ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოს ომის თემა ამერიკაში ისევ აქტუალურია


კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ ქული "ამერიკის ხმასთან" ხუთი წლის წინანდელ მოვლენებს და არსებულ რეალობას განიხილავს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:05:01 0:00
ბმული

2008 წლის აგვისტოს მოვლენები შეერთებულ შტატებში ომიდან ხუთი წლის შემდეგაც კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ანალიზის და დებატების თემაა. „ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთ- საქართველოს აგვისტოს ომი მნიშვნელოვანი სიგნალი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის“ აცხადებს კოლუმბიის უნივერისტეტის, ბერნარდის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ალექსანდრ ქული. რამ გამოიწვია აგვისტოს მოვლენები, საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში, შეიცვალა თუ არა საქართველოს პოლიტიკური კურსი 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხი ალექსანდრ ქულიმ ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტს თეა თუაშვილს გასცა.


ომი სამ ფრონტზე - ასე აფასებს აგვისტოს მოვლენებს ხუთი წლის შემდეგ პროფესორი ალექსანდრ ქული, რომელიც 2008 წლის ივლისში საქართველოში იმყოფებოდა და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდა. პოლიტიკური ექსპერტი, რომელსაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემაზე არაერთი სტატია და ანალიზი აქვს მომზადებული აცხადებს, რომ პირველი - ეს იყო ომი ორ სახელმწიფოს, საქართველოს და რუსეთს შორის, რომელიც მეორე ომიდან, ეთნო კონფლიქტიდან გამომდინარეობდა. ნაღმი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩაიდო, რაც დღევანდელ მოცემულობაში მაინც უშლის ხელს ავტონომიის პოლიტიკური სტატუსის სამართლებრივ განსაზღვრას. მესამე და ყველაზე მთავარი ომი ქულის შეფასებით გეო-პოლიტიკური მნიშვნელობის ომია - საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში დაიმკვიდროს თავის ადგილი.


ალექსანდრ ქული: დააკვირდით ვინ აკონტროლებს პოსტ საბჭოთა სივრცეს. აქვთ თუ არა ქვეყნებს ავტონომია, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა თავად გააკეთონ არჩევანი უსაფრთხოების რომელ მოდელს აირჩევენ რომ მიეკუთვნებოდნენ. ეს იყო მთავარი საკითხი ნატოს და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში. გაიხსენეთ რუსეთმა თავის პროვოკაციული ქმედებები სამხრეთ ოსეთში სწორედ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიწყო.


საქართველო მაპის გარეშე დარჩა, რასაც რუსეთის მხრიდან კონფლიქტურ რეგიონებში უფრო მეტი თავისუფალი მოქმედება მოჰყვა - ურთიერთობების ოფიციალურ დონეზე გაღრმავება სეპარატისტულ ხელისუფლებებთან, აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე კონკრეტული ქმედებების დაწყება, პროვოკაციები ქართულ სოფლებში და ბოლოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.


დღეს ალექსანდრ ქული თვლის, რომ ეს ომი თითქმის გარდაუვალი იყო. იგი ნაწილობრივ პარალელს ავლებს აჭარის მაისის მოვლენებთან, სადაც ასევე არსებობდა საშიშროება სააკაშვილის ხელისუფლებასა და ავტონომიის ლიდერს შორის შეუთანხმებლობის პირობებში რუსეთის მხრიდან აბაშიძის რეჟიმის სამხედრო ძალით დაცვა მომხდარიყო. 2008 წლის აგვისტოში, საქართველო პროვოკაციას წამოეგო, თუმცა შეცდომები ომის დასრულების შემდეგაც იყო, აცხადებს ქული.


ალექსანდრ ქული: საქართველოს ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. მთავარი ის რომ , დიდი ყურადღება დაუთმო იმას თუ ვინ დაიწყო სროლა, რამაც რეალური მიზეზი გადაფარა. მეორე შეცდომა ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. სრულიად გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების აღშფოთება რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საკმაოდ დიდი მცდელობა ჰქონდა რომ სხვა ქვეყნებსაც ეღიარებინათ ამ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, მან ამ საკითხში მისი მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც კი ვერ მიიღო მხარდაჭერა -ჩინეთმა ავტომატურად უარი განაცხადა, წინააღმდეგობა გაწიეს სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებმაც ასევე ბელორუსმაც. რადგან ყველა ამ ქვეყანამ გაანალიზა, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში საზღვრების შეცვლა კარგი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.


2008 წლის აგვისტოს ომმა გარკვეულწილად საქართველოს მომავალი ხუთი წლის პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით კორექტივები შეიტანა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეალობა ასეთია - პარლამენტში უმრავლესობას პრეზიდენტის ოპოზიცია წარმოადგენს, ყოფილ თანამდებობის პირებს პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრები იჭერენ და ასამართლებენ. რუსეთში ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე აკრძალული ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების წინადადებით თავად ამკრძალავი გენადი ონიშენკო გამოდის. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე საუბრობს, სოფელ დიცთან რუსების მხრიდან მავთულხლართების გადმოწევის ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რის გამოც დასავლური პრესის კრიტიკას იღებს. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება ოქტომბერში, თანამდებობის დატოვებაზე პრემიერ-მინისტრიც საუბრობს.


პროფესორი ქული თვლის, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეცვლილა, ისევე როგორც შეერთებული შტატების დამოკიდებულება და პატივისცემა საქართველოს მისწრაფებებთან და მიზნებთან დაკავშირებით.


ალექსანდ ქული: სააკაშვილი უფრო ექსპანსიურია და ხისტია, ივანიშვილი უფრო მანერული და თავშეკავებული. რუსეთთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება მართლა ძალიან განსხვავებულია, თუმცა საგარეო კურსთან დაკავშირებით ივანიშვილს ბევრი არაფერი შეუცვლია. საქართველო ისევ მიისწრაფის რომ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, და სხვათა შორის ახლა ევროგაერთიანებასთან უფრო იგრძნობა დაახლოვება, ვიდრე ნატოსთან. ასე რომ საქართველოს საგარეო მიზნებთან დაკავშირებით არ ვფიქრობ რომ ბევრი განსხვავებებია. თუმცა რუსეთი რომ მეზობელია, ამის აღიარება აუცილებელია. როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დგას დღის წესრიგში რუსეთის ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

ალექსანდრ ქულის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე გეო-პოლიტიკური მომენტების გათვალისწინებით აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ამ განცხადებების იქით უფრო კონკრეტული შედეგია საინტერესო. საკითხი, რამდენად მოესწრება ეს დარჩენილ თვეებში, ანუ ვიდრე პრემიერ-მინისტრი პოსტს დატოვებს, ღიად რჩება.
XS
SM
MD
LG