ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლებული მთავრობა: 3 - ახალი, 16 - ძველი


საქართველოს განახლებული მთავრობის წარდგენა
საქართველოს განახლებული მთავრობის წარდგენა

საქართველოს განახლებულ მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი სახე იქნება, დანარჩენი მინისტრები კი თანამდებობებს შეინარჩუნებენ. დღეს ყველაზე დიდი მოულოდნელობა 43 წლის ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის წარდგენა იყო.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ბაქრაძე კი 5 დეკემბრიდან, აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

ვიქტორ დოლიძე უპორტფელო მინისტრის პოსტზე წარადგინეს
ვიქტორ დოლიძე უპორტფელო მინისტრის პოსტზე წარადგინეს

დოლიძე პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. წინა მოწვევის პარლამენტში მას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის პოსტი ეკავა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებისა და „კაბელების საქმის“ გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციაში ყოფნისას, დოლიძე, სხვა „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად აცხადებდა, რომ გახმაურებული „კაბელების საქმე“, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი 7 წლიან პატიმრობას იხდის, „პოლიტიკურად შეთითხნილია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ, ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წინააღმდეგ“.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, დოლიძე, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი, კენჭს ვაკის მეორე ოლქში იყრიდა, სადაც ხმების მხოლოდ 14% (3553) მიიღო და პირველივე ტურში დამარცხდა. 12 ოქტომბერს მან ოპოციზიური პარტია დატოვა. დღეს კი პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძეს ახალ სამთავრობო გუნდის წევრად წარადგინა.

ვიქტორ დოლიძემ ბრძანა, რომ პრინციპებიდან არ გადაუხვევია და კაბელების საქმეზე გასამართლებული პირებისთვის "ახალი თანამდებობიდან უფრო მეტს გააკეთებს". გიორგი კვირიკაშვილმა კი დოლიძეს ხელისუფლების „კონსტრუქციული პარტნიორი“ უწოდა.

ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა თუ შემდგომში, უფრო მოგვიანებით, ამ სტატუსის გარეშე"
გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

„ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა თუ შემდგომში, უფრო მოგვიანებით, ამ სტატუსის გარეშე. ბატონ ვიქტორს ვულოცავ ჩვენს გუნდში დაბრუნებას.“

მომალ მთავრობაში სხვა ცვლილებებიდან, აღსანიშნავია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე - 40 წლის ზურაბ ალავიძის წარდგენა, იგი 62 წლის ნოდარ ჯავახიშვილს შეცვლის.

ალავიძეს ბოლო სამი წლის მანძილზე, სააქციო საზოგადოება „დარიალ ენერჯის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. ეს კომპანია არაერთხელ გამხდარა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ობიექტი, ჰიდროენერგეტიკის სფეროში უხეში დარღვევების გამო.

ზურაბ ალავიძე (მარცხნივ) და კახი კალაძე - ახალ მთავრობაში იქნებიან
ზურაბ ალავიძე (მარცხნივ) და კახი კალაძე - ახალ მთავრობაში იქნებიან

ალავიძეს უკვე უმუშავია მთავრობაში, 2009 წელს, იგი ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოადგილე იყო. 2012 წლის ზაფხულში კი მან, როგორც „დარიალ ენერჯის“ ხელმძღვანელმა, მაშინდელ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ 35 000 ლარი შესწირა.

ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება 38 წლის კახი კალაძე, მან ეს თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო პირველ მოადგილეს 41 წლის ილია ელოშვილს დაუთმო. პარლამენტის თანხმობის შემდეგ კი ისინი თანამდებობებს კიდევ ერთხელ გაცვლიან. რეორგანიზაცია შეეხო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეს სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, ყოფილი ბიზნესს ომბუდსმენი და პრემიერის ყოფილი თანაშემწე, 40 წლის გიორგი გახარია იქნა წარდგენილი. იგი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მე-5 ნომრად იყო.

გიორგი გახარია (შუაში) - ეკონომიკის, დიმიტრი ქუმსიშვილი (მარჯვნივ) კი ფინანსთა სამინისტროებს ჩაიბარებენ
გიორგი გახარია (შუაში) - ეკონომიკის, დიმიტრი ქუმსიშვილი (მარჯვნივ) კი ფინანსთა სამინისტროებს ჩაიბარებენ

ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი 42 წლის დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანსთა სამინისტროში 46 წლის ნოდარ ხადურს შეცვლის, რომელმაც როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა პირველი კომენტარი სწორედ ლარის მომავალზე გააკეთა:

ჩვენი ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას, კურსის ცვლილებასთან ერთად, არ ეცვლებოდეს, ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ, გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის შემდეგ “
დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი

„ლართან მიმართებაში კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, არ ეცვლებოდეს, ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ, გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის შემდეგ.“

საქართველოს პარლამენტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის, ფორმალური განხილვა ამ კვირაშივე დაიწყება.

პირველად განხილვა მოხდება კომიტეტებში, რომელთა თავმჯდომარეებიც პარლამენტმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აირჩია. შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში გასულ პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან.

კენჭი კი ახალ მთავრობას შაბათს, 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე ეყრება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე განაცხადეს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ.

მთავრობიდან წასულები: ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით ბაქრაძე
მთავრობიდან წასულები: ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით ბაქრაძე

საქართველოს განახლებული მთავრობა - 2016

პრემიერ მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი

ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე

ენერგეტიკის მინისტრი - კახი კალაძე

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მრებრიშვილი

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - კახი კახიშვილი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა

სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს პარლამენტი - 2016

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე 38 წლის ირაკლი კობახიძე
პარლამენტის ახალი თავმჯდომარე 38 წლის ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავჯდომარე - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი

ვიცე-სპიკერები - ილია ნაკაშიძე, ზვიად ძიძიგური, გიორგი ვოლსკი, სერგი კაპანაძე, ირმა ინაშვილი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო კილაძე

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახაბერ კუჭავა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე- რომან კაკულია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი,

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გრიგოლ ლილუაშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო ქაცარავა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე

სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე

XS
SM
MD
LG