ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკშია, ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება. ამასთან, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და სხვები.

პრემიერი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიაში. ის მოგვიანებით ასამბლეის ფარგლებში გამართულ დებატებში ჩაერთვება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაცია უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მისი თქმით, ნიუ-იორკში პრემიერის და თანხმლები დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრების დღის წესრიგში იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

„პარალელურად იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას – იქნება ეს მსოფლიო უსაფრთხოება, მდგრადი ენერგოგანვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხები, გამომდინარე ჩვენი გამოწვევებიდან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სხვა, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში“ – უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG