ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე


გუშინ თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით. წელს მათი პარტნიორი სლოვაკეთის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტი STRATPOL –ია.

ფორუმის დღევანდელი ნაწილი სამ პანელად იყო ჩაშლილი და ისეთ აქტუალურ თემებს მოიცავდა, როგორიცაა პოსტ ბარაკ ობამასეული მმართველობის პერიოდი – რა შეიცვალა ევროპულ უსაფრთხოებაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და სამხრეთ კავკასიური უსაფრთხოება – ძველი კონფქლიტებისა და ახალი დინამიკის ჭრილში.

ფორუმი პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, რომლის მოხსენებაში მკვეთრად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხების მოგვარება მხოლოდ აშშ–სთან, ნატოსა და ევროკავშირთან ერთად წარმოუდგენია. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორია და რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

"ამერიკის ხმამ" რამდენიმე პანელისტის მოსაზრება ჩაწერა. ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს: “ევროპული და ნატოს უსაფრთხოების დღის წესრიგში გეოპოლიტიკურმა ინტერესმა გადმოინაცვლა უფრო სამხრეთ–აღმოსავლეთით, ვგულისხმობ იმას, რომ შავი ზღვის რეგიონი მოხვდა უკვე ცენტრალურ ადგილას, გამომდინარე ბევრი პრობლემიდან. მათ შორისაა რუსეთის აგრესიული რევანშიზმი, ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, საქართველოს საკითხები, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ერთ–ერთი მთავარი ქვეყნის კონტექსტში მოიაზრება და პლუს ახლო აღმოსავლეთი. აქედან გამომდინარე, ყველანაირი წინაპირობაა: გეოპოლიტიკური, პრაგმატულ– პოლიტიკური, უსაფრთხოების კუთხით თუ ორგანიზაციული – იმისთვის, რომ ნატომ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში, რომელიც ახლა ყალიბდება და რომლის ერთ–ერთი შემადგენელი შავი ზღვის უსაფრთხოებაა", - აცხადებს ქუთელია.

"ეუთოს, გაეროს, რომლებსაც არ უნდა დაეშვათ ან თუ მოხდებოდა, უკან შეებრუნებინათ ასეთი ტიპის აგრესიული ქმედებები, არ და ვერ შეასრულეს ეს ფუნქცია. ნატოს მოუწია ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. ამას დასჭირდა რვა წელიწადი, 2008 წლიდან მოყოლებული 2016 წლის ვარშავის სამიტამდე. ვარშავის სამიტის დეკლარაცია უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნების დასტურია, სადაც კონსენსუსურადაა განსაზღვრული მთავარი საფრთხეები და მათთან ბრძოლის მექანიზმებიც – სტრატეგიულ დონეზე".
ბათუ ქუთელია

ის ამბობს, რომ ნატო ახერხებს ლიდერის როლის მორგებას და მოქნილ ადაპტირებას მრავალფეროვან გამოწვევებთან:

„ნატოს მოუწია ლიდერის როლის თამაში. პირველი, ე.წ. თავისი არეალის გარეთ ჩატარებული ოპერაცია მან სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით დაიწყო 11 სექტემბრის შემდეგ და მას მერე საკმაოდ დინამიკურად ცვლადი უსაფრთხოების თუ გეოპოლიტიკურ გარემოსთან უწევს ადაპტირება. დღევანდელი პროცესიც ამის ნათელი დადასტურებაა, თუნდაც შავი ზღვის რეგიონში. თუმცა საწყის ეტაპად 2008 წლის რუსეთის აგრესია შეგვიძლია განვიხილოთ, რამაც გამოიწვია ზოგადად არსებული ინსტიტუციური მექანიზმების რღვევა. ორგანიზაციებს: ეუთოს, გაეროს, რომლებსაც არ უნდა დაეშვათ ან თუ მოხდებოდა, უკან შეებრუნებინათ ასეთი ტიპის აგრესიული ქმედებები, არ და ვერ შეასრულეს ეს ფუნქცია. ნატოს მოუწია ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. ამას დასჭირდა რვა წელიწადი, 2008 წლიდან მოყოლებული 2016 წლის ვარშავის სამიტამდე. ვარშავის სამიტის დეკლარაცია უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნების დასტურია, სადაც კონსენსუსურადაა განსაზღვრული მთავარი საფრთხეები და მათთან ბრძოლის მექანიზმებიც – სტრატეგიულ დონეზე. ტაქტიკურად ეს რა ქმედებებში გადაისახება, უკვე დროის საკითხია, მაგრამ ამ მხრივ პოლიტიკური ნება ვარშავის სამიტზე დაფიქსირდა“, – ამბობს ბათუ ქუთელია, რომლის მოსაზრებებისგან რადიკალურად განსხვავდება ანალიტიკური კვლევის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განმარტება.

მისი თქმით, ვარშავის სამიტის დეკლარაცია ყველაზე კარგი დოკუმენტია, რაც კი ქაღალდზე არსებობს და ყველაზე უარესი მათგან, რაც კი პრაქტიკაში განხორციელებულა:

„უკრაინის მოვლენებიდან მოყოლებული, ნატომ რუსეთს აგრესიაზე ხელი ვერ ააღებინა, რითაც რუსეთს განუმტკიცა რწმენა, რომ ნატო ძალიან არათანმიმდევრული და მოუმზადებელია პოლიტიკურად რაიმე სახის მოქმედებისთვის. მცირე განცხადებები, რასაც არ მოჰყვებოდა საფუძვლიანი ქმედებები, მხოლოდ რუსეთის თვითდაჯერებულობას ამაღლებდა. ჩემი აზრით, ნატოსთვის მავნებელია ასეთი ხასიათი, უკეთესი იქნება, ის გადავიდეს ლაპარაკიდან ქმედებებზე იმისთვის, რომ გასცდეს ლირიკას. შავ ზღვაზე რუსეთი ძალიან გაძლიერდა და ნატოს არაფერი გაუკეთებია ამის აღსაკვეთად. არსებობს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ჯერ–ჯერობით მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ნატომ ჯობს არაფერი გააკეთოს, ვიდრე გამოაცხადოს ხმამაღლა და შემდეგ მინიმალური, არასერიოზული ნაბიჯები გადადგას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით ასე ჩანს, სამწუხაროდ. მე ძალიან მინდა, რომ ნატო იყოს აქტიური და წარმატებული ორგანიზაცია, მაგრამ ამას სჭირდება მეტი ძალისხმევა, მეტი ქმედებები წევრი ქვეყნებისგან, რაც არ ჩანს, გარდა აშშ–სა, რომელიც ახლა გააქტიურდა. დანარჩენი წევრები, უმეტესი მათგანი ძალიან ცოტას ხარჯავენ თავდაცვაზე და ფიქრს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც სადღაც რაღაც აფეთქდება.“

„უკრაინის მოვლენებიდან მოყოლებული, ნატომ რუსეთს აგრესიაზე ხელი ვერ ააღებინა, რითაც რუსეთს განუმტკიცა რწმენა, რომ ნატო ძალიან არათანმიმდევრული და მოუმზადებელია პოლიტიკურად რაიმე სახის მოქმედებისთვის. მცირე განცხადებები, რასაც არ მოჰყვებოდა საფუძვლიანი ქმედებები, მხოლოდ რუსეთის თვითდაჯერებულობას ამაღლებდა."
ნოდარ ხარშილაძე

ნატოს პასიურობის მიზეზების შესახებ კითხვას ნოდარ ხარშილაძე შემდეგნაირად პასუხობს: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო აღარ აღიქვამს სრულფასოვან საფრთხეს. ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც საფრთხის შეგრძნებას კარგავს, ხარჯებით, ბიუჯეტებით, ქვეყნის პრიორიტეტებით უკვე სხვა თემებზეა ორიენტირებული. ისინი ეჩვევიან, რომ საფრთხე არ არსებობს და არ აკეთებენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ: არ ემზადებიან უარესისთვის და ხდებიან მოწყვლადები, რადგან ეგუებიან ყოველდღიურ კეთილდღეობას. ეს კი, როდესღაც დამთავრდება და ამაზე არავინ ფიქრობს. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის წინაც. ახლა, რაკი დასრულდა ცივი ომი, თითქოს „დასრულდა ისტორიაც“. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასე არაა.“

შოთა უტიაშვილი GFSIS – ის მკვლევარი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ახლა რუსეთი, ფაქტობრივად, კეტავს შავ ზღვას. კეტავს საჰაერო სივრცეს ზღვის თავზე იმით, რომ ყირიმში განალაგა გემსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები და ახლა, უახლოეს დღეებში აპირებს ბალისტიკური რაკეტების განლაგებას. იგივე გააკეთა კავკასიაში, როდესაც სომხეთთან მოაწერა ხელი, კავკასიის ერთიანი საჰაერო თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს საქართველოს ცას. რუსეთი აცხადებს, რომ ამით, როგორც მინიმუმ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საფრთხე მოიხსნა, რადგან ნატო დაინახავს, რომ საფრთხის შემთხვევაში, ის ვერც მოახერხებს თვითმფრინავების და გემების საქართველომდე უსაფრთხოების გამოგზავნას. ნატოზე და პროგრესზე უარის თქმა არის არა სტატუს–ქვოსა და უსაფრთხოების შენარჩუნების საშუალება, არამედ ესაა ძალიან ცუდი რამ საქართველოსთვის, რადგან რუსეთი თავის მარყუჟს კიდევ უფრო შეავიწროვებს საქართველოზე. ნატო ამას ხვდება, სინამდვილეში. შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია არის ამაზე პასუხი.“

საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესის გზაჯვარედინზე ხმელეთიდანაც ექცევა და ზღვიდანაც. მდგომარეობას განსაკუთრებით არაპროგნოზირებადობის ფაქტორი ართულებს. შოთა უტიაშვილი ამბობს:

„რუსეთმა რაც დაიკავა ყირიმი, ნატომაც დაიწყო უფრო მეტი გემის უფრო სწრაფად გამოგზავნა შავ ზღვაში და უფრო მეტი წვრთნის ჩატარება, მაგრამ საჭიროა ეს სტრატეგია კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველოს ამ ყველაფერთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვს: კონკრეტულად არავინ ამბობს, რა როლი გვაქვს ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში. როგორც ჩანს, აქაც იგივე მიზეზია, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ. მაგრამ სინამდვილეში არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რუსეთი საქართველოს, ან დასავლეთის ნებისმიერ ქმედებას არ გამოაცხადებს მისთვის წითელი ხაზის გადაკვეთად; ან აშშ–ს ახალი პრეზიდენტის პირობებში, არ მოინდომებს დაუმტკიცოს, ვინაა ყველაზე ძლიერი და ამ კუთხით საქართველოს არ გამოიყენებს პოლიგონად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნატომაც და საქართველომაც გადადგას ნაბიჯები, რომლითაც დაარწმუნებს რუსეთს, რომ აგრესიის შემთხვევაში საქართველოს ექნება ნატოს მტკიცე მხარდაჭერა.“

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი ხვალ კიდევ სამი სესიით გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG