა “ICC”-ში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დადებით გავლენას მოახდენს, „ICC”-ის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე.

„საქართველოსთვის, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი წევრია, რასაკვირველია, ამ სასამართლოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პრაქტიკა ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, დავები საერთაშორისო ძალისხმევის დახმარებითა და გამოყენებით გადავჭრათ.

რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედების ფარგლები სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ისინი ასევე ერთსა და იმავე საქმეს, ერთსა და იმავე შეიარაღებულ კონფლიქტს განიხილავენ. სწორედ ამიტომ, ვფქირობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებას, გარკვეული ტიპის გავლენა ექნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიებაზე“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ძამაშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელოვან დასკვნებზე საუბრობს.

„ჩვენთვის მთავარი დასკვნა იყო ის, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. სასამართლოს მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა იყო, კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ახლა უნდა იპოვოს, ვინ არის ამ დანაშაულებზე მეტად პასუხისმგებელი. სასამართლომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს და არა რომელიმე სახელმწიფოსი. მაგრამ, ეს ერთი და იგივე კონფლიქტი, ერთი და იგივე ომია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრათლოს განაჩენს, პოზიტიური შედეგბი ექნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანა არ არის და მას, მის გადაწყვეტილებებს არ სცნობს. თუმცა განსხვავებული ვითარებაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემთხვევაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, პრეცედენტულია არა მხოლოდ საკუთრივ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. მინისტრის მოადგილემ, ვრცლად ისაუბრა გადაწყვეტილების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, პირველ რიგში საქართველოსთვის - სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს [ოკუპირებულ რეგიონზე] და ის არის პასუხისმგებელი ყველა დარღვევაზე.

ეს საქმე პრეცედენტულია ასევე სხვა სახელმწიფოებისთვის, მაგალითად, როცა საქმე ეხება უკრაინას, საინტერესოა მტკიცებულებების საფუძველი - თუ რა ტიპის მტკიცებულებები იქნება საკმარისი დარღვევის აღმოსაჩენად. საქართველოს საქმეში, სასამართლომ მარტივად დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი რუსი სამხედროების წარმომადგენლობით, მარიონეტული ხელისუფლების მხარდასაჭერად. მეტნაკლებად, იგივე ვითარებაა უკრაინაში. ეს საქმე, ასევე, შესაძლოა პრეცედენტად გამოდგეს მოლდოვისთავის. მოლოდვის შემთხვევაში სახეზე იყო ინდივიდუალური განაცხადებები. სასამართლომ ასევე დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი.

და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს რუსეთის მხრიდან მიმდინარე დარღვევები, - საქართველოს მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ახლა, სასამართლოს ამ გადაწვეტილების შემდეგ, ნებისმიერი მსგავსი დარღვევა, ქმედება, დაკავშირებული იქნება პირდაპირ რუსეთთან. რუსეთს აღარ შეეძლება თქვას, რომ ამას სეპარატისტული ხელისუფლებები ჩადის. ამ განაჩენის შემდეგ, ყველა მიმდინარე და მომავალ დარღვევაზე, პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება“ - განმარტა ძამაშვილმა.

დისკუსიაში ჩართულმა ამერიკელმა დიპლომატმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვვნელოვანია, ჩადენილი დანაშაულები პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ნორმან ეიზენი ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაცია, რეგიონის საკითხებს, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, წინ წამოწევს. დიპლომატი იზიარებს მოსაზრებას, რომ ნატოს წევრობა, რუსული აგრესიის შეკავების ეფექტური საშუალებაა.

„ნათლად მახსოვს, პრეზიდენტობის კანდიდატ, სენატორ ობამასთან ერთად ვმოგზაურობდი, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ასევე ნათლად მახსოვს დისკუსია და ბარაკ ობამას მორალური, ემოციური რექაცია. ყველანი ვხედავდით, რომ რუსეთი სქართველოს წინააღმდეგ საშინელებას სჩადიოდა და ეს იყო ნიშანი იმის, რაც მომავლაში უკრაინაში გააკეთა. და ჩვენ, ამერიკის შიდა პოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში ვიცით და ეს ასევე იციან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - თუ დანაშაული პასუხისგების გარეშე დარჩება, დანაშაული განმეორდება, დანაშაულს კვლავ ჩაიდენენ.

ჩვენ გვყავს ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ამ საკითხებს წინ წამოწევს, მათ შორის ნატოს წევრობას. ჩვენ გვჭირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი. როგორც სახელმწიფო მდივანმა სენატში გამართულ მოსმენაზე თქვა, როცა სახელმწიფო ნატოს წევრი ხდება, ეს რუსეთისვის შემაკავებელი ფაქტორია“ - აცხადებს დიპლომატი.

ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვს სიერა-ლეონეს სასამართლოს ყოფილ პრეზიდენტს. რენატე უინთერი ფიქრობს, რომ ნატოს წევრობისკენ მისწრაფება, შესაძლოა „კიდევ ერთი სამხედრო პრობლემის“ მიზეზი გახდეს. უინთერი, კონფლიქტის მოგვარების უფრო ეფექტიან საშუალებად მედიაციას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, სასამართლოებს აღსრულების მექანიზმი არ აქვს.

„პასუხისმგებლობა და იმპლემენტაცია ყოველთვის ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ახლა უკვე ნათელია, რომ პასუხისმგებლობა დადგენილია. ის, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი ომის თითოეულ ასპექტზე, დადგენას აღარ საჭიროებს.

სასამართლოს არ აქვს აღსრულების ძალა, მას არ ჰყავს სამხედროები. სასამართლოს არ აქვს არანაირი ძალაუფლება საკუთარი განაჩენის აღსრულებისთვის. აქ არის პასუხისმგებლობა, მორალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლებელია მისი აღსრულება და სწორედ ეს არის პრობლემის საწყისი. ადამიანებმა შესაძლოა თქვან, რუსეთს არ ადარდებს მსგავსი გადაწყვეტილებები. მაგრამ, რუსეთს თავადაც არ მოსწონს, როცა რაიმეში სდებენ ბრალს, რაიმეში დაადანაშაულებენ.

საქართველოში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, კარგად ვიცნობ ადგილზე ვითარებას და შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, აიძულონ რუსეთი, რაიმე მოიმოქმედოს. ნატო, რა თქმა უნდა, კარგი იდეაა. მაგრამ, მცდელობა - იყო ნატოს წევრი, შესაძლოა ასევე ძალიან საშიში იყოს. შესაძლოა ამან კიდევ ერთი სამხედრო პრობლემა გამოიწვიოს. ამიტომ, შესაძლოა, სხვა გზები არსებობდეს, მაგალითად მედიაციის.

უნდა გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ რუსეთს ვერ ვაიძულებთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ რუსეთი სრულებით არ არის დაინტერესებული ამ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებით - არც დნესტრისპირეთში, არც უკრაინაში და არც საქართველოში. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია მედიაციის გზა მნიშვნელოვანი იყოს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა რთული, ურთულესია. შესაძლოა მედიაციით, წინ წავიწიოთ, მილიმეტრობით, სანტიმეტრობით, მეტრობით. შესაძლოა ეს იყოს გზა. სწორედ ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, ავსტრიაში“ - ამბობს სიერა-ლეონეს საგანგებო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი.

უინთერის მოსაზრებები, ნოტოში გაწევრიანების შესახებ, დისკუსიაზე მსჯელობის საგანი გახდა. ამერიკელი დიპლომატი, ნორმან ეიზენი მიიჩნევს, რომ დასავლეთის,- ამერიკის შეეერთებული შტატების, ევროკავშირის, ნატოს ზნეობრივი პასუხისმგებლობაა, საქართველოს მსგავს ქვეყნებს გვერდით დაუდგეს. მისი თქმით, მედიაცია ყოველთვის შედეგიანი არ არის, გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ნატოს წევრობა, რუსული აგრესიის შეკავების რეალური გზაა.

„ნატოში გაწევრიანება, ფაქტობრივად აფერხებს რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელებას, ეს არის ნატოს ცოცხალი გამოცდილება. რაც შეეხება მედიაციას, ის რა თქმა უნდა მუშაობს, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები გრძნობენ ზეწოლას და რეალურ შესაძლებლობას, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ამას საკუთარი იურიდიული გამოცდილებით ვსაუბრობ და ამავე გამოცდილებიდან, კარგად ვიცი, რომ რომ მედიაცია შესაძლოა სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდეს. ის ყოველთვის არ მუშაობს. როცა საქმე რუსეთთან გამკლავებას ეხება, სიძლიერის ჩვენება მნიშვნელოვანია.

თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო არ დადგებიან ქვეყნის გვერდით, რომელსაც ჩაგრავენ, სად არის ჩვენი ზნეობრივი ხასიათი? რა უფლება გვექნება, ნებისმიერ სხვა ვინმეს ზნეობრივ საკითხებზე ვესაუბროთ, თუ თავად არ დავუჭერთ მხარს საქართველოს მსგავს ქვეყნებს, ჩვენი ზნეობრივი და ეთიკური მრწამსით?“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

დისკუსიის დასასრულს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მიმდინარე დავების მოგვარებას, მხოლოდ მშვიდობიანი, ლეგალური გზით და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით ცდილობს. ამასთან, ბექა ძამაშვილმა, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ არის. ძამაშვილი დაეთანხმა ამერიკელი დიპლომატის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ უფრო დამაჯერებელია მოსაზრება, საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ რუსული აგრესია შეაჩეროს, ვიდრე ის, რომ ამან „ახალი სამხედრო პრობლემის“ საშიშროება შექმნას, როგორც ეს სიერა-ლეონეს საგანგებო სასამართლოს ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.

„მე ამას მედიაციას არ დავარქმევდი, მაგრამ, თქვენ იცით, რომ ჟენევაში დისკუსიები მიმდინარეობს, ჟენევის მოლაპარაკებები, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ იმართება. ეს ძალიან კარგი პლატფორმაა, რომელშიც ასევე მონაწილეობს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. და ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ ფორმატს შემდგომ სტიმულს აძლევს, რადგან სასამართლომ ნათლად თქვა, რომ დავა უნდა გადაწყდეს და ჟენევის მოლაპარაკებები ამისთვის ძალიან კარგი რამაა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჟენევის მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა ექნება. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოლაპარაკებში ჩართულ საქართველოს წარმომადგენლებს, ახლა უკვე მყარი იურიდიული დოკუმენტი აქვთ იმის სამტკიცებლად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა.

XS
SM
MD
LG