ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამაში უცნობი წესებით


რა სურს საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს - საქართველოსგან? საქართველოს ოფიციალური პოზიცია და დევნილი მოსახლეობის აზრი საქართველო-რუსეთის ურთობათა პერსპექტივაზე

რა სურს საქართველოს რუსეთისგან? პასუხი რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 1) თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჩახსნა; 2) პროვოკაციების პრაქტიკაზე უარის თქმა, რაც გულისხმობს ნებისმიერ მომენტში საზღვრების თემის გათამაშებას; 3) თამაშის წესების კეთილსინდისიერი დაცვა ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგორესურსების და ყველა სხვა ბიზნესზე მიბმულ საკითხებში და ყველაზე მთავარი: 5) საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და არჩევანის თავისუფლების პატივისცემა.

რა სურს რუსეთს საქართველოსგან? პასუხი მხოლოდ ერთია: გამორიცხოს საქართველოს, როგორც გავლენის სფეროს დაკარგვა. საქართველოსა და რუსეთის სურვილები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის. მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალი ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებული პოლიტიკის წარმოებაზე აკეთებს არჩევანს ამ მიმართულებით. ერთის მხრივ, ყოველდღიურად და ცალსახად როგორც სიტყვიერად, ასევე ქმედებებით დეკლარირდება საქართველოს დასავლური კურსის უცვლელობა. მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლება შანსს არ უშვებს ხელიდან წარმოაჩინოს საკუთარი მზადყოფნა კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის რუსეთთან. ორი დღის წინ სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის სურვილიც იქნება, მათ შორის შეხვედრას წინ არაფერი უდგას. ამგვარი გახლდათ ორიოდე სიტყვით გამოხატული მისი აზრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიჯიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გამორიცხული არასდროს ყოფილა, მით უმეტეს იმ პოლიტიკის ფონზე, რასაც საქართველო ატარებს.

„საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას მე არ გამოვრიცხავ, არც არასდროს გამოვრიცხავდი, მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ასეთი შეხვედრის მომზადება არის ძალიან სერიოზული საქმე, მას სჭირდება გარკვეული პერიოდი და თუკი ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ, მას უნდა მოჰყვეს ასევე კონკრეტული შედეგები. ეს ვერ მოხდება დღეს და ხვალ. მას სჭირდება სერიოზული მომზადება, მაგრამ მზაობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს უმაღლესი პირების მხრიდან, არსებობს,“- ამბობს მაია ფანჯიკიძე.

სტუდენტი იზა კასრაძე დევნილია, ის ამჟამად თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რაც ომის დროს გადაიტანა, აუცილებელია საუბარი რუსეთთან.

„მე, როგორც ერთ-ერთი დევნილი, გეტყვით, რომ მივესალმები ყველანაირი ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან. გასულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა დაგვანახა და საკუთარ თავზე განგვაცდევინა ის შედეგები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა. ეგრეთ წოდებული ლანძღვის პოლიტიკა, რაც აქამდე მიმდინარეობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ, არაა შედეგის მომცემი და მხოლოდ უარყოფითად უბრუნდება საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ უნდა დაველაპარაკოთ და ჩვენი რეალური მოთხოვნები, რაც გვაქვს საქართველოს მოსახლეობას და რაც საზოგადოებიდან მოდის, ის მივიტანოთ რუსეთამდე და რაღაც ნაბიჯები ამ კონფლიქტის მიმართულებით გადაიდგას. ცხადია, ჩვენ გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებს ვერც ევროპელი მეგობრები და ვერც სხვა რომელიმე საერთაშორისო გაერთიანება. აუცილებელია ამ პროცესებში ჩვენ ჩავერთოთ.

კარგად ვიცით ისიც, რომ ეს ომი, ასე იყო თუ ისე, არ იყო მხოლოდ დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამ ომში ერთ-ერთი და სერიოზული მხარე იყო რუსეთი. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ომის მხარეს. ბოლო პერიოდში მესმის: როგორ შეიძლება ურთიერთობა, როდესაც რუსეთმა საქართველო ააწიოკა და ასე შემდეგ და რუსეთთან ურთიერთობას გამორიცხავენ. მე პირადად, საკუთარ თავზე გამოვცადე რუსეთის ჯარისკაცის მიერ გასროლილი ტყვიის ძალა და ჩემი თვალით დავინახე, რუსულმა ბომბდამშენებმა როგორ დაანგრიეს ჩვენი კუთხე, მე პირადადაც ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა“,-
მიიჩნევს იზა კასრაძე.

დვანი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც სხვა ომით დაზარალებული სოფლების მსგავსად უმძიმეს სოციალურ პირობებში არსებობს. ზაალ ახალკაცი დვანელია. მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები რამდენიმე თვის წინ დაწყებული ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის შედეგად ოკუპირებულ მხარეს მოხვდა და წელს მათ დამუშავებას ვერ ახერხებს. ამერიკის ხმასთან საუბრისას ის ამბობს, რომ რუსეთი შეუძლებელია სანდო პოლიტიკური პარტნიორი იყოს საქართველოსთვის.

„რუსეთთან უფრო არ უნდათ ურთიერთობა ჩვენ ხალხს, ვიდრე ამერიკასთან და ნატოს წევრებთან. ამხელა ზარალი განვიცადეთ, ომი მოახდინეს და ხალხი კაი გულზე იქნება? უმეტესობა ასე ფიქრობს. ზოგი არის, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ყველას ვერ დააძალებ, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა, როგორც „მაღლიდან“ გადაწყდება, ისე გაკეთდება. ძალიან გვაწყენინა და ძალიან დაგვანგრია ეს მხარე რუსეთმა, ამიტომ ჩვენ უფრო დასავლეთთან კარგი ურთიერთობა გვირჩევნია,“- ამბობს ზაალ ახალკაცი, დვანის მკვიდრი.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი სერიოზულ მომზადებას საჭიროებს და თუკი ამგვარი მზადება დაიწყება, მას კონკრეტული შედეგებიც უნდა მოჰყვეს,- ასე ფიქრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG