ხვალ საქართველოში ისტორიული არჩევნების დღეა, გამორჩეული და მნიშვნელოვანი იმით, რომ ეს პირველი მეორე ტურია და იმითაც, რომ ბოლო საყოველთაო არჩევნებია პრეზიდენტისთვის. 2018 წელს მოსული პრეზიდენტი ახალი კონსიტუციის მიხედვით იმუშავებს, ბევრად უფრო შეზღუდული ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით, ვიდრე ეს აქამდე იყო. საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, ისეთში, როგორიც საქართველოა, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ წარმოადგენს სახელისუფლებო შტოს. მას ერთგვარი ვიტრაჟული სახე აქვს და მოკლებულია ყველანაირ ძალაუფრებრივ ბერკეტს.
სწორედ ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ხელისუფლება, რომელსაც ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და აკონტროლებს ყველა სახელისუფლებო შტოს, ასე თავგანწირვით იბრძვის მისთვის. საზოგადოება, განსაკუთრებით პირველ და მეორე ტურს შორის აკვირდება სრულიად გააფთრებულ ბრძოლას ოპონენტებს შორის პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად. პოსტისთვის, რომელსაც მინიმალური პოლიტიკური შესაძლებლობები ექნება.
"ამერიკის ხმა" ესაუბრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ვისაც არჩევნების დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვთ და სხვებთან ერთად, ის კითხვაც დაუსვა, რატომაა ბრძოლა ასეთი მკაცრი და დაუნდობელი პრეზიდენტის პოსტისთვის.
„სახეზე გვაქვს საკმაოდ გამოკვეთილი ნეგატიური კამპანია. პირველ ტურთან შედარებით, პოლიტიკური პოლარიზების ხარისხი გაზრდილია. პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებების ფონზე, საზოგადოება მოვლენებს აღიქვამს სრულიად სხვადასხვა პრიზმით, იმის მიხედვით, რომელ მედია საშუალებას უყურებს და ვისი მხარდამჭერია. პირველ და მეორე ტურის შუა პერიოდი გამორჩეული იყო იმით, რომ დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტები, რაც პირველი ტურის დროს არ გვქონია. მეორე ტური დაიწყო ახალქალაქის ინციდენტით და ადგილი ჰქონდა სხვა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის ინციდენტს ონში. ჩვენ დავაფიქსირეთ ზეწოლის ტენდენცია. ძალადობრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ.
ეს, ბუნებრივია, ჩრდილს აყენებს საარჩევნო გარემოს. ამ სამ კვირაში ჩვენს ანგარიშში მოხვდა 40 ზეწოლა-მუქარის შემთხვევა მაშინ, როდესაც პირველ ტურის დროს, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ 14 ფაქტი დაფიქსირდა. ძალადობის ასეთი ზრდა მოკლე პერიოდში მიუთითებს ზეწოლის გაძლიერებაზე“, - გვეუბნება სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.
რა აიძულებს ხელისუფლებას ასე თავგანწირულად იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის, რომელიც არც თუ დიდი პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელია, - ამის შესახებ საუბრისას სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ამბობს:
„ზღვარი დამოუკიდებელ კანდიდატსა და პარტიას შორის მოშლილია. არაა თანხვედრა იმ საწყის რიტორიკასა და განცხადებებს შორის, რასაც კამპანიის დასაწყისში ვისმენდით. ალბათ, მმართველმა პარტიამ მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ არჩევნებს, სხვა შემთხვევაში ასე დრამატულად არ უნდა აღიქმებოდეს არჩევნების შედეგი. საზოგადოებისგან, მოქალაქეებისგან, მე ვფიქრობ, დაკვეთაა მეტი დემოკრატიული პროცესისა, ამაზე მიანიშნებს მეორე ტურის არსებობა. სამწუხაროდ, ეს მესიჯი არ იქნა სწორად გაგებული პოლიტიკოსების მიერ. ამომრჩევლის დაკვეთაა უფრო მეტად დემოკრატიული პროცესი და ალბათ, ამას ელოდება ამომრჩეველი მეორე ტურში“.
ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს ხელძღვანელი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ პოლარიზება გაძლიერებულია და სახეზეა მკვეთრად ნეგატიური კამპანიები. პოლიტიკოსები საუბრობენ, რატომ არ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა მათი ოპონენტი, ხოლო ის, თუ რატომ უნდა არიჩიონ თავად - ამის თაობაზე დუმან. „მეორე ტურის დროს დებატები არ ჩატარებულა. კანდიდატებს არ გაუცვნიათ საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები ამომრჩევლისთვის. სხვადასხვა სატელევიზიო ეთერით, არა დებატის ფორმატში, ისინი ამას აკეთებდნენ, თუმცა საერთო ჯამში, ნეგატიურ კამპანიაზე აკეთებდნენ აქცენტებს.
მეორე ტურში გაიზარდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები და მოსყიდვა. უპრეცენდენტოა ინიციატივა, რაც მთავრობამ გააჟღერა, რომლის იმპელემნტაცია თავის თავზე აიღო ქართუს ფონდმა, ესაა 600 ათასი ამომრჩევლისთვის ვალის ჩამოწერის ინიციატივა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესაა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა“, - გვეუბნება ეკა გიგაური და წინასაარჩევნო დარღვევების ჩამონათვალს აგრძელებს იმ ფაქტების მოშველიებით, რომ არჩევნების დღე ცესკომ დანიშნა შუა კვირაში, რაც პრობლემატურია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული არჩევნების თარიღს წინასწარ ასახელებდნენ.
პრობლემატურია უკანონო შემოწირულობებზე აუდიტის სამსახურის ნაკლები აქტიურობაც. შავი ფულის მომოქცევა, ფაქტობრივად, იგნორირებული აღმოჩნდა მათი მხრიდან და სხვა.
„მე არ მახსოვს ასეთი აგრესია: სოციალურ ქსელებში იფრქვეოდა დეზინფორმაცია და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია, რაც ორივე კანდიდატის მხრიდან დაფიქსირდა. პოლიტიკოსებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს საზოგადოების დიდი ნაწილის რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრების ფაქტი და წინასაარჩევნოდ წამოიწყეს სოციალური პროგრამები. ეს რომ ყოფლიყო მეორე ტურის შემდგომ, არ იქნებოდა არანაირი პრობლემა. მოსახლეობა რთული არჩევანის წინაშე დგას, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორისაა დაპირისპირება და შუაში უკვე აღარავინ დარჩა. არადა, თითქოს, მოსახლეობაში იყო სურვილი და მოლოდინი მესამე ალტერნატიული ძალის გაჩენისა, თუმცა ჩვენ კვლავ ვუყურებთ ბრძოლას ისევ ამ ორ პარტიას შორის,“- გვეუბნება ეკა გიგაური.
ამ რამდენიმე დღის წინ, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ფლობდნენ ინფორმაციას პირადობის მოწმობების ფარული ბეჭდვისა და სავარაუდო გავრცელების თაობაზე, რასაც არჩევნების შედეგებზე, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა. როგორ განვითარდა საქმის მოკვლევა, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ამბობს:
„ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ სავარაუდო დარღვევაზე ვსაუბრობთ, თუმცა ამ შემთხვევაში, სანამ დასრულდებოდა გამოძიება, იუსიტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო ტყუილი. ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია, თითქოსდა უნდა დაგვესახელებინა წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვამბობდით ტყუილს. ჩვენ გვინდოდა დადგენილიყო სიმართლე ამ საკითხის თაობაზე. გამოვიდა, რომ ჩვენ უფრო მეტად ვენდობით საგამოძიებო ორგანოებს, ვიდრე თავად ხელისუფლება. ჩვენ ვერ დავინახეთ მზაობა ხელისუფლებისგან, რომ მათ სურდათ ამ ფაქტის გამოძიება“.
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამოძიება გადაჭრით ითხოვდა ინფორმაციის წყაროს დასახელებას: „რაც არ უნდა ილაპარაკოს სახელმწიფომ, არ ყოფილა ფაქტი, რომ მოქალაქეს მიემართა შსს-სთვის საარჩევნო დარღვევის თაობაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნდობა მათ მიმართ არის დაბალი. დარღვევების შესახებ ინფორმირების თაობაზე მოქალაქეები მიდიან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ან ჟურნალისტებთან,“- ამბობს გიგაური.
კითხვას, იმის შესახებ, თუ რა აიძულებს ხელისუფლებას ასე თავგანწირულად იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის, გამჭვირვალობის ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „ესაა კითხვა, რომელსაც მე, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი და როგორც მოქალაქე, საკუთარ თავს ვუსვამ: რად ღირს და ღირს თუ არა ასეთი დაპირისპირება, ასეთი პოლარიზება ამ პოსტის გამო, რომელსაც ასეთი შეზღუდული ფუნქციები ექნება, ახალი კონსიტიტუციის მიხედვით? ჩვენთვის გაურგებარია ეს ეგრეთ წოდებული ისტერიკა მმართველი პარტიის მხრიდან, ასეთი მობილიზაცია ადმინისტრაციული რესურსების და განცხადებები, რომ ეს გახლავთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საუბრობენ ისეთ რეფორმებზე, რაც შეუძლებელია პრეზიდენტისგან იყოს ინიცირებული. კიდევ ორი წელი უნდა იყოს ხელისუფლებაში არსებული მმართველი გუნდი უმრავლესობით. ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალიან შეზღუდული ფუნქციები გააჩნია პრეზიდენტს. ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პარლამენტის დათხოვნასაც აქვს გარკვეული საფუძვლები, ასე მარტივად არაა, პრეზიდენტი ამას ვერ იზამს.“
ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. მისი აზრით, შესაძლოა, ოცნებისთვის მნიშვნლოვანი იყოს არჩევნებში გამარჯვება, რათა დაამტკიცოს, რომ მას კიდევ აქვს მხარდაჭერა:
„მაგრამ ისინი თავის თავს ხომ ვერ მოატყუებენ? პირველი ტურიდან ჩანს, რომ ბევრი განაწყენებული მოქალაქეა და ბევრმა ხმა არ მისცა. ამ მოცემულობას ოცნებამ სერიოზულად უნდა შეხედოს და ისეთი ნაბიჯები გადადგას,ხალხი ლოგიკურად და ზეწოლის გარეშე დადგეს მათ გვერდით. სხვა შემთხვევაში, ყველაფრის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. ნაციონალური მოძრაობა კიდევ, ალბათ, ფიქრობს, რომ ეს იქნება დასაწყისი მათი ხელისუფლებაში დაბრუნების. ალბათ, მათ ასეთი წარმოადგენა აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა პრეზიდენტის პოსტიდან რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, ვერ გეტყვით. საერთო ჯამში, ოპოზიცია დისკრედიტირებულია და მოქალაქეების უმეტესობა, ალბათ მაინც ეძებს მესამე ალტერნატივას,“- ასეთია საბოლოო შეფასება.
სულხან სალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან ასევე აფასებს უკანასკნელ სამ კვირას, იმას, თუ რა გვასწავლა არჩევნების მეორე ტურმა.
მეორე ტური ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამ ტიპის ტენდენცია უფრო მეტ დემოკრატიულობაზე მიუთითებს. ამომრჩეველი აღარაა მხოლოდ ერთ განწყობაზე, და ეს, ალბათ, კარგია, მაგრამ ეს, ცალკე აღებული, როგორც მოცემულობაა კარგი, თუმცა რა დგას ამის უკან და რა ახლავს თან ამ ყველაფერს, ეს ნაწილი უკვე სხვა მსჯელობის საგანია, - გვეუბნება საიას ხელმძღვანელი და იმის შესახებ აგრძელებს საუბარს,რომ ცუდია, როდესაც ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებმა მეორე ტურის წინ მოიმატა.
პოლარიზებული მედიის ამბავი
„მეორე ტურში ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებული განსხვავება, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ის გადადის საგანგებო რეჟიმზე და ეს საგანგებო რეჟიმზე გადასვლა რას ნიშნავდა, ყველამ კარგად ვნახეთ, ისევე როგორც „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში, როდესაც ერთი კანდიდატის მიმართ იყო უფრო აქცენტირებული და სიმპატიურად განწყობილი. მედიის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მედიას განსაკუთრებული როლი და გავლენა აქვს ქვეყანაში. „იმედი“ იქცა ერთგვარ საპირწონედ „რუსთავი 2“-სა, ოღონდ არა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის ნაწილში, არამედ პირიქით, სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერისთვის და იმის სათქმელად, უხეშად რომ ვთქვათ, რა ცუდია, გრიგოლ ვაშაძე. ამ კონტექსტში საპირისპიროს აკეთებდა „რუსთავი 2“. საუბარია ორ კერძო მაუწყებელზე,“- გვეუბნება სალაძე. ეს არჩევნები გამორჩეულად შევა ისტორიაში, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გაზრდილი და მომეტებული აგრესიული კამპანია.
„ჩვენ გვახსოვს ფაშისტებს რომ გვიწოდებდნენ, როგორც არაპროფესიონალებზე, არაკომპეტენტურებზე, ისე საუბრობდნენ ჩვენზე პოლიტიკოსები. ყველა ინსტიტუცია, სადაც იუსტიციის მინისტრი რამენაირი ფორმით იყო ჩართული, მით უმეტეს, თუ მას ხელმძღვანელობითი ფუნქცია ჰქონდა, ჩიხში შევიდა, რადგან ამ ადამიანთან ერთად, პრაქტიკულად შეუძლებელია, საგნობრივი მსჯელობა. ეს ადამიანი ასევე ხელმძღვანელობს უწყებათაშორის კომისიას,“- არ მალავს განაწყენებას ჩვენთან საუბრისას საიას ხელმძღვანელი.
თითქმის ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ფოკუსში მოექცა ეგრეთ წოდებული ვალების ჩამოწერის კამპანია, რაც მათ მიერ ფასდება, როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა. „ჩვენ ვნახეთ ჰიბრიდი კამპანია მმართველი პარტიისა და კერძო ორგანიზაციის მხრიდან, რაც შეიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას,“- ამბობს სალაძე.
საარჩევნო კამპანიის ნეგატიური და აგრესიული სტილი ასევე ხაზგასმულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რატომაა მიმდინარე კამპანია ასეთი მწვავე, საიას ხელმძღვანელი შემდეგნაირად პასუხობს: „პასუხი ამ კითხვაზე არაა რთული. პარტიების მიერ ეს არჩევნები აღქმულია ისე, რომ ეს არაა უბრალოდ არჩევნები, ესაა გენერალური რეპეტიცია 2020 წლის არჩევნებისთვის. თუ გაიმარჯებს ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანიდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ტრიბუნა, მიუხედავად პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებისა და ეს კიდევ უფრო გაზრდის მათი მხარდამჭერების რაოდენობას. სწორედ ამასთან დაპირისპირებას ცდილობს ხელისუფლება.“
Facebook Forum