ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დვალი: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“ თავისთვის უნდათ


"რუსთავი 2"-ის ოფისი თბილისში

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, პარლამენტს მიმართეს და ტელეკომპანიის სს საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება მოითხოვეს.

„2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას“ - წერია მიმართვის ტექსტში.

დვალმა და აქიმიძე 2014 წელს გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, რუსთავი-2 1994 წელს, ქალაქ რუსთავში დააფუძნეს და ეროვნულ მაუწყებლად აქციეს. სამაუწყებლო კომპანიამ 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციასა და პრეზიდენტ შევარდნაძის ძალაუფლებიდან ჩამოცილებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2004 წელს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებზე ზეწოლა გაძლიერდა და ივნისში, დვალი და აქიმიძე იძულებულნი გახადეს ტელეკომპანიაში საკუთარი წილები, ჯამში 60% დაეთმოთ.

2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დვალმა და აქიმიძემ მთავარ პროკურატურას მიმართეს და წართმეული ტელევიზიის უკან დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა ოცნება გამოძიებას აჭიანურებს. დავით დვალი ამბობს:

ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ამ ხელისუფლებამ გაწირა ეს საქმე. ქართული ოცნება, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, ეს ვალდებულება მოსახლეობის და ამომრჩევლის წინაშე აიღო, ჩვენი სარჩელიდან 7 წლის თავზე, მზად არის ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გამოუძიებელი დატოვოს"
დავით დვალი

„ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ამ ხელისუფლებამ გაწირა ეს საქმე. ქართული ოცნება, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, ეს ვალდებულება მოსახლეობის და ამომრჩევლის წინაშე აიღო, ჩვენი სარჩელიდან 7 წლის თავზე, მზად არის ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გამოუძიებელი დატოვოს.

ჩემი ვარაუდია, რომ არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც დღეს ფლობს ამ ტელეკომპანიას არ სურთ რუსთავი-2 კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეს, ორივე მხარეს ეს ტელევიზია თავისთვის უნდა და ამისთვის იბრძვიან“ - აცხადებს დვალი.

დვალის და აქიმიძის მიმართვას დღეს მხოლოდ სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას უწყების ინფორმაციით, პროკურატურის წარმოებაში არსებულ სს საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს - 2004 წლის ივნისში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე, სს კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გამოძიება ჭიანურდება

„სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მოცემული საქმისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მტკიცებულების მიღების მიზნით დანიშნული ექსპერტიზა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვერ დასრულდა, ვინაიდან ექსპერტიზის ბიუროსთვის პროკურატურას საკვლევი მასალები, ამ დრომდე, სრულად არ წარუდგენია“ - ხაზგასმულია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მოუწოდა პროკურატურას მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა გადის გასვლამდე წარმოადგინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება და რატომ არ იქნა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება აქამდე. პროკურატურა დღემდე დუმს.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით, კარგად გვესმის, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დღევანდელი სტატუს-ქვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს.

აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში“ - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვაში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები: დავით დვალი, ეროსი კიწმარიშვილი და ჯარჯი აქიმიძე
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები: დავით დვალი, ეროსი კიწმარიშვილი და ჯარჯი აქიმიძე

რუსთავი 2-ის მფლობელთა ცვლილება საჯარო რეესტრი მიხედვით

1994 - ეროსი კიწმარიშვილი 33,3%, დავით დვალი 33,3%, ჯარჯი აქიმიძე 33,3%

2004 - ეროსი კიწმარიშვილი 30 %, დავით დვალი 30 %, ჯარჯი აქიმიძე 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %

2004 - პაატა კარსანიძე 60%, კიწმარიშვილი 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %

2004 - ქიბარ ხალვაში 100 %

2005 - ქიბარ ხალვაში 78 %, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) 22 %

2006 - ქიბარ ხალვაში 78 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22 %

2006 - „ჯეო ტრანსი“ 78 %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %

2006 - „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %

2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %

2008 - „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 8 %, ირაკლი ჩიქოვანი 30 %

2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 70% ,„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 30 %

2012 - ლევან ყარამანიშვილი 90 %, გოგი გეგეშიძე 10 %

2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, დავით კეზერაშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %

2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %

2012 – „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, გოგი გეგეშიძე 9 %

2014 - „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, ნინო ნიჟარაძე 9 %

2017 - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 60% გადაეცა ისევ ქიბარ ხალვაშს და 40% შპს „პანორამას“, რომლის 100%-იანი მეპატრონე ასევე ქიბარ ხალვაშია. ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG