ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკლესია, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი


დღეს სტრასბურგში ქართული დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება

ქართულ–რუსული ურთიერთობები რომ მნიშვნელოვანია, ამის თაობაზე დავას ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს, ამ თემაზე საუბრისას ყველაზე აქტუალურად დღესაც რჩება კითხვა: როგორ?
დღეს სტრასბურგში ქართული დელეგაცია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თედო ჯაფარიძის მეთაურობით რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება. „ვისაუბრებთ ალბათ ბევრ თემაზე, მე მას (ალექსი კუშკოვი) არ ვიცნობ კარგად. მე მგონი სალაპარაკო ბევრი გვაქვს, სასაუბრო ბევრი გვექნება, ჩამოვაყალიბებთ ალბათ დღის წესრიგს ჩვენთვის“, – აცხადებს თედო ჯაფარიძე.
გუშინ კი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, პუტინს შეხვდა. პარალელურად, ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში მიმდინარეობს და სადაც პრემიერი იმყოფება ქართულ–რუსული შეხვედრები მოულოდნელობად სულაც არ აღიქმება.
რა სასიკეთო მოლოდინების უფლება შეიძლება მისცეს თავს ქართულმა საზოგადოებამ რუსეთისგან?
გოკა გაბაშვილმა, პარლამენტარმა უმცირესობიდან, რომელმაც დღეს ბრიფინგი გამართა, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის თაობაზე განაცხადა: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავად განსაზღვრავს თავის ვიზიტებს, საგარეო პოლიტიკას, საგარეო კონტაქტებს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ორი ქვეყანა, ორივე მართლმადიბელი ქვეყანაა, არსებობს ძალიან ბევრი საერთო ეკლესიებს შორის. ეს უფრო მეტად არა პოლიტიკური, არამედ ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხია. რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენა მომავალში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს აღარ იყოს ოკუპანტი, გაიყვანს თავის საოკუპაციო ჯარებს საქართველოდან, შეწვეყს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას და მისცემს ათობით ათას ჩვენს მოქალაქეს უფლებას დაბრუნდეს საკუთარ სახლებში.“
თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ქართული და რუსული ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრები, გარკვეულწილად პოლიტიკური მოლაპარაკებების ნაწილიცაა: „მე მგონი არ ჩამეთვლება არაეთიკურ განცხადებად, რადგან ამას თვითონ პუტინიც ამბობს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია თავად არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ერთის მხრივ აღიარებს საქართველოს ტერიტორიად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და ამავდროულად ეწევა ძალიან ცუდ საქციელს ადგილებზე. ვგულისხმობ, როგორც აფხაზეთში წახალისებას იმისა, რომ გამოაცხადოს ავტოკეფალია, ასევე ძალიან სერიოზულადაა ჩართული იმ პროცესში, რასაც ჰქვია ქართული ტაძრების ისტორიული იერსახის შეცვლა და რუსიფიკაცია. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობას ამ მიმართულებით. გეტყვით, რომ მაგალითად, 2008 წელს პოლიტიკურ განმარტებებს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე, აკეთებდა მიტროპოლიტი თეოფანე. რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ბერლინში, რაც 2008 წელს შედგა, მონაწილეობდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი, ამიტომ ამ ინსტიტუტთან ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი, რადგან ამ ინსტიტუტსაც რუსეთი განიხილავს, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტუმენტს. ამიტომ ეს სხვა, დიდ სპექტრში უნდა დავინახოთ.“
თენგიზ ფხალაძე ასევე ამბობს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტერიტორიული პრობლემებით იქცნენ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ნაწილად ისევე როგორც არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს რუსეთის წინააღმდეგობის გატეხვა. „2004 წელს გახდა ლატვია ნატოს წევრი სახელმწიფო. საზღვარზე, ფსკოვის მხარესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, მხოლოდ 2007 წელს გაფორმდა ხელშეკრულება. იგივე პრეცენდენტია ლიტვა, ესტონეთი და ყველაზე კარგი გერმანია. ნახევარი გერმანია იყო ოკუპირებული, როდესაც ის გახდა ალიანსის წევრი სახელმწიფო. ასე რომ, ამგვარი პრეცენდენტები არსებობს“,– ამბობს თენგიზ ფხალაძე.
ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამავდროულად დასძენს, რომ საზღვრისპირას მცხოვრები ადამიანებისთვის ეს უპირობო საკითხი სულაც არაა, მათთვის მთავარია ფასი, რასაც ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ გადაიხდიან. ლია ჩლაჩიძე ამბობს:
„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სწაფვა დასავლეთისკენ, ეს რუსეთს მოწონს თუ არ მოწონს, მისი გადასაწყვეტია. ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება რეფერენდუმით და ეს არ ყოფილა ცალკეული პირების გადამეტებული ამბიციები ან ხუშტური. მე პირადად, მირჩევნია, რომ რუსეთთან გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები იმდენად, რამდენადაც პირადად მე, ისევე, როგორც ალბათ ჩემს მეზობლებს, გვაქვს მუდმივი შინაგანი დაძაბულობისა და საფრთხის განცდა, რადგან ერგნეთში მცხოვრობთ. მუდმივად გვეშინია პროვოკაციების, თავდასხმების. ეს გრძელდება 24 წელი, თუ მეტი არა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? მე მინდა, ჩვენმა შვილებმაც გააგრძელონ აქ ცხოვრება ჩვენით არ იწყება და არ მთავრდება ისტორია საქართველოში“

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG